აბრამიანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1).აბრამიანი, საახალწლო რიტუალი.

ხონჩაზე გაწყობილი საახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვ. ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ა-ით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა“. ოჯახის თითოეულ წევრს ღვინოსა და თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმას – ბოღლიწოს – ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. ა-თან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბედებლად სრულდებოდა.

2).„აბრამიანი“, ქართული ხალხ. ლექსი, მიძღვნილი ბიბლიური აბრამისადმი.

მასში გადმოცემულია ბიბლ. სიუჟეტის ეპიზოდები – აბრამის უშვილობა, შვილის შეძენა და შემდეგ მისი სამსხვერპლოდ გამზადება. „ა-ის“ უძველესი ვარიანტი 1831 არის ჩაწერილი. პირველად 1874 გამოქვეყნდა.

ლიტ.: მერკვილაძე ს., ხალხური აბრამისა და იობის ლექსი, ტფ., 1903.


ნ. შამანაძე.