გოვეა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

(Govea)ანტონიო დე (1575– 1628), პორტუგალიელი მისიონერი, ესპანეთის ელჩი ირანში. 1597 მისიონერად იყო გოაში (ინდოეთი), საიდანაც ესპ. მეფე ფილიპე IIIის დავალებით ორ მისიონერთან (ჟერომ დე ლა კრუა, კრისტოფ დუ სენტ-ესპრი) ერთად შაჰ-აბასის კარზე გაემგზავრა. მისიას დავალებული ჰქონდა პოლიტ.- სარწმუნოებრივი და კომერციული საკითხების მოგვარება. 1611 ლისაბონში გამოიცა გ-ს ნაშრომი, რ-იც სამი ნაწილისაგან შედგება. ამ ნაშრომში არის მრავალი ძვირფასი ცნობა ირანში მოღვაწე ქართველების შესახებ, კერძოდ, ირანის ჯარების პირველ ყულარაღასსა და ფარსის ბეგლარბეგ ალავერდი-ხან უნდილაძეზე, მის ორ ვაჟზე – დაუდ-ხანსა და იმამყული-ხანზე . აგრეთვე ქართლის მეფე სიმონ I -სა და მანუჩარ II ათაბაგზე, ქეთევან დედოფალზე . გ-ს საინტერესო ცნობები აქვს ქართვ. დიპლომატი ქალის – გულჩარას საქმიანობის, კახთა მეფე ალექსანდრე II-ისა და მისი გამაჰმადიანებული ძის კონსტანტინეს (იხ. კონსტანტინე I ) შესახებ.

თხზ .:Relaçam en que se tratam as guerras e grandes victorias que aleançan o grande Rey da Persia Xa Abbas do grão Turco Mahometto e seu pilho Amethe etc..., Lisboa, 1611.

ლიტ .: გ ი ო რ გ ა ძ ე ბ., XVII საუკუნის დასაწყისის პორტუგალიელი ელჩის დონ ანტონიო დე გოვეას რელაციონი საქართველოზე, წგ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1970. ბ. გიორგაძე.