აბულაძე თენგიზ ევგენის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
აბულაძე თენგიზ.


აბულაძე თენგიზ. მონანიება.

აბულაძე თენგიზ ევგენის ძე (31. I. 1924, ქუთაისი, – 6. III. 1994, თბილისი), კინორეჟისორი, სცენარისტი, საქართვ. (1967) და სსრკ (1980) სახ. არტისტი, დაღესტნის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1972).

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი (გ. ტოვსტონოგოვისა და დ. ალექსიძის სახელოსნო, 1946) და კინემატოგრაფიის საკავშ. სახელმწ. ინ-ტის სადადგმო ფაკ-ტის სარეჟისორო განყ-ბა (ს. იუტკევიჩის სახელოსნო; 1953). -ის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“ (1952). კინორეჟისორ რ. ჩხეიძესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ (ე. გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955; მთავარი პრიზი „ოქროს შტო“ კანის IX საერთაშ. კინოფესტივალზე და I პრემია ედინბურგის X საერთაშ. კინოფესტივალზე, ორივე 1956). -ის პირველი დამოუკიდებელი ფილმია „სხვისი შვილები“ (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრ. ქვეყნების საერთაშ. კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშ. კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშ. კინოფესტივალზე და II პრემია „ვერცხლის ნეადა“ პორეტა-ტერმის საერთაშ. კინოფესტივალზე, 1965); ფილმში დიდი ოსტატობითაა გამოკვეთილი პერსონაჟთა ცხოვრებისეული ხასიათები. ფილმი „მე, ბებია ილიკო და ილარიონი“ (ნ. დუმბაძის მიხედვით, 1962; I ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშ. კინოფესტივალზე, 1964) ჟანრით ტრაგიკომედიაა, სადაც ხალასი და ჯანმრთელი იუმორი შეზავებულია დრამატულ მოვლენებთან. ნაჩვენებია ადამიანის ადგილი, როლი, მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ფილმში მკვეთრად გამოჩნდა რეჟისორის მხატვრულ-პლასტ. აზროვნება, მოვლენათა ღრმა და, ამასთან, ლაკონური გადმოცემის უნარი, სახეთა დამაჯერებლობა.

1967 -მ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი „ვედრება“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით; მთავარი პრემია „გრან-პრი“ სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშ. კინოფესტივალზე, 1974), სადაც გადმოცემული სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლა ღრმა ფილოს. ჭრილში, დასმულია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემები. ფილმისთვის დამახასიათებელია მაღალი გამომსახველობითი კულტურა. რეჟისორმა მკვეთრი პლასტ. ხერხებით გამოკვეთა და აჩვენა მოვლენებისადმი მისეული მიდგომა, ადამიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება, დახვეწილი რეჟისორული გააზრება და მხატვრული ხედვა.

1976 შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი „ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის მოთხრობების მიხედვით; მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშ. კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეც. პრიზი „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშ. კინოფესტივალზე, 1977; ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზ-ბის პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშ. კინოფესტივალზე, 1978; პრემია „დონატელოს დავითი“ იტალიაში საერთაშ. კინოკონკურსზე, 1979; რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშ. ფედერ. პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტ. ფილმების I საერთაშ. კინოფესტივალზე, 1983).

ტრილოგიის ბოლო ფილმია „მონანიება“ [მთავარი პრიზი XX საკავშირო კინოფესტივალზე (თბილისი, საქართველო), 1987; ჟიურის დიდი პრიზი, „ფიპრესის“ პრიზი, ეკუმენიკური ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისთვის, კანის (საფრანგეთი) საერთაშ. კინოფესტივალი 1987; აკაპულკოს (მექსიკა) XII სკფ პრიზი, 1987; სიდნეის (ავსტრალია) საერთაშ. kინოფესივალის. პრიზი (1987); იტალიის კინემატოგრაფისტთა ეროვნ. ასოციაციის პრემია წლის საუკეთესო უცხოური ფილმისთვის, 1987; ჟიურის სპეციალური პრიზი ,,ოქროს ჰიუგო", ჩიკაგოს (აშშ) საერთაშ. კინოფესტივალი, 1988; ,,ანდრეას პრიზი", ოსლოს (ნორვეგია) საერთაშ. კინოფესტივალი 1988; იესტ ბორდსუნის პრიზი, ჰაუგესუნდის (ნორვეგია) XV საერთაშ. კინოფესტივალი, 1988; მთავარი პრიზი, რიმინის (იტალია) IV საერთაშ. კინოფესტივალი, 1989; კრიტიკოსთა პრიზი ,,კვირის ვარსკვლავი", მიუნხენის (გერმანია) საერთაშ. კინოფესტივალი 1989; სსრკ კინოაკადემიის პრემია ,,ნიკა" 3 ნომინაციაში: საუკეთესო მხატვრული ფილმი, სცენარი და რეჟისურა, 1988]. გადაიღო დოკუმენტური ფილმები: ,,მთათუშეთის ჩანახატები", ,,სვანური ჩანახატები", (ორივე 1965), ,,მუზეუმი ღია ცის ქვეშ" (1971), მხატვრული ფილმი "სამკაული სატრფოსათვის"(1971) და სხვ.

-ის ფილმები გამოირჩევა მაღალი კინემატოგრაფიული კულტურით, მისი სტილისთვის დამახასიათებელია გამომხატველი, პოეტური და ამავე დროს, დოკუმენტურთან მიახლოებული პლასტიკური გადაწყვეტა, ფილოსოფიური მეტაფორებითა და იგავური სიუჟეტებით აზროვნება. აბულაძემ დიდი წვლილი შეიტანა ქართულ კინოკულტურაში, გააფართოვა მისი ესთეტიკური ჰორიზონტები და ევროპის გამოჩენილ კინოხელოვანთა რიცხვში გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა. ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, 1974-იდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა რეჟისორთა სახელოსნოს რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის კინოფაკ-ტზე. ამავე წლიდან კინოსტუდია "ქართული ფილმის" პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1976-იდან – საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. იყო ევროპის კინოაკადემიის წევრი (1989–1994), ავსტრიის ხელოვნების აკადემიის საპატიო პროფესორი. მასზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი ,,თენგიზ აბულაძე – ნატვრის ხე" (ნ. ჯანელიძე, 2002).

მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


                                                                                                                                  ა. გვენცაძე, მ. კერესელიძე.
      

ლიტერატურა:

1. ამირეჯიბი ნ., დროთა ეკრანი, თბ., 1988;
2. თვალჭრელიძე ტ., კინემატოგრაფიული ძიებანი, თბ., 1989;
3. ,,საბჭოთა ხელოვნება", 1974, № 3; 1980, №7; 1984, №4; 1988, №4; 1990, №3;
4. თენგიზ აბულაძე – ანარეკლები, თბ. 2009;
5. Дуларидзе Л. Г., Тенгиз Абуладзе. Портрет кинорежиссера. М., 1983;
6. Зоркая Н. М., Наброски к биографии (Тенгиз Абуладзе) сб.;
7. „Экран 88“, М., 1988;
8. Кваснецкая М., Тенгиз Абуладзе. Путь к «Покаянию», М., 2009;
9. Тиканадзе Р. В., Грузинское кино... Проблемы, искания, Тб., 1979.