აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბაშიძე ჰაიდარ.

აბაშიძე ჰაიდარ ალის ძე (15. VIII. 1893, ბათუმი, – 3. I. 1966, თბილისი), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, პედაგოგი, სანჯაყ-ბეგ აბაშიძეთა შთამომავალი. სწავლა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის ბათუმის სკოლაში. 1905–08 სწავლობდა თურქეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912 დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913-იდან მასწავლებლობდა, აქვეყნებდა წერილებს ქართ. პრესაში სამხრ. საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ, თურქთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვიძებდა ეროვნ. თვითშეგნებას. ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. I მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებსა და ამოცანებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართ. სკოლები. ა-ის მოღვაწეობა არ მოსწონდათ მეფის რუს. მოხელეებს, ამიტომ 1916 აჭარიდან გაასახლეს. 1918–20 „სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ აქტიური წევრი იყო. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.

დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

                                                                                                                                   აბ. სურგულაძე.

თხზულებები:

1. წერილები, თბ., 1963.