თოფურიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

არჩილ ვალენტინის ძე თოფურიძე

ა. თოფურიძე, ბოქსიორი, 1978

არჩილ ვალენტინის ძე (24. II. 1938, თბილისი, – 4. V. 2011, იქვე), მოქანდაკე. საქართვ. დამს. მხატვარი (1989), დაღესტნის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1985). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1963). მისი პედაგოგები იყვნენ ნ. კანდელაკი, შ. მიქატაძე, ვ. თოფურიძე. თ. იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1970–90). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობდა 1964-იდან, კერძოდ, 1977 მონაწილეობდა თბილისში მოწყობილ 5 მოქანდაკის ჯგუფურ გამოფენაში. ძირითადი ნამუშევრები: მაქსიმ გორკი (ბრინჯაო, 1971, თბილისი), ქალის ფიგურა (მარმარილო, 1973, ბიჭვინთა), შინმოუსვლელთა მემორიალი (სპილენძი, 1981, ჭიათურა), ქვაში შესრულებული ბარელიეფები და ფიგურები (1985, ქ. მაჰაჩყალის სახელმწ. დრამ. თეატრის შენობა) და სხვ. თ-ის ნამუშევრები ინახება თბილისის, მიუნხენის, მოსკოვის, კიევისა და სხვა ქალაქების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.







ბორის ნიკოლოზის ძე თოფურიძე

ბორის ნიკოლოზის ძე (1920, სენაკი, – 1999, თბილისი), მსახიობი, რეჟისორი. საქართვ. სახ. არტისტი (1981). დაამთავრა საქართვ. თეატრ. ინ-ტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის (1939–42), ქუთაისის (1942–50 და 1952–53), სენაკის (1948 და 1991– 95), ზუგდიდის (1948–49), თელავის (1951–52), სოხუმის ქართულ (1958–1991), ზესტაფონის (1995– 99) თეატრებში. შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ფარადფაშა (ვ. გუნიას "და-ძმა"), გიჟუა (ა. ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), გეგეჭკორი (შ. დადიანის "გეგეჭკორი"), გრიშა (ვ. შალიკაშვილის "უნიადაგონი"), მილოვზოროვი, ნეზნამოვი (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ბერესტი (ა. კორნეიჩუკის "პლატონ კრეჩეტი"), შაქრო, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", "ყვარყვარე"), გელა (ა. ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"), სტალინი (შ. დადიანის "ნაპერწკლიდან"), ბახვა ფულავა (გ. წერეთლის "პირველი ნაბიჯი"), გერასიმე, გამცემლიძე (ნ. დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", "საბრალდებო დასკვნა"), აბდუშაჰილი (ა. წერეთლის "ბაში-აჩუკი"), ჩუბიკოვი (ა. ჩეხოვის "ხელის თხოვნა"), შამუელ სევიჯი (ჯ. პატრიკის "უცნაური მისის სევიჯი") და სხვ. თ-ის დადგმებიდან აღსანიშნავია ი. გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა", ვ. მესაბლიშვილის "წინა დღე" და სხვ. თ-ის შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დახვეწილი პლასტიკით.



დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე

დიომიდე ალექსანდრეს ძე (ფსევდონიმები: "კარსკი", "ისარი") [16(28). VIII. 1871, სოფ. ხობი, – 4. X. 1942], სოციალ-დემოკრატი, მენშევიკი. იყო "მესამე დასის" წევრი. 1895–96 მოსკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე სწავლობდა. შემდეგ (1896) ჟენევის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე შევიდა. 1901 პარიზში ცხოვრობდა. 1902 თბილისში დაბრუნდა.


1917 თებერვლის ბურჟ.-დემოკრ. რევოლუციის შემდეგ თ. იყო საქართველოს ეროვნ. საბჭოს, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი (1919–20), დამფუძნებელი კრების საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავ-რე, ქუთაისის ქალაქისთავი, 1918 – საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის მთავრობის რწმუნებული ბათუმში ინგლისისა და ამერიკის მისიებთან მოლაპარაკების საწარმოებლად. თ. რედაქტორობდა ჟურნ. "საქართველოს ეკონომისტს", რ-იც 1919 რუს. და ქართ. ენებზე გამოდიოდა თბილისში.

თხზ.: საქართველოს ეკონომიკის საფუძვლები, ტფ., 1926.

უ. სიდამონიძე.


