დავიდოვი დენის ვასილის ძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

დავიდოვი დენის ვასილის ძე [16 (27). VII. 1784, მოსკოვი, – 22. IV (4. V). 1839, სოფ. ვერხნიაია-მაზა, ახლანდ. რადიშჩევის რ-ნი, ულიანოვსკის ოლქი], 1812 რუსეთის სამამულო ომის გმირი, სამხ. მწერალი და პოეტი, გენ.-ლეიტენანტი (1831).

1806–12 იყო პეტრე ბაგრატიონის ადიუტანტი. 1812 სამამულო ომის დროს ჰუსართა და კაზაკთა პარტიზ. რაზმებით წარმატებით იბრძოდა მტრის ზურგში. 1813–14 მონაწილეობდა საზღვარგარეთ ლაშქრობაში. მეგობრობდა დეკაბრისტებთან. 1826–27 სამხ. სამსახურში იყო კავკასიაში. 1832 თანამდებობიდან გადადგა.

ავტორია სამხ.-ისტ. და პარტიზ. მოქმედებების შესახებ თეორ. ნაშრომებისა: "სამხედრო ჩანაწერები" (ბოლო გამოც. 1982), "პარტიზანული მოქმედების თეორიის გამოცდილება" (1821) და ა. შ. შექმნა ე. წ. "ჰუსარული ლირიკა" (ლექსები: "ბურცოვს", "ჰუსართა ქეიფი", "პოეტური ქალი" და სხვ.). დაწერა მოგონებანი ა. სუვოროვზე, მ. კუტუზოვზე, პ. ბაგრატიონზე და სხვა რუს მხედართმთავრებზე.

1826 დ. სამხედრო გზით საქართველოში ჩამოვიდა. თავისი შთაბეჭდილებანი აღწერა ნაწარმოებში "მოგონება 1826 წელზე" და ლექსში "ნახევრად სალდათი" (იხ. წგ.: "რუსი მწერლები საქართველოს შესახებ", ტ. 1, თბ., 1949).