აბრსკილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბრსკილი, აფხაზური ფოლკლორის გმირი, „ამირანიანის“ აფხაზური ვერსიის მთავარი პერსონაჟი, ამირანის ორეული.

ა. უმანკოდ ჩაისახა, ებრძოდა სამშობლოს მტრებს, ავი თვალის ადამიანებს, ბოროტ ძალებს; ღმერთს ქედს არ უხრიდა, თავი ღვთის სწორად მიაჩნდა. ღმერთმა დასაჯა იგი და ჭილოუს გამოქვაბულში (ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპ.) რკინის პალოზე დააბა. თქმულების მიხედვით, ა-ის მიერ მორყეულ პალოზე ბოლოქანქარა ჩიტი ჯდება, გმირი უროს მოუქნევს, ჩიტი გაფრენას ასწრებს, პალო კი კვლავ ღრმად ესობა მიწაში – ა. მარად მიჯაჭვული რჩება. ნ. მარი ა-ს „მზის შვილად“ მიიჩნევს (აფხ. ამირ-აბირ-მზე; მეგრ.-ჭან. სკილ-სკირ-შვილი), მ. ჩიქოვანი – „ამბარის შვილად“ (ამბარი „ამირანიანის“ ერთ-ერთი პერსონაჟია), შ. სალაყაია – „ქვის შვილად“ (აფხ. აბრა-ქვა).

ლიტ.: ჩიქოვანი მ., ქართული ეპოსი, წგ. 1 – 2, თბ., 1959 – 1965; Салакая Ш. Х., Абхазский народный героический эпос, Тб., 1966.


ჯ.ბარდაველიძე.