აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში, ირანის შაჰის აბას I-ის ბრძოლა საქართველოს დასაპყრობად. ირან-ოსმ. 1590 ზავით სამხრ. კავკასიაში ოსმალები გაბატონდნენ. 1603 აბას I-მა დაარღვია ზავი და ომი გამოუცხადა ოსმალეთს. მისი მიზანი იყო სამხრ. კავკასიის აღმ. ნაწილიდან ოსმალების განდევნა, სომხეთის აზერბაიჯანისა და ქართლ-კახეთის დაპყრობა. განსაკუთრებით უნდოდა ხელთ ეგდო კახეთის სამეფო, რ-იც XVI ს. ბოლოდან რუს. ხელდებული იყო. აბას I-ის მიერ ერევნის აღების (1604) შემდეგ ოსმალებმა უბრძოლველად დატოვეს ლორის, დმანისისა და თბილ. ციხეები. 1606 ზაფხულში აბას I ქართლში შემოვიდა. ქართლი და კახეთი ირან. ვასალები გახდნენ. ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა. 1612 ირან-ოსმ. ზავით სამხრ. კავკასიის აღმ. ნაწილი ირან. სამფლობელოდ გამოცხადდა. აბას I-ს არ აკმაყოფილებდა ქართლისა და კახეთის ვასალობა, ამიტომ 1612 წელსვე შეუდგა ქართლ-კახეთზე ლაშქრობის სამზადისს. 1613 წ. 16 ოქტომბერს ირან. დიდი არმია შაჰის მეთაურობით ისპაანიდან საქართველოსაკენ დაიძრა, გაიარა არდებილი და ყარაბაღში დადგა. აბას I ხმებს ავრცელებდა, თითქოს ოსმალეთზე გალაშქრებას აპირებდა და კახეთის მეფეს თეიმურაზ I-ს ერთგულების ნიშნად მძევლები მოსთხოვა; იმავე დროს ოსმ. სულთანს აცნობა, რომ ქართლ-კახეთის დასჯა ჰქონდა განზრახული. თეიმურაზ I-მა აბასს მძევლად გაუგზავნა დედა – ქეთევან დედოფალი და მცირეწლოვანი ვაჟები ლევანი და ალექსანდრე. მაგრამ შაჰი ამას არ დასჯერდა და თვით თეიმურაზი იხმო. თეიმურაზი არ ეახლა და შაჰიც კახეთზე წამოვიდა. მან ლაშქარი ორად გაყო. ერთი ნაწილი თავრიზის მმართველ ფირ-ბუდაყ-ხანის სარდლობით სამხრ.-დას-იდან, ხოლო მეორე შირვანის ბეგლარბეგის იუსუფ-ხანის სარდლობით აღმ-იდან შეიჭრა კახეთში (1614, მარტი). კახეთის თავადობამ, რ-ის ნაწილი აბასს წინასწარ ჰყავდა მოსყიდული, ბრძოლა არ ინდომა. უჯაროდ დარჩენილმა თეიმურაზმა მცირე რაზმით ჟალეთთან ბრძოლაში ალყა გაარღვია და ქართლში გადავიდა. თავდაცვისათვის მზად არც ქართლის მეფე ლურასაბ II აღმოჩნდა და ისინი იძულებული გახდნენ იმერეთის მეფეს გიორგი III-ს შეხიზნოდნენ. აბას I-ის ლაშქარი 50 დღე აოხრებდა და ძარცვავდა კახეთს. მტერმა ხელთ იგდო თორღვას ციხეში გადამალული სამეფო განძი, მრავალი ტყვე და დიდძალი ქონება; მარტო ერწო-თიანეთიდან 30 ათ. ტყვე და 40 ათ. სული საქონელი წაასხა. ტყვედ წაიყვანეს აგრეთვე კახეთში მცხოვრები სომხები, ებრაელები და შირვანელი გლეხების დიდი ნაწილი. ალავერდის ეკლესია სიმაგრედ აქციეს და შიგ ირანელთა გარნიზონი ჩააყენეს. აბას I-მა კახეთის ხანად გამაჰმადიანებული ბაგრატიონი ისა-ხანი (თეიმურაზის ბიძაშვილი) დანიშნა და ვექილად (მეთვალყურე-მრჩეველი) თავადი დავით ჯანდიერი მიუჩინა. მაისის შუა რიცხვებში შაჰი ლაშქრით ქართლში გადავიდა, გორისა და სურამის ციხეები შეაკეთებინა და შიგ გარნიზონები ჩააყენა. მან იმერეთის მეფეს ლუარსაბ II-ისა და თეიმურაზ I-ის გაცემა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიღო. შემდეგ მაინც მოახერხა ლუარსაბ II-ის ხელში ჩაგდება (1614 წ. 17 ოქტ.). ქართლის საქმეების მოგვარებისთანავე აბას I ძირითადი ლაშქრით ირანში დაბრუნდა. მან თან წაიყვანა ტყვეები და „შაჰი-სევანის“ („შაჰის მეგობარი“) ლაშქარში „ნებით“ ჩაწერილი რამდენიმე ათასი კახელი და ქართლელი მეომარი თავიანთი ოჯახებითურთ. 1615 კახეთში აჯანყებამ იფეთქა (იხ. კახეთის აჯანყება 1615). ამის გამო 1616 გაზაფხულზე აბას I-მა კვლავ ილაშქრა საქართველოზე. