აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია რესტავრაციის შემდეგ

აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა, სამეცნ.-კვლ. დაწესებულება, ყოფილ საბჭ. კავშირში პირველი სამთო ასტროფიზ. ობსერვატორია. დაარსდა 1932 დაბა აბასთუმანში (დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი 1993-მდე – ე. ხარაძე, 1993-იდან დირექტორია ჯ. ლომინაძე). 1937 გადაიტანეს აბასთუმნის მახლობლად ყანობილის მთაზე ზ. დ. (1650 მ). აქ ატმოსფეროს ახასიათებს მაღალი გამჭვირვალობა და სტაბილურობა. მზიანი დღეების საშ. წლ. რაოდენობა დაახლ. 250. ა. ა. ო-ის სამეცნ.-კვლ. მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: გალაქტიკის შესწავლა ფოტომეტრული, სპექტრული, ფოტოგრ. ასტრომეტრიისა და ვარსკვლავთა დინამიკის მეთოდებით; არასტაციონარული და ცვალებადი ვარსკვლავების გამოკვლევა ელექტროკოლორიმეტრული და სპექტროფოტომეტრული მეთოდებით; მზის სისტემ. ფოტოსფერული, ქრომოსფერული და კორონარული დაკვირვებანი და მის აქტიურ წარმონაქმნებში მიმდინარე ფიზ. პროცესთა შესწავლა; მთვარისა და დიდი პლანეტების ზედაპირის ფიზ. თვისებების შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით; დედამიწის ზედა ატმოსფეროს ფიზ.-ქიმ. თვისებების შესწავლა ბინდისა და ღამის ცის სინათლის ელექტროფოტომეტრიისა და სპექტროსკოპიის მეთოდებით და კოსმ. პლაზმის თეორ. კვლევა. ა. ა. ო-ის ძირითადი დანადგარებია: 1,25 მ დიამეტრის მქონე სარკიანი სრულიად ავტომატიზებული ტელესკოპი. 70-სმ-ანი მენისკური ტელესკოპი, 48-სმ-ანი რეფლექტორი ელექტროფოტომეტრითურთ, 40-სმ-ანი ორმაგი ასტროგრაფი, 36–44-სმ-ანი შმიდტის სისტემის ანაბერაციული ტელესკოპი, დაბნელებისგარეშე დიდი კორონოგრაფი, ქრომოსფერულ-ფოტოსფერული ტელესკოპი, სამზეო რადიოტელესკოპი მზის სანტიმეტრულ დიაპაზონში გამოსხივების რეგისტრაციისათვის, ბინდისა და ღამის ცის ნათების დასაკვირვებელი სპექტრული და ელექტროფოტომეტრული ხელსაწყოების კომპლექსი. ობსერვატორიაში დამუშავებული და დანერგილია ფოტოელექტრულ და კოლორიმეტრულ დაკვირვებათა მეთოდიკა; გამოქვეყნებულია ვარსკვლავთა სპექტრული და ფერის მაჩვენებელთა ვრცელი კატალოგები; დადგენილია ვარსკვლავთშორისეთში მატერიის განაწილებისა და მისი თვისებების მრავალი კანონზომიერება; გამოქვეყნებულია გალაქტიკის ბნელ ნისლეულთა და მთვარის პოლარიმეტრული ატლასები; დამუშავებულია ვარსკვლავთა სივრცული სიმკვრივეების გამოთვლის მეთოდი; აღმოჩენილია კიბორჩხალისებრი ნისლეულის პოლარიზაცია და მითითებულია რადიოგამოსხივებასთან მისი კავშირი; აღმოჩენილია 2 კომეტა, 10-მდე მცირე ცთომილი, 10-მდე ცვალებადი ვარსკვლავი, 4 ახ. ვარსკვლავი, 5 ზეახ. ვარსკვლავი, რამდენიმე ასეული ემისიური, პეკულარული და ანთებადი ვარსკვლავი, რამდენიმე პლანეტისებრი ნისლეული და ვარსკვლავთა გროვა. ა. ა. ო. 1937-იდან ეფექტურად მონაწილეობს საერთაშ. „მზის სამსახურში“. 1967 თბილისში შეიქმნა ა. ა. ო-ის ლაბორატორია. ა. ა. ო. 1937-იდან გამოსცემს „ბიულეტენს“, რ-შიც ქვეყნდება ობსერვატორიაში ჩატარებულ დაკვირვებათა და გამოკვლევათა შედეგები; თსუ ასტრონ. კათედრასთან ერთად უშვებს „ასტრონომიულ კალენდარს“ (1961-იდან). 1982 აღინიშნა ა. ა. ო-ის დაარსების 50 წლისთავი.

ლიტ.: Харадзе Е. К., Абастуманская астрофизическая обсерватория, [М.], 1958; მისივე, Абастуманская астрофизическая обсерватория на горе Канобили, კრ.: Академия наук Грузинской ССР, Тб., 1981.