ელენე ივანეს ასული

ელენე ივანეს ასული (3.V.1922, ბათუმი, – 29. IX. 2004, თბილისი), ფილოსოფოსი. ფილოს. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1976). სწავლობდა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტზე (1940–44). დაამთავრა მოსკ. მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1945). იყო საქართვ. მეცნ. აკად. ფილოსოფიის ინ-ტის ესთეტიკის განყ-ბის გამგე (1982– 98).


თ-ის კვლევის ძირითადი სფეროა თეორ. ფილოსოფიის, ანთროპოლოგიის, ესთეტიკის ისტორიისა და კულტუროლოგიის აქტუალური პრობლემები.


თ. ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობასაც: იტალიურიდან თარგმნა ნაწყვეტები იტალ. რომანტიზმის მამამთავრის ალესანდრო მანძონის თეორ. შრომებიდან (1955, რუს. ენაზე), რუსულიდან თარგმნა სერვანტესის "სალამანკის გამოქვაბული" (დაიდგა თბილ. თეატრ. ინ-ტის სცენაზე, 1960), ედუარდო დე ფილიპოს "მოჩვენებანი" (დაიდგა თელავის თეატრის სცენაზე, 1970); რუსულად თარგმნა გ. თევზაძის "იმანუილ კანტი. თეორიული ფილოსოფიის პრობლემები" (1979).


მონაწილეობდა ესთეტიკოსთა საერთაშ. კონგრესებში შვედეთში (1968), იტალიაში (1970), რუმინეთში (1972). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ესთეტიკური პრობლემა ჯოვანი ჯენტილეს აქტუალისტურ ფილოსოფიაში, კრ.: ესთეტიკის საკითხები, თბ., 1968; რენესანსის არსის ზოგიერთი ასპექტი, «თსუ შრომები». ფილოსოფია, 1989, N292; ადამიანის პრობლემა ქართულ ფოლკლორში (მითი ამირანზე და მითოსური ცნობიერება), «ხელოვნება», 1995, N4–5–6; Элеонора Дузе, М., 1960; Эстетика Бенедетто Кроче, Тб., 1967 (ტოკიო, 1978, იაპონურ ენაზე); Философская концепция Луиджи Пиранделло, Тб., 1971; Человек в античной трагедии, Тб., 1983.

ლიტ.: ა მ ბ ო კ ა ძ ე მ., ფილოსოფოსი ელენე თოფურიძე, თბ., 2009.


ვალენტინ ბაგრატის ძე თოფურიძე

ვ. თოფურიძე

ვალენტინ ბაგრატის ძე [31. XII. 1907 (13. I. 1908), თბილისი, – 13. XI. 1986, იქვე], მოქანდაკე. საქართვ. სახ. მხატვარი (1960), სსრკ სამხატვრო აკად. ნამდვილი წევრი (1970), სტალინური პრემიის ლაურეატი (1950). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1931), იყო ი. ნიკოლაძისა და ნ. კანდელაკის, ე. ლანსერეს, ი. შარლემანის მოწაფე. იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას (1955-იდან პროფესორი). თ. ძირითადად მონუმენტალისტია. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ლ. კეცხოველი (ქვა, 1936, თბილისი, 9 აპრილის სახელობის ბაღი, აიღეს 1998), რუსთაველი (ქვა, მარმარილო, 1937–38, ახალციხე), კომპოზიციური ჯგუფი "საქართველო" (ბრინჯაო, 1939, სას.-სამ. გამოფენა, მოსკოვი), "გამარჯვება" (ბრინჯაო, 1947, ჭიათურის თეატრის შენობის ფასადი), ოთხი ფიგურა (გლეხი, მეშახტე, სპორტსმენი ქალი და ვაჟი), კინოთეატრ "რუსთაველის" მთავარ ფასადზე (ყველა ქვა, 1939, თბილისი), ვ. ლენინი (ბრინჯაო, 1956, თბილისი, თავისუფლების მოედანი, აიღეს 1989), შრომა, მეცნიერება, ტექნიკა – სკულპტურული კომპოზიცია (თუჯი, 1958, შ. მიქატაძესთან ერთად, თბილისი, პარლამენტის შენობის წინ, აიღეს 1989). ქალიშვილის პორტრეტი (1930), მოხუცი მემწვანილე (1943), მ. იაშვილის პორტრეტი (1956), მუზა (1968), კაცის ფიგურა (1970, ყველა ტონირებული თაბაშირი, მხატვრის სახელოსნო).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.