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მთლიანად მოესპო კახეთის მოსახლეობა – მამაკაცები გაეწყვიტათ, ქალები და ბავშვები ტყვედ წაეყვანათ და აქ თურქმანული ტომები ჩამოესახლებინათ. შირვანის ბეგლარბეგი იუსუფ-ხანი აღმ-იდან შეიჭრა კახეთში, ქ. ძეგამსა და მის მიმდებარე მხარეებს შეუტია. შაჰი კი ჯერ ქართლში შევიდა, თბილისში დადგა, ქართლის მმართველად ბაგრატ-ხანი (ბაგრატ VII) – გამუსლიმანებული ბაგრატიონი დანიშნა, შემდეგ კახეთში გადავიდა და ჯარი სხვადასხვა მხარეს შეუსია. თეიმურაზს ოსმალების დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ არ გაუმართლდა. არც ქართლის ფეოდალები მიეშველნენ და იძულებული გახდა კვლავ იმერეთში გადახვეწილიყო. კახეთის მოსახლეობა უდიდეს გასაჭირში ჩავარდა – ნაწილი ალაზანს გაღმა გავიდა, იქ მიწაყრილები ააგო, წყლით სავსე თხრილები შემოავლო და თავდასაცავად მოემზადა. აბას I-მა დიდი მსხვერპლის ფასად გადალახა ადიდებული ალაზანი და 20 დღის განმავლობაში უტევდა კახელების სიმაგრეებს. ხალხი უბრძოლველად არ თმობდა არც ერთ ქალაქს, ციხეს, სოფელს, ქოხსაც კი, მაგრამ უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, აყვავებული მხარე ნანგრევებად იქცა. მამაკაცთა უმრავლესობა მტერს შეაკვდა, ქალები და ბავშვები კი ტყვედ წაიყვანეს. მოკლულთა რიცხვი დაახლ. 70 ათასს აღწევდა, ტყვედ წაყვანილთა კი 130 ათასს აჭარბებდა. შაჰმა კახეთში გარნიზონები დატოვა და თბილისზე გავლით ირანისაკენ გაემართა (1616 ზაფხული). კახელებს ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. 1616 ბოლოს აბას I-მა ახ. ლაშქრობა მოაწყო. პირველი ბრძოლა ხორნაბუჯის ციხესთან გაიმართა. თავგანწირული წინააღმდეგობის შემდეგ მეციხოვნეები იძულებული გახდნენ ციხე შაჰისათვის ჩაებარებინათ. მეომრებისა და მოსახლ. ნაწილი ირანში გადაასახლეს, ნაწილი კი ქართლის ხანის ბაგრატის თხოვნით ქართლში გადაიყვანეს. შაჰის ჯარებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქიზიყის მოსახლეობამ. მრავალი მტერს შეაკვდა, სპარსელებმა დაჭრილები დახოცეს, რამდენიმე ათასი კი, მეტწილად ქალები და ბავშვები, ტყვედ წაასხეს. აბასმა კახეთი ორად გაყო: ივრის დას. მხარე ქართლის გამგებელს – ბაგრატ-ხანს ჩააბარა, აღმოსავლეთი კი განჯის მმართველს ფეიქარ-ხანს გადასცა. დაცარიელებულ კახეთში თურქმანების ჩამოსახლება დაიწყო. ამის შემდეგ შაჰი თბილისზე გავლით ირანისკენ გაემართა. კახელების მძიმე მდგომარეობით ისარგებლეს დაღ. ფეოდალებმაც, კახეთიდან მრავალი ტყვე წაიყვანეს და დიდძალი ქონება გაზიდეს. ოთხწლიან (1614–17) უთანასწორო ბრძოლაში კახეთმა ენით აუწერელი ზარალი ნახა. ზოგი ქალაქი და სოფელი სამუდამოდ განადგურდა. მოსახლ. საერთო დანაკარგი 300 ათასს აღწევდა. აქედან 100 ათ. ბრძოლებში დაიღუპა, 200 ათ. კი ტყვედ წაიყვანეს და ფერეიდანში, მაზანდარანსა და ირან. სხვა პროვინციებში ჩაასახლეს. მნიშვნელოვანი ზარალი ნახა ქართლმაც. აბას I-მა ამ ლაშქრობებით ვერ დაიმორჩილა ქართვ. ხალხი. ბრძოლა შემდეგაც დიდხანს გრძელდებოდა (იხ. მარტყოფის ბრძოლა 1625, მარაბდის ბრძოლა 1625, სააკაძე გიორგი).


წყარო: არჩილი, თხზ. სრ. კრ. ორ ტომად, ტ. 2-არჩილიანი, თბ., 1937; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. სპარსული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლითურთ გამოსცა ვ. ფუთურიძემ, თბ., 1969.


ლიტ.: გვრიტიშვილი დ. ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან (XV–XVII სს). [წგ.] 2, თბ., 1975; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, 1973; ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, 1964.


გ. ჯამბურია.