კასრაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

გიორგი (გივი) ამირანის ძე კასრაძე

გიორგი (გივი) ამირანის ძე (დ. 27. II. 1929, თბილისი), ფერმწერი, გრაფიკოსი. დაამთავრა თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკ-ტი (1955). სა­ქართვ. დამს. მხა­ტვა­რი (1979). 1971–2016 ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თბილ. სამხატვრო აკადემიაში (2003 – პროფესორი). 1955-იდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. 1959-იდან მუშა­ობ­და კინოსტუდია "ქარ­თულ ფილმში". არის რეჟისორი და დამ­დგმელი მხა­ტვა­რი თოჯინური ფილ­მებისა: "ცნობისმოყვარე" (1970), "მგელი და კრავი" (1979), "კომბლე" (1988) და სხვ. კ-ის ნამუშევრები: ნატიურმორტების სერია – "ფერწერული პრობლემები", "თეთრი ნატიურმორტი", "თეთრი ქილა ბროწეულით", "სამი განზომილება", "თუნგი თეთრი ხალიჩის ფონზე" და სხვ. (1955–99); პეიზაჟები – "ზამთარი", "თოვლი", "მთვარიანი დღე" და სხვ. (1960– 70); პორტრეტები – "თუში ქალი", "თუში მამაკაცი", "კოსტა", "ლუხუმი", "ზურაბ ქაფიანიძე", მეუღლის პორტრეტები, ავტოპორტრეტები და სხვ. (1960–70). გამოფენები: გალერეა თMშ (1996), ქართველ მხატვართა გამოფე­ნები (1996, დიჟონი, საფრანგეთი; 1997, მოსკოვი), "ქარ­თული ნახატის გამოფენა" (2015, გ. ჩუბინა­შვი­ლის სახ. ეროვნული ცენტრი) და სხვ. პერსონალური გამოფენები: "100 ნახატი"(1996, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნული გალერეა), თანამედროვე ხელოვნ. გალერეა (1997), გალერეა "ჰობი" (2003). გაფორმებული აქვს წიგნები: "ნიალის საგა", "რამაიანა", "გილგამეში". მისი ნამუშევრები და­ცუ­ლია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, აშშ-ის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, იაპონიის, რუსეთისა და სა­ქარ­თვე­ლოს კერძო კოლექციებში.



დავით ილარიონის ძე კასრაძე

დავით ილარიონის ძე (27. XII. 1885, სოფ. ავნევი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი,– 16. II. 1965, თბილისი), მწერალი. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი, შემდეგ თბილ. სამხატვრო სასწავლებელი. 1908–10 სწავლობდა პარიზის უნ-ტის ფილოს. და ლიტ-რის ფაკ-ტზე. კ-ის კრიტ.-პუბლიც. წერილები და მოთხრობები 1901-იდან იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში. 1923 იყო ბათუმის გაზ. "მწვერვალის" რედაქტორი. კ-ის თხზულებათაგან აღსანიშნავია რომანები: "გურანდა" ("როსკიპი", 1912, მასში მძაფრადაა გაკრიტიკებული ცარიზმის რეჟიმი), "კეთრი" (1928); ჰეროიკული პოემა "ლეგენდა რუსთაველზე" (1961); ისტ. რომანი "იბერიის ­დედოფალი" (1964). ავტორია ორიგინ. და გადმოკეთებული პიესებისა: "მეფე არლეკინი" (1912), "რია" (1918), "ციხის ცრემლები" (1922), "იუდა" (1924) და სხვ.


კ-მ თარგმნა ლ. ტოლსტოის, ნ. გოგოლის, ი. ტურგენევის, მოლიერის, ა. ფრანსის, ე. ზოლას, მ. მეტერლინკის, ე. როსტანის, კ. გოლდონის და სხვათა თხზულებანი. ავტორია მონოგრაფიებისა ქართ. სცენის მოღვაწეებზე ("ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხი­შვი­ლი", 1913; "ალექსანდრე წუწუნავა", 1957), წერილებისა ქართ. ლიტ-რისა და თეატრ. ხელოვნების საკითხებზე. წერდა საბავშვო ნაწარმოებებსაც. 1932 შეადგინა და გამოსცა ოსური ლიტ-რის პირველი ანთოლოგია ქართ. ენაზე.

