კაციტაძე

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

ალექსანდრე გურგენის ძე კაციტაძე

ალექსანდრე გურგენის ძე (დ. 16. XII. 1958, თბილისი), დერმატო-ვენეროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1995). 1981 დაამთავრა თსსი, 1984–91 იყო ამავე ინ-ტის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის კა­თე­დრის თანამშრომელი, კათე­დრის პროფესორი (1993–99). 1999-იდან თსსუ-ის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

კ-ის სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა დერმატოლოგია, ვენეროლოგია, დერმატოპათოლოგია, დერმატოკოსმეტოლოგია. ავტორია სა­ქარ­თვე­ლო­ში პირველად გამოცემული ატლასის – "კანისა და ვენერიული დაავადებები" (2014).

კ. არის ევროპის დერმატოლოგიის და ვენეროლოგიის (1998- იდან), ამერიკის დერმატოლოგიის (1998-იდან), ნიუ-იორკის მეცნ. (2013-იდან) აკადემიების წევრი.


გურამ კონსტანტინეს ძე

გურამ კონსტანტინეს ძე (დ. 16. VII. 1934, თბილისი), მიკრობიოლოგი, ეპიდემიოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1984), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987). 1958 დაამთავრა თსსი. 1959–65 მუ­შა­ობ­და ვაქცინებისა და შრატების სამეცნ.- კვლ. ინ-ტში; 1965–78 – სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მო­ად­გი­ლედ, 1978– 89 – ტროპიკული მედ. და სამედ. პარაზიტოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში ლაბორატორიის გამგედ. 1983–84 იყო სა­ქართვ. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანეპიდსამმართველოს უფროსი, 1984–91 – ამავე სამინისტროს სამეცნ. საბჭოს მთ. სპეციალისტი; ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის სამეცნ. ცენტრის გენ. დირექტორი (1989–91); 1991–92 – განსაკუთრებით საშიში ინფექციების საწინააღმდეგო სამეცნ.-პრაქტ. ცენტრის დირექტორი. ამჟამად არის დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნ. ცენტრის სამეცნ. ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამეცნ. საბჭოს მრჩეველი.


კ-ის მრავალი სამეცნ. შრომა ეხება მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის აქტუალურ საკითხებს. არის გელათის მეცნ. აკადემიის წევრი (1995); მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1999).


დავით (დევი) ვარლამის ძე კაციტაძე

დავით (დევი) ვარლამის ძე (8. XI. 1928, თბილისი, – 30. V. 2009, იქვე), ისტორიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1974), თსუ-ის აღმ. ისტორიის კა­თე­დრის გამგე (1973). 1955 დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი ირანის ისტორიის სპეციალობით. კ. იკვლევდა ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სოც.-ეკონომიკური და პოლიტ. ისტორიის, ქარ­თული და სპარსული წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის საკითხებს. მრავალი ნაშრომის ავტორია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).

თხზ.: სპარსული საისტორიო ტექსტები, I. ქრესტომათია, შეადგინეს ჯ. გიუნაშვილმა და დ. კაციტაძემ, თბ., 1972; სა­ქარ­თვე­ლო XIV–XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით), თბ., 1975; ვ. გაბა­შვი­ლი. ცხოვრება და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა, თბ., 1986; ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთთან სა­ქარ­თვე­ლოს სავაჭროეკონომიკური ურ­თი­ერ­თო­ბის ისტორიიდან (XVII–XVIII სს.), თბ., 1992; Грузино-иранские культурно-историчეские связи, Тб., 1978 (თანაავტ. Ал. Гвахария).


ვასილ თადეოზის ძე კაციტაძე

ვასილ თადეოზის ძე [1(14). I. 1905, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 19. V. 1989, თბილისი], ჰიგიენისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1951), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1932 დაამთავრა თსსი. 1939-იდან იყო სტომატოლოგიური ინ-ტის, შემდეგ კი თსსი-ის ჰიგიენის კა­თე­დრის გამგე, 1948–72 – ამავე ინ-ტის სანიტ.-ჰიგიენური ფაკ-ტის დეკანი. კ. იკვლევდა კვების, შრომისა და კომუნალური ჰიგიენის საკითხებს. ქართ. ენაზე შეადგინა ჰიგიენის პირველი სახელმძღვანელოები: "ზოგადი ჰიგიენა" (1942), "სამხედრო ჰიგიენა" (1950), "კვების ჰიგიენა" (1957) და "რადიაციული ჰიგიენა" (1968). კ-ს მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.


ზურაბ ირაკლის ძე კაციტაძე

ზურაბ ირაკლის ძე (დ. 28. VIII. 1927, თბილისი), ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1971), პროფესორი (1974). სა­ქართვ. სა­ხელმწ. პრემიის ლაურეატი (1990). 1949 დაამთავრა თსსი. 1949–51 მუ­შა­ობ­და ქ. რუსთავში პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; 1954–56 – მოსკოვში, 1956–61 კი თბილისში იყო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. 1961-იდან თსსი-ის ადამიანის ანატომიის კათედრაზეა, სადაც 1971 აირჩიეს კა­თე­დრის პროფესორად, 1974–90 – კა­თე­დრის გამგედ. კ. იკვლევდა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ბიომექანიზმებს, ანთროპოლოგიის, ასაკობრივი ანატომიისა და ექსპერ. მედ. საკითხებს. კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი, მ. შ. 6 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელოა.

თხზ.: ადამიანის ანატომია, ნაწ. 1–4, თბ., 1988–91; Эволюция вертикальной ходьбы, Тб., 1968; Лимфатическое русло женских половых органов, Тб., 1990 (თანაავტ.: М. Абесадзе, А. Борисов).


