ენციკლოპედია (ბერძნ. Εγκυκλοπαιδεία, Κύκλος γνώσης - ცოდნის წრე), სამეცნიერო ან სამეცნიერო-პოპულარული საცნობარო გამოცემა (ჩვეულებრივ, ლექსიკონის სახით), ცოდნის სისტემატიზებული კრებული, რომელშიც ანბანური წყობით ან თემატურად წარმოდგენილია არსებითი ხასიათის ცნობები ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ან რომელიმე დარგიდან. არის სხვადასხვა შინაარსის და სტრუქტურის ენციკლოპედიები. შინაარსის მიხედვით: უნივერსალური – გვაწვდის არსებით ინფორმაციას ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითადი სფეროდან, დარგობრივი – აშუქებს ერთ რომელიმე სამეცნიერო დარგს (მაგ., ისტორია), რეგიონალური – ერთ რომელიმე ქვეყანას ან მხარეს, პერსონალური – გამოჩენილი პიროვნების ბიოგრაფიას, სპეციალური – ცალკეულ თემას (მაგ., დიდგორის ბრძოლა); სტრუქტურის მიხედვით: ანბანური (მასალა განლაგებულია ანბანური წყობით), სისტემური (მასალა გაშუქებულია დარგობრივ-თემატურ ციკლებად), სისტემურ-ანბანური ანუ შერეული (მიმოხილვით სტატიას მოსდევს თემატურად შესაბამისი ანბანური ნაწილი). ენციკლოპედია ასახავს ეპოქის მეცნიერული და კულტურული განვითარების დონეს.
ენციკლოპედიური ხასიათის შრომები უძველესი დროიდანაა ცნობილი ეგვიპტეში, ჩინეთში, საბერძნეთში, რომში; შუა საუკუნეებიდან კი – ევროპაში, არაბულენოვან სამყაროში. ტერმინის მნიშვნელობა ყოველთვის ერთი და იგივე არ იყო. ანტიკურ სამყაროში იგი იხმარებოდა ზოგადსაგანმანათლებლო ცოდნის ელემენტარული კრებულების, ე. წ. შვიდი თავისუფალი ხელოვნების (გრამატიკა, რიტორიკა, დიალექტიკა ანუ ლოგიკა, გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა და ასტრონომია) აღსანიშნავად. XVI საუკუნეში დასავლეთ ევროპაში ტერმინი გამოიყენებოდა ახალი მნიშვნელობით – სხვადასხვა შინაარსის კრებულის გაგებით. შემდგომ თანდათან შეიძინა ცოდნათა კლასიფიკაციის მნიშვნელობა და მოგვიანებით მიიღო დღევანდელი სახე. იმ ტიპის ნაშრომის სათაურად, რომელშიც მასალა განლაგებული იყო სისტემატიზებული წესით, ტერმინი ენციკლოპედია პირველად გამოიყენა ი. ალშტედმა 1620 წელს (ფილოსოფიური კურსის ენციკლოპედია), ხოლო 1728 წელს – ე. ჩემბერსმა იმ შრომის სათაურად, რომელშიც მასალა ანბანურად იყო განლაგებული. ენციკლოპედიური ლიტერატურის ფართო გავრცელებას სათავე დაუდო დ. დიდროსა და ჟ. ლ. დ’ალამბერის რედაქციით გამოცემულმა 35-ტომიანმა დიდმა ფრანგულმა ენციკლოპედიამ (მეცნიერების, ხელოვნებისა და ხელოსნობის ენციკლოპედია, ანუ განმარტებითი ლექსიკონი, 1751–1780 წწ.). მსოფლიო ენციკლოპედიური აზროვნების უდიდეს მონაპოვრად ითვლება ინგლისური ეროვნული ენციკლოპედია ბრიტანიკა (I გამოცემა 1768–1771 წწ.), პ. ლარუსის ენციკლოპედიები ფრანგულ ენაზე (XIX–XX სს.), ბროკჰაუზის სახელწოდებით ცნობილი გერმანული ენციკლოპედიები (1808 წლიდან), ი. მაიერის დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი (1840–1855 წწ.), ამერიკის ენციკლოპედია ამერიკანა (1903–1904 წლიდან), ესპანური ენციკლოპედია (1905–1930 წწ.), იტალიური ენციკლოპედია იტალიანა (1929–1939 წწ.), ფრანგული ენციკლოპედია (1933 წლიდან) და სხვ. ცნობილია არაერთი მნიშვნელოვანი რუსული ენციკლოპედიური გამოცემა: ფ. პავლენკოვის (1899 წ.), ძმები გრანატების (1891 წლიდან), ფ. ბროკჰაუზისა და ი. ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონები (1890–1907 წწ.); დიდი საბჭოთა ენციკლოპედია – I (1926–1947, 66 ტომად), II (1950–1958 წწ., 51 ტომად), III (1969–1978 წწ., 30 ტომად); რუსეთის, უკრაინისა და სხვა უნივერსალური თუ დარგობრივი ენციკლოპედიები და სხვ.