თხზ.: ლიტერატურული პორტრეტები, თბ., 1962; კეთრი, თბ., 1965.

ვ. ცისკარიძე.


დინარა გურამის ასული კასრაძე

დინარა გურამის ასული (დ. 27. XII. 1954, მოსკოვი), პათოლოგანატომი. კლინიკური პათოლოგიის სპეციალისტი, მედ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). სა­ქართვ. სამხედროსამედ. აკადემიის (2005) და სა­ქართვ. სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნ. აკადემიის წევრი (2017).


1977 დაამთავრა თსსი. 1980- იდან მუ­შა­ობ­და ამავე ინ-ტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე, 1999–2006 - პროფესორი. ამასთან ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და თავისსავე დაარსებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიას. იყო კლინიკა "ენმედიცის" იმუნოციტოქიმიის ლა­ბორატორიის დამაარსებელი და გამგე (1999–2000); თსსუ-ის კლინიკური ჩვევების ცენტრის დირექტორი (2004–06); ამავე უნ-ტის კლინიკური და ექსპერ. მედიცინის ინ-ტის მორფოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი (2008– 09), მთ. სპეციალისტი (2009–10). 2009–12 – წმ. ლუკა მახარებლის სახ. ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის განყ-ბის გამგე.


კ. 2007-იდან არის დ. ტვილდიანის სახ. თსუ-ის ადამიანის პათოლოგიისა და მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი; 2007–10 – გრ. რობაქიძის სახ. თბილისის უნ-ტის სრული პროფესორი; სხვადასხვა სამედ. უნ-ტის მიწვეული პროფესორი; 2017-იდან – თბილ. პერსონალიზებული მედიცინის ინ-ტის ლუი პასტერის სახ. ლაბორ. კლინ. პათოლოგიის მთ. მკვლევარი; მრავალი დარგობრივი სამეცნ. საბჭოს, სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიისა და სხვა­დასხვა პროფესიული ასოციაციების წევრი.


კ. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 8 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელოა. მისი სამეცნ. კვლევების ძირითადი სფე­როა მელატონინის ეფექტების შესწავლა, აგრეთვე ონკოლოგიური, გერონტოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები.

თხზ.: ცხიმოვანი ტვირთი, თბ., 2005 (თანაავტ. კ. ქუნთელია); შინაგანი სნეულებანი, ტ. 1–2, თბ., 2008–09 (თანავტ. ნ. ემუხვარი); `Ad augusta per angusta (ოსტეოკალცინი, პანკრეასის ბ-უჯრედები, მელატონინი), თბ., 2013 (თანაავტ.: ა. თავართქილაძე, მ. კასრაძე); ქვეყნის შხამი (მოზარდ ორგანიზმზე ზოგიერთი მავნე გავლენის პათოლოგიური საფუძვლები), თბ., 2014 (თანაავტ.: თ. ხვედელიანი, მ. კასრაძე); Kliniké Desmurgija, Klajpéda, 2007 (თანაავტ. M. Kasradze).


იური სერგოს ძე კასრაძე

იური სერგოს ძე (25. I. 1911, სოფ. ალი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპალიტეტი, – IX. 1991, თბილისი), არქიტექტორი. სა­ქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინ-ტი (1936) არქიტექტურის განხრით. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუ­შა­ობ­და არქიტექტორად თბილსაბჭოში (1935– 38), ხოლო 1938–39 – საპროექტო ინ-ტ "თბილქალაქპროექტში". მო­ნაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში (1939–45). 1944–91 მუ­შა­ობდა "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორად, არქიტ. სახელოსნოს ხელმძღვანელად, მთ. სპეციალისტად. ნამუშევრები: კულტურის სახლი ამბროლაურსა (1946) და ონში (1947), იპოდრომი ზუგდიდში (1950), ადმ. შენობა აბაშაში (1951); საცხოვრებელი სახლები პ. მელიქიშვილის (1950), ჩელუსკინელების (ამჟამად – თამარ მეფის გამზირი, არქიტ. ა. თევზაძესთან ერთად, 1953), ჭავჭავაძის (1956) ქუჩებზე, იპოდრომი (1945), "საქმთავარენერგოს" ადმ. შენობა რუსის ქუჩაზე (ამჟამად – ი. ვეკუას ქუჩა, 1956), ფიზიკური კულტურის სა­ხელმწ. ინ-ტი (1957), სპორტის სასახლე (არქიტ. ვ. ალექსი-მესხი­შვილთან ერთად, კონსტრუქტორი დ. ­ქაჯაია, 1961), სასტუმრო აერო­პორ­ტის ტერიტორიაზე (1965; ყვე­ლა თბილისში); ­სასტუმ­რო "კა­ხეთი" თელავში (1977; ­არქიტ. ი. ტარასაშვილთან და ა. ხე­ჩუაშვილთან ერთად).