კონსტანტინე თადეოზის ძე კაციტაძე

კონსტანტინე თადეოზის ძე [7(19). X. 1899, სოფ. მუხლი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 24. X. 1982, თბილისი], ეპიდემიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1963), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1964). 1929 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1934–37 იყო თბილ. სანიტარიისა და ჰიგიენის ინ-ტის ეპიდემიოლოგიური განყ-ბის გამგე. 1939–76 განაგებდა თსსი-ის ეპიდემიოლოგიის კათედ­რას. 1976-იდან იყო ამავე კათე­დრის პროფესორი, 1954–56 და 1964–73 – სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ეპიდემიოლოგი. კ. იკვლევდა დიფთერიის, ტიფის, დიზენტერიის, წითელას, ვირუსული ჰეპატიტისა და სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: პარაზიტული ტიფების ეპიდემიოლოგია, თბ., 1947; დიფთერია, თბ., 1960.


ჯემალ ბენიას ძე კაციტაძე

ჯემალ ბენიას ძე (დ. 26. V. 1937, სოფ. ხოტე­ვი, ახ­ლანდ. ამბროლაურის მუნი­ცი­პალიტე­ტი), ინჟინერ-მექანიკოსი. სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკადემიის ­ნამდვ. წევრი (1993). ტექ. მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (1989). 1961 დაამთავრა ქუთაისის სას.-სამ. ინ-ტის მექანიზაციის ფაკტი. 1961–79 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტში (სოხუ­მი). იყო ლითონთა ტექ­ნოლ. და მანქანათა რემონტის კა­თე­დრის გამგე. 1979–90 სა­ქართვ. აგრარულ უნ-ტში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და ლითონთა ტექნოლ. კა­თედ­რას. 1990–2001 იყო მანქანების საიმედოობის, რემონტისა და მასალათა ტექნოლ. კა­თე­დრის გამგე, აგრარული უნ-ტის პრორექტორი სამეცნ. ნაწილში (2013–14). ეწევა სამეცნ.-პედ. საქმიანობას.


კ-ის შრომები ეხება სას.-სამ. ტექ. საიმედოობის გაანგარი­შე­ბისა და გაზრდის თეორ. საფუძვლე­ბის დამუშავებას, ინოვაციური რესურსდამზოგი ­ტექნო­ლ. ხერხე­ბის ­შექმნას გა­ცვეთილი დეტალების აღდ­გე­ნი­სათვის ავტომატური გალვა­ნური (ასევე მდნო­ბის თანაობისას) დადუღების მეთოდე­ბით, აგ­რეთვე მათ. საფუძვ­ლებს მანქანების სა­ი­მედოობისა და აღდგენის რეჟი­მების ოპტიმიზაცი­ისათვის (განზომილებათა და ­მსგავსობის თე­ორიისა და ალბათურ-სტატის­ტ. მო­დელი­რების ­გამოყენე­ბით). მის მიერ ნაპოვნია მსგავსობის კრი­ტე­რიუმები და აგებულია ადეკვატური მათ. მოდელები.


მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998) და სომხეთის ეროვნ. აგრარული უნ-ტის ოქროს მე­და­ლი (2015). გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები. აქვს 14 საავტორო მოწმობა და პატენტები გამოგონებებზე.

თხზ.: მანქანების საიმე­დოობა და რემონტი (სახელმძღვანელო), თბ., 1989; მანქანების ტექნიკური სერვისი (სახელმძღვანელო), თბ., 2008; რუსულ-ქარ­თული აგროსაინჟინრო ტერ­მინოლოგიური და განმარტებითი ლექსიკონი, თბ., 2015; გაცვეთილი დეტალების აღდგენის თანამედროვე ინოვაციური რესურსდამზოგი ტექნოლოგიები, თბ., 2017.

თ. არსენაძე.


ჯუმბერ ბენიას ძე კაციტაძე

ჯუმბერ ბენიას ძე (23. VI. 1940, სოფ. ხოტევი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 21. VI. 1995, თბილისი), ინჟინერ-მექანიკოსი. სა­ქართვ. სოფ. მეურნ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1994). ტექ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1994). 1963 დაამთავრა სა­ქართვ. სუბტროპ. მეურნეობის ინ-ტის (სო­ხუ­მი) მექანიზაციის ფაკ-ტი. იყო ამბროლაურის სას.- სამ. ტექნიკუმის პედადოგი. 1976– 82 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ლაბორატორიის ხელმძღვანელად და მთ. კონსტრუქტორად. 1982–85 ამბროლაურის რ-ნში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და აგროსამრეწველო გაერთიანებას, ხოლო 1986-იდან იყო კომბინირებული საკვების მრეწველობის სამეცნ.- კვლ. ინ-ტის დირექტორი.


კ. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და 10 გამოგონების ავტორი. დაამუშავა სას.-სამ. ტექნიკის სამთო პირობებში მუშაობის გაუმჯობესების მეცნ. რეკომენდაციები და სუბტროპ. კულტურების კომპლექსური მექანიზაციისათვის საჭირო მანქანების გაანგარიშების საფუძვლები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. სამეცნ. მიღწევათა გამოფენის ორი ვერცხლის მე­და­ლი.

თხზ.: სიმძიმისა და წნევის ცენტრების გადაადგილების გამოკვლევა სამთო პირობებში მომუშავე სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებისათვის დამატებითი ბალასტის გამოყენებით, თბ., 1978; ფხვნი­ლოვანი დატვირთვა-განტვირთვის მექანიკურ-ტექნოლოგიური საფუძვლები კომბინირებული საკვების საწარმოებში, თბ., 1991.

თ. არსენაძე.