აბას II

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბას II (1633–1666), ირანის შაჰი (1642–66) სეფიანთა დინასტიისა. სეფი I-ის ძე. ცდილობდა განეხორციელებინა აბას I-ის დამპყრობლური გეგმები კახეთის მიმართ. მისი ბრძანებით კახეთში დიდი რაოდენობით ჩაასახლეს მომთაბარე თურქმანები, რამაც გამოიწვია დიდი სახალხო აჯანყება (იხ. კახეთის აჯანყება 1660). ა. II-ის დროს ირანის პოლიტ. და კულტ. სარბიელზე მრავალი ქართვ. მოღვაწეობდა: სპასალარი როსტომ-ხან სააკაძე, მარვის მმართველი ასლან-ხანი, დერუნის ოლქის (ხორასანი) მმართველი ქაიხოსრო-ხანი–როსტომ–ხან სააკაძის დისშვილი, ადამ სულთანი ანდრონიკაშვილი, ისპაანის ტარუღა ხოსრო-მირზა (1618–32; 1632–58 ნომინალურად), ტარუღას ნაიბები (მოადგილეები); ფარსადან გორგიჯანიძე, პაატა-ბეგ გურჯი და სხვ.

წყარო და ლიტ.: მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი, თარგმ. და შენიშვნები ვ. ფუთურიძისა, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 30; ფუთურიძე ვ., ქართველი მოღვაწენი ერანის კულტურულ ასპარეზზე, «ანალები», 1947, [ტ.] 1.

დ. კაციტაძე.

აბასთუმანი, დაბა (1926-იდან) ადიგენის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), მესხეთის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ოცხის ხეობაში, ბაღდათ – ბენარის საავტ. გზაზე. ზ. დ. 1200–1450 მ, თბილისიდან 240 კმ, ახალციხიდან 28 კმ. ადიგენიდან 25 კმ. 1200 მცხ. (2014).


ა. კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. ჰავა ზომიერად ნოტიოა. იცის ცივი თოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –5,4°C) და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 17,3°C). ნალექები – 620 მმ წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე ზაფხულში 48%-ს არ აღემატება. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 1967 სთ. ა. და მისი მიმდებარე მთის მასივები დაფარულია წიწვოვანი ტყით, უპირატესად ფიჭვნარით. ჰაერი სუფთა და გამჭვირვალეა.


ძირითადი ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია ჰავა და ადგილობრივი მინერ. წყალი. ჰავას წარმატებით იყენებენ ფილტვების სხვადასხვა პათოლოგიების რეაბილიტაციის მიზნით. კურორტის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცნობილი თერმული მინერ. წყლები ქიმ. შედგენილობით განეკუთვნება სულფატურ-ქლორიდული კალციუმ-ნატრიუმიანი წყლების ჯგუფს. მინერალიზაცია – 0,6 გ/ლ. სამი წყაროს („გოლიათის წყარო“, „გველის წყარო“, „ სურავანდის წყარო“) დღ-ღ დებიტი 1 მლნ. ლ აღწევს. მინერ. წყალს იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების, პერიფერიული ნერვული სისტემის, ასევე კანის დაავადების, საშარდე და სასქესო ორგანოების სამკურნალოდ. კურორტში ფუნქციონირებს შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“, რ-იც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. ა-ში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა ახალი სარეაბილიტაციო დაწესებულება. ამჟამად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და განვითარება, ძვ. ისტ. შენობების რეაბილიტაცია და ახალი სასტუმრო კომპლ. მშენებლობა. ა-ის მახლობლად, მთა ყანობილზე, მდებარეობს ��ბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია.


გამოთქმულია მოსაზრება, რომ IX–X სს. ქართ. ისტ. წყაროებში მოხსენიებული ციხე-ქალაქი „ოძრახე“, „ოძრხე“ დღევანდელი ა-ის მიდამოებში მდებარეობდა. გვიანდ. შუა საუკუნეებში დამკვიდრდა სახელწ. „ოცხე“ („ოძრხეს“ სახენაცვალი ფორმა). სახელწ. „ა.“ ახ. სახელია (XIX ს-იდან), რ-იც მიიღო მეზობლად მდებარე სოფლისაგან. თვით ოძრხე ამ დროს დაცარიელებული იყო.


ქ. ოძრხისაგან ძვ. ციხეთა ნანგრევების გარდა დღემდე არაფერს მოუღწევია. ერთი ციხე სოფ. ვარხანთანაა, მეორე – „თამარის ციხე“ – ა-ში, მდ. ოცხის მარჯვ. ნაპირზე, ტყიან მთაზე. ქვემო ა-ში, მდინარის მარცხ. ნაპირზე, უგუმბათო ეკლესიაა, რ-საც, მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, ძვ. ნაწილიც შერჩენილი აქვს: დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი და ჩუქურთმიანი არშიებით შემკული სარკმლები დას. ფასადზე (სავარაუდოა, XIV ს.). შუა ა-ში დგას ახ. ეკლესია, რ-იც რუს. სამეფო ოჯახის წევრის გიორგის სურვილითაა აგებული (1899–1904, არქიტ. ო. სიმონსონი). იგი ავადმყოფი იყო და ა-ში ცხოვრობდა. მანვე შეაკეთებინა ზარზმის მონასტრის ძვ. ტაძარი. ა-ის ახ. ეკლესია თითქოს ძვ. ზარზმის მიხედვითაა აშენებული (მას „ახალ ზარზმას“ უწოდებენ) და მასზე პატარაა. ეკლესიაში საინტერესოა კედლის მხატვრობა (მოხატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა მ. ნესტეროვმა 1902–04). მდ. ოცხეზე შემორჩენილია XII–XIII სს. ხიდი.


რ. ჟღენტი. თ. ჯიჯეიშვილი. ც. ვაშაკიძე.