აბაშიძე ვახტანგ გრიგოლის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ვახტანგ გრიგოლის ძე (9. IX. 1928, სოფ. ისლარი, ახლანდ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 2019, თბილისი), გეოფიზიკოსი. ფიზ.-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1988), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1994), საქართვ. ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი (2017). ხარაგაულის საპატიო მოქალაქე (2015).

1951 დაამთავრა ა. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი, 1952 – თსუ (ექსტერნად) გეოფიზიკოსის სპეციალობით. 1952–58 მუშაობდა თსუ-ში გეოფიზიკის კათედრაზე; 1958–2006 – მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. დედამიწის ქერქის დინამიკის განყ-ბის გამგედ. 2006–19 – მთ. მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე იყო ევროპის საბჭოსთან არსებული „მაღალი კაშხლების გეოდინამიკური რისკის“ ცენტრის დირექტორის მოადგილე.

ა-ის შრომები ეხება კავკასიის ტერიტორიის გრავიტაციული ველის, დროის მიხედვით მისი ცვალებადობის და ენგურჰესის რ-ნში გეოდინამიკური პროცესების გეოფიზ. მეთოდების კვლევებს.

გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. 2 მონოგრაფია და 2 სახელმძღვანელო.

2002 ა-ს მიენიჭა აკად. მ. ალექსიძის სახ. პრემია მონოგრაფიისათვის „გეოდინამიკური პროცესების გეოფიზიკური მონიტორინგი ენგურის მაღლივი კაშხალის რაიონში“ (ინგლ. ენაზე, თბ., 2001).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).

თხზ.: გეოდეზიური გრავიმეტრიის მოკლე კურსი, თბ., 2004; К изучению гравитационного поля территории большого Кавказа, Тр. Инст. геофиз. АН ГССР, т. XIX, 1960 (თანაავტ. ბ. ბალავაძე და სხვ.); Исследование температурных эффектов в кварцевых гравиметрах. прик. геофиз. вып. 47, М., 1966; Наклоны и деформации земной коры в районе Ингурской ГЭС. Тб., 1985 (თანაავტ. ნ. ბალავაძე); Geophysical Monitoring of geodynamical Processes in Regions of High Dams, Tb., 2001: Новые данные в поведении блоков правобережного разлома в районе Ингурской ГЭС при регулировании воды в водохранилище и выпадении атмосферных осадков, Тр. Инст. геофиз. Т. XV, Tb., 2015 (თანაავტ., თ. ჭელიძე და სხვ.).