საქართველოში ტერმინი ენციკლოპედია XVIII საუკუნიდან იხმარება, თუმცა ძველი ქართული მწერლობის ძეგლთა შორის ბევრი ნაშრომი მრავალფეროვანი შინაარსისა და საკითხთა სისტემური განლაგების მიხედვით შეიძლება შეფასდეს ენციკლოპედიური ხასიათის თხზულებად (ამ ტერმინის ადრინდელი გაგებით). ასეთებია: მრავალთავები, სწავლანი, საეკლესიო ჰიმნოგრაფიული, პოლემიკურ-დოგმატიკური თუ ფილოსოფიურ-თეოლოგიური კრებულები, მატიანე-ცხოვრებანი და სხვ. უძველესი საუკუნეებიდან მომდინარე კრებული ე. წ. მრავალთავი (პ. ინგოროყვას განმარტებით დიდი მოცულობის ენციკლოპედია – ქრესტომათია) თავდაპირველად მხოლოდ ჰომილეტიკურ მასალას შეიცავდა. X საუკუნისათვის კი, როდესაც მისი შევსება-დახვეწა დასრულდა, იგი გახდა ჰომილეტიკურ-ჰაგიოგრაფიული. ამ ტიპის კრებულებიდან ჩვენამდე ნაკლული სახით მოაღწია ხანმეტმა (VIII ს. I ნახევარი), უდაბნოს (IX–X სს.), სვანურმა (X ს.), პარხლის (X ს.), ათონის (X ს.) მრავალთავებმა. მრავალფეროვანი შინაარსის გამო თავისებური ენციკლოპედია უწოდა კ. კეკელიძემ იოანე-ზოსიმეს მეტად მნიშვნელოვან, რთული შედგენილობის კრებულს `საგალობელნი იადგარნი~... (956 წ.). იადგარულ ნაწილში ავტორს გაშუქებული აქვს იმ დროის ქართულ სინამდვილეში არსებული ჰიმნოგრაფიული ნაღვაწი – არქაულიცა (VIII–IX სს.) და თანადროულიც (X ს. 30-იანი წლები) – და მათთვის მიწერილი აქვს ტერმინები: ძუელნი და ახალნი. X ს. 70-იანი წლების უნიკალური ხელნაწერი შატბერდის კრებული, რომელიც შეიცავს ეგზეგეტიკურ თხზულებებს, ჰაგიოგრაფიული და ისტორიული მწერლობის ნიმუშებს, დარგობრივ-თემატიკური მრავალფეროვნებით შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათის კრებულია. ამიტომ მის უსათაურო ნაწილს მ. ჯანაშვილმა სასწავლო წიგნი შეარქვა, ხოლო მ. შანიძემ მთლიანად ხელნაწერს – ენციკლოპედიური კრებული. 978–988 წლებში მიქაელ მოდრეკილმა შეადგინა უნიკალური კრებული, რომელშიც თავი მოუყარა საქართველოში არსებულ ნათარგმნ და ორიგინალურ ჰიმნოგრაფიულ მემკვიდრეობას. საგალობლებს მიწერილი აქვს ავტორთა სახელები და გალობის ნიშნები. ამ ენციკლოპედიურმა კრებულმა მრავალი საგულისხმო ლიტერატურულ-ისტორიული ცნობა შემოგვინახა.
