აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი (1413, ჰერათი, ახლანდ. ავღანეთი, – 7. XI. 1482, იქვე), შუააზიელი ისტორიკოსი. წერდა სპარსულ ენაზე. ავტორია ორტომიანი საისტ. ნაშრომისა – „ორი ბედნიერი მნათობის აღმობრწყინებისა და ორი ზღვის შერწყმის ადგილი“ („მათლა ას-სა დაინ ვა მაჯმა ალ-ბაჰრაინ“, 1467/68–1470/71). თხზულებაში აღწერილია მონღოლების, თემურლენგისა და თემურიდების ისტორია (1304–1470/71).

თხზულება ძვირფას ცნობებს შეიცავს XIV–XV სს. საქართველოს ისტორიის შესახებ (თემურლენგის ლაშქრობანი საქართველოში, კონსტანტინე მეფის ბრძოლა „შავბატკნიან“ თურქმანებთან, ბაგრატ მეფის დატყვევებისა და მისი გამუსლიმების, საქართველოს ეკონ. ცხოვრების შესახებ – მევენახეობა, ბინადარი მესაქონლეობა და სხვ.).

ხელნაწერები დაცულია სანქტ-პეტერბურგში, ტაშკენტსა და სხვა ქ-ებში.

გამოცემულია ლაჰორში (პაკისტანი) 1941–49.

ლიტ.: კაციტაძე დ., აბდ არ-რეზაყ სამარყანდის „მათლა ას-სა, დაინ ვა მაჯმა ალ-ბაჰრეინის“ ცნობები საქართველოს შესახებ, «მაცნე», 1968, Nº2; მისივე, საქართველო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე, თბ., 1976.


დ.კაციტაძე.