თ. გერსამია.


მინდია გურამის ძე კასრაძე

მინდია გურამის ძე (დ. 8. X. 1962, თბილისი), ტრავმატოლოგ-ორთოპედი. ბიომედიცინის მეცნ. დოქტორი (2002, ლიტვა). 1986 დაამთავრა თსსი. 1987–91 მუ­შა­ობ­და ბათუმის ბავშვთა პოლიკლინიკასა და ბათუმის რესპ. ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედად; 1992–93 – სა­ქართვ. თავდაცვის სამინისტროსა და თბილ. სამამულო ომის ვეტერანთა ჰოსპიტალში.


კ. 1993-იდან ლიტვაში კლაიპედას ბავშვთა საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედია, 2004-იდან – კლაიპედას უნ-ტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკ-ტის დოცენტი, 2015-იდან – პროფესორი. არის დ. ტვილდიანის სახ. თბილისის სამედიცინო უნ-ტის საპატიო პროფესორი (2013).


კ. 1989–91 იყო აჭა­რის არ-ის ახალგაზრდა ექიმ-მეცნიერთა და სპეციალისტთა სამეცნ. საბჭოს თავ-რე; 2010–15 – საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. "Innovative Medicine and Biology" (კანადა) ლიტვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 4 მონოგრაფია, 2 ლექსიკონი და 1 სამეცნ.- მეთოდური სახელმძღვანელოა.

თხზ.: ეპონიმები ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში, თბ., 1999; ბარძაყის ძვლის დიაფიზის მოტეხილობების ქირურგიული მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში, თბ., 2000; მოლეკულური და უჯრედული ონკოლოგია, თბ., 2012 (თანაავტ.: ა. თავართქილაძე, დ. კასრაძე); `Ad Augusta per Angusta“ (ოსტეოკალცინი, პანკრეასის β-უჯრედები, მელატონინი), თბ., 2013 (თანაავტ.: დ. კასრაძე, ა. თავართქილაძე); ქვეყნის შხამი (მოზარდ ორგანიზმზე ზოგიერთი მავნე გავლენის პათოლოგიური საფუძვლები), თბ., 2014 (თანაავტ.); Traumatologijos ir Ortopedijos Eponimal: simptoma, ir sindromai, Klajpéda, 2015 (თანაავტ. David Kasradze); Kliniké Desmurgija, Klajpéda, 2007 (თანაავტ. Dinara Kasradze).