იმ განმანათლებელ სწავლულთა შორის, რომლებმაც თარგმანის აღქმის გასაიოლებლად ტექსტს სხვადასხვა სახის შენიშვნები და კომენტარები დაურთეს, ერთ-ერთი პირველი იყო ექვთიმე მთაწმიდელი. მისი თარგმნილი თხზულებებიდან ბევრი შეიძლება შეფასდეს ენციკლოპედიური ხასიათის მქონედ თემის მრავალმხრივი განხილვისა და საკითხების სისტემური განლაგების გამო, მაგ., მათეს სახარების იოანე ოქროპირისეული კომენტარები, რომლებიც სპეციალური, ანუ თემატური ენციკლოპედიის წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს. ექვთიმეს ტრადიცია გააგრძელა გიორგი მთაწმიდელმა. მისი ნაშრომებიდან საგანგებოდ გამოსაყოფია „თთუენი ათორმეტნივე“. კრებული უნიკალურია თავისი სისრულითა და საგალობელთა სისტემატიზებული განლაგებით.
ექვთიმე და გიორგი მთაწმიდლების საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააგრძელა ეფრემ მცირემ. მან თარგმანის ტექსტის გაგებისათვის საჭირო შენიშვნები შეიტანა არა თავად ტექსტში, არამედ წინასიტყვაობაში, ანდერძსა და სქოლიო-კომენტარებში. ფილოლოგიური, ლექსიკოლოგიური თუ გრამატიკული ხასიათის ეს კომენტარები მეცნიერულ-საცნობარო აპარატის როლს ასრულებს და ეფრემის თხზულებებს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ეგზეგეტიკური თხზულება „ფსალმუნთა განმარტება“, რომელშიც ბიბლიურ-საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებები ანბანთრიგზეა გაწყობილი.
არსენ იყალთოელის შემოქმედებიდან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მის მიერ თარგმნილი პოლემიკური, დოგმატიკურ-ფილოსოფიური და მორალური ხასიათის თხზულებებისგან შედგენილი კრებული `დოგმატიკონი~, რომლის ხელნაწერის კიდეებზე მრავლადაა არსენის ხელით მიწერილი საღვთისმეტყველო ცნებათა განმარტებების შემცველი სქოლიო-შენიშვნები, რაც კრებულს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს.
ქართული ფილოსოფიური და ენციკლოპედიური აზროვნების ჩამოყალიბება-განვითარებასა და სამეცნიერო-ფილოსოფიურ ტერმინებისა და ცნებების შემუშავება-დამკვიდრებას დიდი ამაგი დასდო იოანე პეტრიწმა. მან პროკლე დიადოქოსის თხზულების „კავშირნი ღმრთისმეტყველებითნის“ თარგმანი გააღრმავა და გაამდიდრა კომენტარებით და შენიშვნებით, დაურთო ბოლოსიტყვაობა, რომელშიც ჩამოაყალიბა თავისი თეოლოგიური სისტემა. მისი თანამედროვენი ამ თარგმანს საგანმანათლებლო ხასიათის ნაწარმოებად თვლიდნენ.
წინამორბედ მოღვაწეთა ტრადიციებს აგრძელებს ანტონ I კათოლიკოსი. საინტერესოა მისი დოგმატიკურ-პოლემიკური ხასიათის თხზულება „მზამეტყველება“, რომელიც საკვლევი თემის (მონოფიზიტური იდეოლოგიის კრიტიკა) ყოველმხრივი და სისტემატიზებული განხილვით ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთივე ხასიათისაა ანტონის „ღვთისმეტყველება“ (4 ტომად), რომლის ძირითადი წყაროა ფრანგულ ენაზე პარიზში გამოცემული საღვთისმეტყველო ენციკლოპედია.
ახალი ეტაპი ქართული ენციკლოპედიური აზროვნების განვითარებაში იწყება ს.-ს. ორბელიანის ქართული ლექსიკონით, ანუ „სიტყვის კონით“. ლექსიკონის თავდაპირველი ამოცანა იყო ქართულ წერილობით წყაროებში დადასტურებული ყველა სიტყვის აღნუსხვა. მაგრამ იმის გამო, რომ საბამ სიტყვები განმარტა კიდეც, ლექსიკონში შეიტანა ონომასტიკა და ტოპონიმიკა, დაურთო ქართული ლექსიკის უცხო შესატყვისები, ნაშრომი გასცდა განმარტებითი ლექსიკონის ფარგლებს და შეიძინა ერთგვარად უნივერსალური ხასიათი – გახდა ენციკლოპედიურიცა და თარგმნითიც. მისი სახით უკვე XVIII ს. 10-იან წლებში გვაქვს თანამედროვე ენციკლოპედიურ ლექსიკონთან მიახლოებული ტიპის ნაშრომი.