ციალა (ეთერ) ევტიხის ასული თოფურიძე

ციალა (ეთერ) ევტიხის ასული (8. VII. 1925, დაბა წაღვერი, – 3. III. 2009, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1988), პროფესორი (1990), საქართვ. უმაღლესი სკოლის დამს. მუშაკი (1983). დაამთავრა თსუის დას. ევრ. ენათა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1948). 1958-იდან მუშაობდა თბილ. უცხო ენათა სახელმწ. ინ-ტში, სადაც 1974–87 ხელმძღვანელობდა საზღვარგარეთული ლიტ-რის კათედრას.


თ-ს ეკუთვნის ნაშრომები: "რობერტ ბერნსი" (1959), «"გაჯავრებული ახალგაზრდები" და ჯონ ბრეინი» (1964), «ჯეფრი ჩოსერი და მისი "კენტერბერიული მოთხრობები"» (1977), "ლორენს სტერნის მხატვრული სამყარო" (1990), «ოსკარ უაილდის "დორიან გრეის პორტრეტი"» (1996), «თეოდორ დრაიზერის რომანი "გენიოსი"» (1961), "ერნესტ ჰემინგუეი" (1973), «რობერტ პენ უორენის "მეფის მთელი მხედრიონი"» (1978). თ. ძირითადად აშშ-ის ლიტ-რის მკვლევარია. შეადგინა და გამოსცა ამერ. ნოველების ორტომეული წინასიტყვაობითა და შენიშვნებით (ტ. I–1967, ტ. II–1968). უმთავრესად იკვლევდა უ. ფოლკნერის შემოქმედებას: «ფოლკნერის რომანის "ხმაური და მძვინვარების" მაკბეთური სათაური» (1975, რუს. ენაზე), «უილიამ ფოლკნერის "აბესალომ, აბესალომ!-ის" არქიტექტონიკა» (1978, გერმ. ენაზე), "ცნობიერების ნაკადის ტექნიკა ჯოისისა და ფოლკნერის შემოქმედებაში" (1984), "ფაუსტის სახის გაგებისათვის უილიამ ფოლკნერის შემოქმედებაში" (1990). მონოგრაფიაში "უილიამ ფოლკნერის რომანის პოეტიკა" (1984) განხილულია ფოლკნერის პროზის მხატვრული თავისებურება. ავტორია ნარკვევებისა ქართ.-ინგლ. ლიტერატურულ ურთიერთობათა საკითხებზე. ქართ. ენაზე თარგმნა ჯ. ბრეინის რომანი "გზა მაღალი საზოგადოებისაკენ" (ნ. ბადრიაშვილთან ერთად), ი. პეტროვასთან ერთად ინგლ. ენაზე თარგმნა და გამოაქვეყნა კრებ. «"ხოგაის მინდია" და ქართველ მწერალთა მოთხრობები» (1966), გ. ნატროშვილის "ნიკოლოზ ბარათაშვილი" (1968).


ჯემალ ვახტანგის ძე თოფურიძე

ჯემალ ვახტანგის ძე (31. XII. 1948, თბილისი, – 22. IV. 1978, იქვე), მწერალი. დაამთავრა თსუ-ის საზღვარგარეთის ეკონ.გეოგრ. ფაკ-ტი (1970), 1970–74 მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკისა და სამართლის ინტში, 1974–78 – შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტში.


მოთხრობების წერა სტუდენტობისას დაიწყო. მისი ნაწარმოებები ძირითადად ქვეყნდებოდა "ცისკარსა" და "ლიტერატურულ საქართველოში": "ნუციკო ემხვარი", "ლექსო", "თედოს ოცნება", "დაბადება", "კაცი", "მარტო". თ. ე. წ. ურბანისტული პროზის წარმომადგენელია. მისი მოთხრობები მძაფრი ტკივილიანი განცდებითაა აღბეჭდილი, სავსეა მძიმე ცხოვრებისაგან შეჭირვებული ადამიანის თანაგრძნობით. მოთხრობისათვის "დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია" (1978) 1979 მიენიჭა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია (სიკვდილის შემდეგ). მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მოკლემეტრაჟიანი ფილმები: "ნუ მოიწყენ შემოდგომისას" (1979, რეჟ. ზ. ინაშვილი), "გამოუსწორებელი" (1987, რეჟ. თ. მენაბდე), "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989, რეჟ. ზ. ურუშაძე). ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფის შედეგად.

თხზ.: დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია (მოთხრობები). შესავალი წერილი გ. გვერდწითელისა, თბ., 1978 (მე2 გამოც., 1994); გამოუსწორებელი, თბ., 2003; ჯიბის წიგნი (შემდგ. მ. დუმბაძე), თბ., 2007.