აბაშიძე ქაიხოსრო ლევანის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბაშიძე ქაიხოსრო ლევანის ძე (გ. 1805), სოლომონ I-ის ბიძა. იმერეთის სამეფოს გავლენიანი თავადი, სოლომონ I-ის მოწინააღმდეგე ხრესილის ბრძოლაში.

სოლომონ I-მა შეიწყნარა და ერთხანს იმერეთში ცხოვრობდა. 1768 ოსმალეთში გაიქცა. 1784, როცა იმერეთში ტახტის პრეტენდენტთა შორის ბრძოლა ატყდა, თურქ. მთავრობა შეეცადა იმერეთში ა-ის გამეფებას. ოქტ-ში ოსმალთა მრავალრიცხოვანი ჯარით იმერეთისკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს იმერეთის ტახტზე დავით გიორგის ძე იჯდა და ა-ის გეგმა ჩაიშალა. 1790 იგი ახალციხეში იყო, იმერეთის ყოფილ მეფეს დავით გიორგის ძეს დაუახლოვდა და მისი გამეფებისათვის იბრძოდა. XIX ს. დამდეგს ა. ციციანოვის მხედრობაში ჩანდა.

დაიღუპა ერევანთან ბრძოლაში.

ლიტ.: ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს პოლიტიკური ისტორიისათვის 1784–1789 წწ., «ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე», 1960, ტ. 2; მისივე, იმერეთის სამეფოს საშინაო პოლიტიკა 1789–1802 წლებში, იქვე 1962, ტ. 4; სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), [ტ.] 1, თბ., 1973.

ო. სოსელია.