აბრეშუმა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბრეშუმა.

1). აბრეშუმა (Cuscuta), უფოთლო და უქლოროფილო პარაზიტ მცენარეთა გვარი აბრეშუმასებრთა ოჯახისა.

ფესვი და ნამდვილი ფოთოლი ა-ს არ გააჩნია. აქვს ძაფისებრი ან ლარისებრი ღერო. პატრონ მცენარეს ეხვევა, ეკვრის ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და მის ხარჯზე იკვებება. გვარში 170-მდე სახეობაა. სახეობათა უმრავლესობა ერთწლოვანია (ცნობილია ტროპ. მრავალწლოვანი სახეობებიც). საქართველოში იზრდება ა-ს 8 სახეობა, მ. შ. ევროპული ა. (C. europaea), რ-იც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა, გვხვდება მთის შუა სარტყლამდე. პარაზიტობს როგორც ველურ, ისე კულტ. მცენარეებზე. მედიცინაში იყენებენ შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად. მისგან ამზადებენ პრეპარატ „კუსკუტინს“, რ-საც (კასიასთან და საბრთან ერთად) გამონაწვლილის სახით ხმარობენ საფაღარათო საშუალებად. ა. მავნე და საკარანტინო მცენარეა. მისი ზოგი სახეობა შხამიანია და საკვებში მოხვედრისას ცხოველი შეიძლება მოიწამლოს. ბრძოლის ღონისძიებანი:სათესლე მასალის გაწმენდა, დასარევლიანებული ნაკვეთების გათიბვა ა-ს თესლის შემოსვლამდე და ნათიბის დაწვა, გადაბარვა, გადახვნა, ჰერბიციდებით შეწამვლა.

                                                                                             ზ. შენგელია.






აბრეშუმა აკაცია.

2). აბრეშუმა აკაცია, ლენქორანული ალბიცია (Albizzia julibrissin), ფოთოლმცვივანი ხე მიმოზისებრთა ოჯახისა.

მისი სიმაღლე 15 – 18 მ აღწევს. აქვს ქოლგისებრი, აჟურული ვარჯი, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები, რ-ებშიც გრძლად გამოჩრილია მტვრიანების მოწითალო-ვარდისფერი ძაფები. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება ოქტ.-ნოემბერში. მისი ფოთოლაკები ღამე და სიცხეში იკეცება. სინათლისა და სითბოს მოყვარული ხეა. საკმაოდ სწრაფად იზრდება. ბუნებრივად გავრცელებულია აზერბაიჯანსა (თალიში) და ირანში, ჩინეთსა და იაპონიაში. ლამაზი დეკორ. ხეა.

საქართველოში მოშენებულია ბაღ-პარკებში.