კალა

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search
კალა. საერთო ხედი. ფოტო. 1860-იანი წწ.

შუა საუკუნეების თბილისის ციხესიმაგრე, ისტორიულად ჩამოყალიბებული ქალაქის ბირთვი, მისი მთავარი უბანი ­მტკვრის ­მარჯვ. მხა­რეს. მოიცავდა ტერიტორიას მდ. წავკისისწყლის მარცხ. მხარეს – ახლანდ. შ. დადიანის ქუჩის, თავისუფლების მოედნის, ა. პუშკინის, ნ. ბარათა­შვი­ლის ქუჩებისა და ­მტკვრის კალაპოტის გა­ყო­ლე­ბით. წყაროებში პირველად იხსენიება V ს. მოვლენების თხრობასთან დაკავშირებით (კალის ციხე, კალის ველი). ერთი მოსაზრებით, "კალა" გეოგრ. სა­ხე­ლია; მეორე მოსაზრებით, "კალა" მომდინა­რეობს არაბ. სიტყვიდან "ყალა" (ციხესიმაგრე). ჯ. გიუნაშვილმა, ტერმინ "ნარიყალის" ახსნისას აღნიშნა, რომ ტერმინ ნარინ-ყალას მეორე ნაწილი ყალა, კარგად ცნობილი და აღმოსავლეთში ფართოდ გავრცელებული არაბული წარმოშობის ლექსემაა, რ-იც აღნიშნავს "ციხესიმაგრეს" (იხ. სტ. ნარიყალა). ს. ჯანაშიას მოსაზრებით, "კალა" და "ტფილისი"...ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ადგილია, ერთი მოსახლეობის და მეორე ციხის პუნქტებია... არსაიდან არ ჩანს, რომ უკანასკნელი სახელწოდება "კალა" მართლაც არაბული სიტყვაა და არა საკუთარი გეოგრაფიული სა­ხე­ლი, გარეგნულად მსგავსი უცხო სიტყვისა. შ. მესხიას ვარაუდით, "კალა" არ უნდა მომდინარეობდეს მსგავსი არაბული "ყალა" (ციხე) სიტყვიდან. ის ამ შემთხვევაში თბილისის ციხესიმაგრის გეოგრ. სახელად ჩანს. ლ. ჭილა­შვი­ლი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "კალა" აქ ციხის აღმნიშვნელი სა­ხე­ლია, რ-იც გვხვდე­ბა კომპოზიტებშიც: "ნარიყალა" და "კალოუბანი".


ლინგვ. მასალის მოშველიებით ზოგიერთი ­თვლის, რომ "კალა" ქვას, კლდეს ნიშნავს. ამ ახსნაში არსებობს საცთური – ძველი კ-ის ჩრდ.-დას. ფერდს (სოლოლაკის ქედის ჩრდ. ფერდს) "კლდის უბანი" ეწოდებოდა. კ-ისა და მდ. წავკისისწყლის ­მარჯვ. ნაპირზე საკუთრივ თბილისის (აბანოთუბანი; უფრო გვიანდ. და ფართო მნიშვნელობით – სეიდაბადი) შერწყმის შედეგად ჩა­მო­ყა­ლიბ­და ქალაქი. ვახუშტის გადმოცემით, "...კალასა და ტფილისს ჰყოფს სალალაკის წყალი, რომელი... სამHრით და აღმოსავლით უდის კალას და დასავლით ტფილისს". ვახუშტი ბატონიშვილი ადგილის ძველ სახელებს – ტფილისს და კალას უსა­დაგებს გვიანი ხანის (V–XVIII სს.) სახელებს და წერს: "ხოლო აწ უწოდებენ... კალას – ტფილისსა, ტფილისს–სეიდაბადს…" ამგვარად, კ., როგორც სამოსახლო პუნქ­ტის სა­ხე­ლი, ადგილს უთმობს სახელს – ტფილისს. ამის შემდეგ კ. უფრო მეტად ქალაქის ციხის – ციტადელის სახელად იხმარებოდა (უფრო გვიან ასევე ეწოდებოდა შურის ციხე, ნარიყალა). პირველ გრაფიკულ საბუთს, რ-იც ზუსტად გადმოგვცემს ფეოდ. თბილისის ქალაქთმშენებლურ სტრუქტურას, ვახუშტი ბატონი­შვი­ლის გეგმა წარმოადგენს. კ-ის უბანი იყოფოდა ზემო უბნად (ცენტრი – ბატონის მოედანი, ახლანდ. ერეკ­ლე II-ის მოედანი) და ქვემო უბნად (ცენტრი – ციხის მოედანი, იგივე თათრის მოედანი, ახლანდ. ვახტანგ გორგასლის მოედანი). მათი გამყოფი საზღვარი იყო შუა ბაზარი (გვიანდ. სომხის ბაზარი), ახლანდ. კ. აფხაზის (ყოფ. კ. ლესელიძის) ქუჩის ხაზზე. კ-ის გალავანს დატანებული ჰქონდა 6 კარიბჭე: აბანოს კარი, გან­ჯის კარი, კოჯრის კარი, დიღმის კარი, მოედნის კარი, წყლის კარი.


ამ უბანში, ქარ­თულის გარდა, სომხური და კათოლიკური (ე. წ. "ფრანგთა საყდარი") ეკლესიები და მეჩეთიც იდგა. აღა-მაჰმად-ხანის ურდოებმა კ-ის დიდი ნაწილი დაანგრიეს და გადაბუ­გეს. თუ არ ჩავთვლით საკულტო ნაგებობებს, კ-ის დღევანდელი განაშენიანება (საცხოვრ. სახლები) მთლიანად XIX ს-შია ჩამოყალიბებული, თუმცა სარდაფები ხშირ შემთხვევაში ადრინდელია, ვინაიდან დანგრეულის აღდგენა ძირითადად ძველ საძირკვლებზე ხდებოდა.


წყარო: ვ ა ხ უ შ ტ ი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ჯ უ ა ნ შ ე რ ი, იქვე, ტ. 1, თბ., 1955; მოქცევაQ ქარ­თლისაQ, შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.

ლიტ.: კ ვ ი რ კ ვ ე ლ ი ა თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985; მ ე სხია შ., გ ვ რ ი ტ ი ­შ ვ ი ­ლ ი დ., დუმ ბაძე მ., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე ა., თბი­ლისის ისტორია, თბ., 1958; ჯ ა ნ ა შ ი ა ს., თბილისის ისტორია, შრომები, ტ. 1, თბ., 1949. თ. ბერიძე.