ნინო ვილენის ასული კასრაძე

ნინო ვილენის ასული (დ. 3. III. 1970, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. 1991 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრ. ინ-ტი. 1993-იდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აქ განხორციელებული მნიშვნელოვანი როლებია: შენ ტე, შუი ტა (ბ. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება თეატრ. საზ-ბის მიერ, 1994); ირინე (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"); ლედი მაკბეტი (უ. შექსპირის "მაკბეტი", საქართვ. სა­ხელმწ. პრემია, 1996; რუსთავის თეატრ. ფესტივალ "ოქროს ნიღბის" გრან-პრი და წინანდლის პრემია, 2000); ლამარა (გ. რობაქი­ძის "ლამარა"); ქერესტანი (კ. გოცის "ქალი-გველი"); გერტრუდა, ვიოლა (უ. შექსპირის "ჰამლეტი", "შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ"); მართა (დ. კლდიაშვილის "დარისპანის გასაჭირი"); დეზდემონა (კ. ხოდიკიანის "ტრაქტატი ცხვირსახოცის შესახებ"); დოდო (თ. ჭილაძის "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო"); ბაბეტა (მ. ფრიშის "ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელნი"); კლიტემნესტრა (სოფოკლეს „ელექტრა“); ტელმა (ტ. სტოპარდის „მაგრიტის შემდეგ“), მესამე ქალი (ლ. ბუღაძის „ლისისტრატე“, პრემია "დურუჯი"; 2016). მონაწილეობდა სპექტაკლებში "იაკობის სახარება", "სტიქსი" და სხვ. სამეფო უბნის თეატრში შესრულებული როლებისათვის სოლანჟი (ჟ. ჟენეს "მოახლეები" (2015) და მარინა რევია (ა. ჩიღვინაძის "მარინა რევია"; 2016) მიენიჭა წლის საუკეთესო მსახიობი ქალის წოდება თანამედროვე თეატრის კვლე­ვის ცენტრის მიერ, ხოლო როლისათვის მარინა რევია იგივე წოდება მიიღო თეატრ. საზ-ბისგან.


კ-ს შესრულებული აქვს როლები კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში, მ. შ. ნინო ("ორფეოსის სიკვდილი"; რეჟ. გ. შენგელაია; 1996), მერი ("მარტოობის ორდენის კავალერი"; რეჟ. ა. ცაბაძე; 1998), ნანა ("გასეირნება ყარაბაღში"; რეჟ. ლ. თუთბერი­ძე; 2005), ანა ("დინოზავრი"; რეჟ. მ. ზუბაშვილი; 2013), ნინო ("კრედიტის ლიმიტი"; რეჟ. ნ. ალექსიმესხიშვილი; 2014), ეკა ("ოჯახი"; რეჟ.: დ. ცინცაძე; 2017), მაკა („ჩემი ცოლის დაქალები“) და სხვ.

თ. კახიანი.


ქართლოს დავითის ძე კასრაძე

ქართლოს დავითის ძე (27. VIII. 1926, გორი, – 29. I. 2005, თბილისი), ესტრადის მსახიობი (სალაპარაკო ჟანრი). სა­ქართვ. სახ. არტისტი (1988), ახალ­გაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის ლაურეატი (1967). 1952 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, ბეჭდავდა მოთხრობებს სტუდენტურ ლიტ. ალმანახ "პირველ სხივში". გამოაქვეყნა 2 რომანი – "მზის ამოსვლამდე" (1948) და "ნაცნობი თვალები" (1950). მონაწილეობდა სტუდენტური თეატრის წარმოდგენებში (ბასანი, უ. შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი", ინგლ. ენაზე; ვაისლინგე ნი, ი. ვ. გოეთეს "გეც ფონ ბერლიხინგენი", გერმ. ენაზე). წარმატებით გამოდიოდა ესტრადაზე. კ-ის რედაქტორობით გამოდიოდა სტუდენტური იუმორისტული გაზ. "ჭინჭარი". 1944-იდან გამოდის პროფ. ესტრადაზე როგორც სალაპარაკო ჟანრის მსახიობი, კონფერანსიე (1957-იდან სა­ქართვ. სა­ხელმწ. საესტრადო ორკესტრ "რეროში" ა. გელოვანთან ერთად). სასიამოვნო სცენური გარეგნობის, შესანიშნავი იუმორისა და გონებამახვილური რეპერტუარის მეოხებით კ-მ დიდი პოპულარობა მოიპოვა. ესტრადაზე მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში მონაწილეობდა 2 ათასამდე კონცერტში. გამოდიოდა ყოფ. სსრკ ქალაქებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (ფინეთი, დანია, ნორვეგია, შვეცია, ინგლისი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია). ეწეოდა ლიტ. საქმიანობას. ავტორია წიგნებისა: "ტრიუმფით მსოფლიოს გზებზე" (1971) და "ტრიუმფი გრძელდება" (1980, სა­ქართვ. ხალხ. ცეკვის სახელმწ. ან­სამბ­ლის გასტროლების შე­სა­ხებ), "ფარნავაზი" (1986), "სო­სელო" (მამასთან, დ. კასრაძესთან ერთად, 1988) და სხვ.

დაჯილდოებულია ღირსების ორ­დენით (1997).