ივანე ივანეს ძე კერესელიძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ივანე ივანეს ძე კერესელიძე [10(22). XI. 1829, თბილისი, – 21. XII. 1892(2. I. 1893), იქვე], პუბლიცისტი, მწერალი, საზ. მოღვაწე, რედაქტორ-გამომცემელი.

1850 დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. 1851 სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელმასწავლებლად. 1852-იდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854- იდან მეთაურობდა ქართ. დრამ. დასს. 1857 იანვარს აღადგინა და გამოსცა ჟურნ. "ცისკარი", რ-საც ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და 18 წლის განმავლობაში. 1862 დააარსა ჟურნ. "გუთნის-დედა", 1887-იდან უშვებდა გაზ. "ცისკარს".

კ-ის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 გაზ. "ზაკავკასკი ვესტნიკში". შემდეგ იბეჭდებოდა "დროებაში", "იმედში", "ივერიაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და "ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერე­ბად იქცა. 1855 ცალკე წიგნად გამოიცა კ-ის პოემები, 1859 – ლექსთა პირველი კრებული. კ-ს ურთიერთობა ჰქონდა ა. დიუმასთან (მამა) მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნ. ხომერიკი.