ბოტანიკური ბაღი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ბოტანიკური ბაღი, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო-დამხმარე და კულტ.-საგანმან. დაწესებულება, სადაც მცენარეებს მოაშენებენ და შეისწავლიან, ეწევიან ბოტან. ცოდნის პროპაგანდას. მისი მთავარი ამოცანაა ახ. სასარგებლო მცენარეების ძიება და მათი ინტროდუქცია, ბ. ბ-ში ცოცხალ მცენარეთა კოლექცია უფრო ხშირად გეოგრ. და სისტემ. პრინციპით არის განლაგებული. მრავალ ბ. ბ-ში არის დენდრარიუმი, ალპინარიუმი, სასარგებლო მცენარეთა ექსპოზიციები. ისტორიულად ბ. ბ-ები პირველი სამეცნ. ბოტან. ცენტრები იყო. ბ. ბ-ის წინამორბედი იყო სამონასტრო ბაღები (დას. ევროპაში IV ს-იდან). საქართველოში ბ. ბ-ების წინამორბედი იყო სამკურნ. და დეკორ. მცენარეთა ბაღები და ყვავილნარები, რ-ებიც ანტ. ხანაშივე არსებულა. ამის მიმანიშნებელია ბერძნ.-რომაულ წყაროებში შემონახული ცნობები მითური მედეას სამკურნ. მცენარეთა წალკოტის შესახებ. დამოწმებულია 35-მდე მცენარის სახელწოდება, რ-თაგან ზოგიერთი ეტიმოლოგიურად შეიძლება ქართ. ენობრივ სამყაროს უკავშირდებოდეს. ქართ. ისტ. და ლიტ. წყაროებში მოხსენიებულია სამეფო დეკორ. ბაღები („სამოთხენი“, „მტილსამოთხენი“). მაგ., ლეონტი მროველი ლაპარაკობს მირიან მეფის (IV ს.) ბაღზე, რ-იც მცხეთის იმ მიდამოებში ყოფილა გაშენებული, სადაც შემდეგ სვეტიცხოვლის ტაძარი ააგეს. ამგვარი ბაღების გაშენების ტრადიცია საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. თეიმურაზ I-ისა და არჩილ მეფის თხზულებებით დასტურდება, რომ „ცოდნის წყაროდ“ მიაჩნდათ ლევან კახთა მეფის (1518/20–74) ბაღი გრემში, სადაც ხარობდა უცხო ქვეყნებიდან შემოტანილი მცენარეები. ადგილ. თუ ინტროდუცირებული მცენარეები იდგა აგრეთვე შაჰ-ნავაზისა (ვახტანგ V) და ვახტანგ VI-ის „სამეფო დიდ ბაღში“, რ-იც თბილისის ცენტრ. ბ. ბ-ის უშუალო წინამორბედია. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ბ. ბ-ების შექმნას სოხუმში (1840), თბილისსა (1845) და ბათუმში (1912). ეს ბაღები შემდეგ სუბტროპ. მცენარეთა ინტროდუქციის ცენტრებად იქცა.


ვ. სხიერელი.