აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
გრიგოლ დავითს ძე აბაშიძე.

აბაშიძე გრიგოლ დავითის ძე (1866, სოფ. დილიკაური, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 1903, პეტერბურგი, დაკრძალულია ვოლკოვოს სასაფლაოზე), პოეტი სამწერლო ასპარეზზე XIX ს. 80-იან წლებში გამოვიდა. სწავლობდა ქუთ. კლასიკურ გიმნაზიაში. 15 წლისა უკვე წერდა ლექსებს. მონაწილეობდა გიმნაზიაში მოსწავლეების მიერ დაარსებული ხელნაწერი ჟურნალ-გაზეთების („სხივი“, „თარი“, „სტვირი“) გამოცემაში. გიმნაზიის დაუსრულებლად ჩააბარა გამოცდები კერძო ვექილის წოდებაზე და ვექილობას მიჰყო ხელი, მაგრამ მალე დაანება თავი. 90-იან წლებში ი. ჭავჭავაძის რეკომენდაციით მიიწვიეს „ივერიაში“. აქვეყნებდა ორიგინ. და თარგმნილ ლექსებს „მენავის“, „ვინმეს“, ზოგჯერ „თირელის“ ფსევდონიმით; „შროშანის“ ფსევდონიმით ბეჭდავდა კორესპონდენციებსა და პუბლიც. წერილებს პოლიტ. და მიმდინარე საკითხებზე. თანამშრომლობდა აგრეთვე „ცნობის ფურცელში“, „მოამბესა“ და „კვალში“. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საზ. საქმიანობაში. არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არა მარტო ქუთაისში, სადაც სიცოცხლის ნახევარი გაატარა, არამედ თბილისშიც ა. რომ არ გამოხმაურებოდა. მონაწილეობდა თეატრ. წარმოდგენებში, ლიტ. საღამოებში. შესანიშნავ მკითხველ-დეკლამატორად ითვლებოდა. მისი პოეზია ქართვ. „სამოციანელთა“ ლიტ. ტრადიციებს მიჰყვება. ა-ის ბევრი ლექსი ლირიზმითა და განწყობილების სიმძაფრით გამოირჩევა („სიმღერა სასოწარკვეთილისა“, 1900 და სხვ.). წერდა პოემებს („დედა“, 1900; „ცრემლთა წყარო“, 1901). სამშობლოს უსაზღვრო სიყვარული, ხალხის ერთგულება, მამულიშვილობის ღირსების შეგნება წარმართავდა მთელ მის შემოქმედებას. ა-ის პოეზიაში დიდი ადგილი უჭირავს სიყვარულის თემას, ბუნებას. მის ლექსებზე შექმნილი პოპულარული სიმღერები შედიოდა დები იშხნელებისა და ვ. სარაჯიშვილის რეპერტუარში („ოხ, მარგალიტავ“, 1896; „ოდესაც გიცქერ...“, 1899), ზოგიერთს დღესაც მღერიან. თარგმნა მ. ლერმონტოვის „მწირი“ (1893), ფ. კოპეს „ბუდას მერცხალი“ (1900), ე. არნოლდის „მნათობი აზიისა“ (1900).

თხზ.: თხზულებანი, ქუთ., 1901; ერთტომეული, თბ., 1936; ლექსები. შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო ნ. ჯიქიამ, თბ., 1986.

ლიტ.: ვართაგავა ი., კრიტიკული წერილები, [ტ.] 1, თბ., 1958; ზანდუკელი მ., ლიტერატურული ნარკვევები, [ტ.] 1, თბ., 1957. ნ. ჯიქია.