აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

აბუ ლ-კასიმის ლაშქრობა საქართველოში 914, არაბთა ლაშქრობა საქართველოში სამხრ. აზერბ. ამირა აბუ ლ-კასიმის სარდლობით.

აბუ ლ-კასიმი თავდაპირველად თბილისს მივიდა, იქიდან კი კახეთზე გაილაშქრა და აიღო უჯარმისა და ბოჭორმის ციხეები. შემდეგ დაუზავდა კახეთის ქორეპისკოპოს კვირიკეს და უჯარმა დაუბრუნა. კახეთიდან აბუ ლ-კასიმი ქართლში გადავიდა და მოაოხრა. ქართველებმა თვითონვე „მოარღუივნეს ზღუდენი უფლისციხისანი“, რათა მტერი აქ ვერ გამაგრებულიყო. არაბებმა დაარბიეს სამცხე-ჯავახეთიც, მაგრამ კარგად გამაგრებული თმოგვის ციხე ვერ აიღეს. შემდეგ ყველის ციხეს შემოარტყეს ალყა. მეციხოვნეებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს უკეთ შეიარაღებულ და მრავალრიცხოვან მტერს, მაგრამ დამარცხდნენ. აბუ ლ-კასიმმა შეიპყრო ციხისთავი გობრონი და სიკვდილით დასაჯა. სამხ. წარმატების მიუხედავად აბუ ლ-კასიმმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. ხალხის შეუპოვარმა ბრძოლამ აიძულა საქართველოს გასცლოდა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სტეფანე მტბევარი, მარტვლობაÁ გობრონისი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.

ლიტ.: ლორთქიფანიძე მ., სომეხი და ქართველი ხალხების ბრძოლა არაბთა ბატონობის წინააღმდეგ, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1958, ტ. 4, ნაკვ. 1; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

მ.ლორთქიფანიძე.