აბაშიძე ლევან გიორგის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ლევან გიორგის ძე (22. V. 1963 თბილისი, - 7. IX. 1992 სოხუმი), კინომსახიობი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (მ. თუმანიშვილის სახელოსნო, 1985). თეატრ. ინ-ტში სწავლისას “კინომსახიობთა თეატრის სცენაზე მთავარი როლი შეასრულა მ. თუმანიშვილის სპექტაკლში “ჩვენი პატარა ქალაქი”, მონაწილეობა მიიღო ფილმში “ყველა კომეტა როდი ქრება” (თეიმურაზი, რეჟ. დ. აბაშიძე, 1983). მთავარი როლები შეასრულა ფილმებში: “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (ნიკუშა ჩაჩანიძე, რეჟ. გ. შენგელაია, 1984), “საფეხური” (მიტო, რეჟ. ა. რეხვიაშვილი, 1986), “ორომტრიალი” (ბადრი, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 1986), “ანემია” (ნიკა, რეჟ. ვ. კოტეტიშვილი, 1987; პრიზი მამაკაცის საუკეთესო როლისთვის, კიევის კინოფესტივალი “მოლოდისტი”, 1988), “სტუმარი” (ახალგაზრდა კაცი, რეჟ. ა. კაიდანოვსკი, 1987, რუსეთი). ა-მ შექმნა თანატოლთა სახეები, რ-ებიც მისი თაობის XX ს. 80-იანი წლების - ახალგაზრდების სულიერი მდგომარეობისა და ზნეობრივი პრობლემების გამომხატველი გახდა. მონაწილეობს ფილმებში: “3 - 1” (რეჟ. მ. ანთაძე, 1983), “სკაპენის ოინები” (რეჟ-ბი გ-მ კალატოზიშვილები, 1984), “დღიურის ჩანაწერები” (რეჟ. ლ. ერისთავი, 1986), “ფესვები” (გიორგის შვილიშვილი, რეჟ. ყ. მგელაძე, 1987), “ქალაქის ცხოვრება” (რეჟ. ვ. კოტეტიშვილი, 1989), “ოქროს ნაპირის საიდუმლოება” (რეჟ. ვ. მიხაილოვსკი, 1990, რუსეთი), “ზვარაკი” (რეჟ. გ. ჩირაძე, 1990), “საბედისწერო გასროლა” (რეჟ. ო. კობერიძე, 1990). 90-იანი წლების დასაწყისში ერთდროულად მონაწილეობდა რამდენიმე ფილმის გადაღებაში: “ბედიანი” (რეჟ. გ. ლევაშოვ-თუმანიშვილი, 1993), “ბრავო, ჯორდანო ბრუნო!” (რეჟ. ი. ჩაჩანიძე, 1993), “არა, მეგობარო!” (რეჟ. გ. მგელაძე, 1993), რ-თა ეკრანზე გამოსვლას ვერ მოესწრო. ამავე წლის სექტემბერში ტრაგიკულად დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის დროს ზემო ეშერასთან. 1993 დაჯილდოებულია საქართვ. სახელმწ. პრემიით (გარდაცვალების შემდეგ). დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწერთა პანთეონში.

მ. კერესელიძე.