აბედათი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბედათი.ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერი.

აბედათი, სოფელი მარტვილის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) ოდიშის დაბლობზე, მდ. აბაშის მარჯვ. მხარეს, მარტვილი–სენაკის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ლემიქავე, ლექაჯაიე, ჯოლევი). ზ. დ. 130 , მარტვილიდან 9 კმ. 541 მცხ.

სოფლის თავზე, მაღალ ქედზე არის ხუროთმოძღვრების ძეგლები – ციხე და ეკლესია. ციხის უძველესი ფენა ადრინდ. ფეოდ. ხანას მიეკუთვნება. ძეგლის არქეოლ. შესწავლა დაიწყო 1986 ნოქალაქევის არქეოლ. ექსპედიციამ (ხელმძღვ. პ. ზაქარაია). გათხრების შედეგად აქ აღმოჩნდა სხვადასხვა პერიოდის კულტ. ფენები, რ-თა შორის უძველესია ანტ. ხანის ამფორების ნატეხები (ძვ. წ. IV ს.). აღმოჩენილი მასალა და ციხე, როგორც ჩანს, დაკავშირებულია აქ არსებულ ძვ. საქარავნო გზასთან, რ-ის კვალი დღესაც შეიმჩნევა. აქ უღელტეხილით გადადიოდა გზა მდ. აბაშის ხეობიდან მდ. ტეხურის ხეობაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეს არის VI ს. ბიზანტიელი ისტორიკოსის აგათია სქოლასტიკოსის მიერ მოხსენიებული უძველესი ქალაქი ონოგურისი. ციხის სამხრ. ნაწილში შემორჩენილია სამსართულიანი კოშკის ნანგრევი, რ-ის I სართული დილეგს წარმოადგენდა, ხოლო ზედა 2 სართული – საცხოვრებელს.

XV–XVI სს-ში ძვ. ნაგებობების ადგილზე დადიანებმა ააშენეს ახ. ციხე-დარბაზი, რ-საც გარს უვლის 6 სიმაღლისა და 1,5 სიგანის გალავანი. მის ჩრდ.-დას. მხარეს აღმართული სამსართულიანი კოშკი უკეთ არის შემონახული. გალავნის შიგნით, აღმ. ნაწილში, ღვთისმშობლის სახ. კარის ეკლესია დგას. ციხის შიგა ტერიტორიაზე (ფართ. 600 ²) მრავლადაა შემორჩენილი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. ციხის დას-ით აბანოს ნანგრევებია. გალავნის გარეთ, ჩავაკებაზე, გაითხარა ფართობუხრიანი სათავსის ნაშთი, გალავნის აღმ. ნაწილში კი – კარიბჭის ნანგრევები, აქვე, ციხესთან, ქვაწყობით ამოშენებული წყაროა.

                                                                                                                                                     პ. ზაქარაია. ვ. ლექვინაძე.

ლიტერატურა:

1. ელიავა გ., აბაშისა და ტეხურის ხეობების ისტორიული ღირსშესანიშნაობანი, თბ., 1971.