გარეთუბანი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

გარეთუბანი, გარეუბანი, ფეოდალური ხანის თბილისის უბანი მტკვრის მარჯვ. ნაპირზე, კალის ჩრდ-ითა და დას-ით, მისი გალავნის გარეთ. გ-ის უკიდურესი ზღვარი ჩრდ-ით იყო ვერის პარკის მიდამოები. XVI–XVII სს-ში გ-ის ტერიტ. ქალაქის გალავნიდან ქაშუეთის ეკლესიამდე უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული. გ. იყოფოდა რამდენიმე მიკროუბნად: 1. მუხრანბატონიანთ უბანი – ავანაანთხევის ორივე მხარეს, მტკვრისპირიდან ახლანდ. ჩახრუხაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კუთხემდე და ვანქის უბნამდე; 2. ვანქის უბანი – ვანქის მონასტრის მიდამოები (ახლანდ. გიორგი ათონელის ქუჩა); 3. ორბელიანთ უბანი – ვანქის უბნიდან „გარეთუბნის მეიდნამდე“ ანუ ყაბახამდე (იხ. ასპარეზი) ჩრდ-ით და მტკვრამდე აღმ-ით; 4. შუა კარის უბანი – „დიღმის გზისა“ და „შუა კარის გზის“ მიდამოები – ტერიტორია ახლანდ. პუშკინისა და მუზეუმის ქუჩებს, რუსთაველის პროსპექტსა და თავისუფლების მოედანს შორის. XVIII ს. 20-იან წლებში ოსმალებმა გ. გააპარტახეს, აქაური მოსახლეობა კი ქალაქში გადასახლდა. იმავე საუკუნის 60-70-იან წლებში დაიწყო გ-ის დასახლება. ქართლ-კახეთის სამეფოს რუსთის იმპერიასთან მიერთების (1801) შემდეგ ქალაქის ტერიტ. სამ ნაწილად დაიყო, ერთი მათგანი იყო გ.; ამ დროიდან გ-ში დაიწყო ევრ. ტიპის შენობების აგება. უბნის ცენტრი ქმნიდა მოედანს (ახლანდ. თავისუფლების მოედანი). 1859 ადრინდ. ყაბახის ადგილას გაშენდა პარკი (ახლანდ. 9 აპრილის სახ. პარკი). ამ დროისათვის გ. ახლანდ. კაკაბაძეების ქუჩამდე აღწევდა. XIX ს. 60-იანი წლებიდან ქალაქის ოფიც. ტოპონიმიკაში გ. აღარ იხსენიება. იხ. აგრეთვე სტ. თბილისი.


ლიტ.: ბერძნიშვილი მ., თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, თბ., 1965; თბილისის ისტორია, შ. მესხიას რედ., თბ., 1958; კვირკველია თ., ძველთბილისური დასახლებანი, თბ., 1985.


მ. ბერძნიშვილი.