ს.-ს. ორბელიანის ლექსიკოგრაფიული მოღვაწეობის გამგრძელებლები არიან დავით და იოანე ბატონიშვილები. ისინი ცდილობდნენ ქართული ლექსიკონისთვის უფრო მეტად მიეცათ ენციკლოპედიური ხასიათი: ავრცობდნენ ახალი ტერმინებით, ახალშემოსული ევროპული სიტყვებით, ბევრ სიტყვას ურთავდნენ უცხო შესატყვისებს, კომენტარებს, წყაროების დასახელებას, იყენებდნენ უახლეს სპეციალურ ლიტერატურას.
დავით ბატონიშვილმა 1788 წელს შეადგინა მითოლოგიური ლექსიკონი გ. ჩულკოვის ამავე სახელწოდების ლექსიკონის მიხედვით; მისი ერთ-ერთი წყაროა ფსევდონონეს მითოლოგიური კომენტარების ეფრემ მცირისეული თარგმანი. მითოლოგიური გმირებისა და სამყაროს ყოველმხრივი აღწერა-დახასიათება ლექსიკონს ენციკლოპედიურ ხასიათს ანიჭებს.
იოანე ბატონიშვილის ქართული ლექსიკონი (შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტი) ძირითადად საბას ლექსიკონს ეფუძნება, მაგრამ დამატებული აქვს ბიოლოგიური, სამედიცინო, გრამატიკული და ფილოსოფიური ტერმინები, პერსონალია, ტოპონიმიკა, სამედიცინო-ფარმაკოლოგიური რჩევა-დარიგებები, რაც მის ენციკლოპედიურ ხასიათსა და პრაქტიკულ დანიშნულებას განსაზღვრავს.
იოანეს „კალმასობა“ (ხუმარსწავლა) თავისებური ენციკლოპედიაა, რომელიც მკითხველს აწვდის იმ დროის მეცნიერულ მიღწევებს.
ტერმინი ენციკლოპედია XIX ს. დამდეგიდან ხშირად გამოიყენება თარგმანებსა თუ ორიგინალურ თხზულებებში. მაგ., „ყრმათა ენციკლოპედია, ანუ ახალნი შემოკლებულნი ჰსწავლანი ყოვლისა გვარისანი“, რომელიც იოანე ბატონიშვილის დავალებით რუსული ენიდან თარგმნა ი. ბაზლიძემ (დაცულია ხელნაწერის სახით).
1823 წელს სანქტ-პეტერბურგში დაიბეჭდა გ. ჩუგუნაშვილის (ჩუგუნოვი) წიგნი – `ენციკლოპედია ანუ შეკრებილება ზნეობათა სწავლათა ჰაზრთანი, და განსჯანი სხუათა და სხუათა თავთათჳს და აღსხმული ანბანთა ზედა~, რომელიც შედგენილია ფრანგულიდან თარგმნილი თხზულების მიხედვით. მასში სამი დამოუკიდებელი ნაწილია, აქედან ერთი – საკუთრივ ენციკლოპედია. ეს ნაშრომი პირველი ქართული გამოცემაა, რომლის სათაურშიც არის ტერმინი ენციკლოპედია.
ქართული ენციკლოპედიური აზროვნებისათვის მნიშვნელოვანია ი. როსტომაშვილის მიერ თბილისში გამოცემული რუსული ენციკლოპედიური ლექსიკონი – „სალარო ცოდნისა“ (1898–1899 წწ., ტ. I. А – Тяуръ, ოთხ წიგნად). ეს იყო პირველი თანამედროვე მეცნიერულ საფუძველზე გაწყობილი ენციკლოპედია (ი. როსტომაშვილი სარგებლობდა ბროკჰაუზის ენციკლოპედიის პრინციპებით).
ენციკლოპედიის გამოცემა კიდევ რამდენჯერმე სცადეს: 1904 წელს შექმნილმა საგანგებო ამხანაგობამ „ცისკარმა“ (თავმჯდომარე პ. თუმანიშვილი, დამფინანსებელი – ი. ზუბალაშვილი) შეიმუშავა რეგიონალური ენციკლოპედიების საქართველოს მოსამზადებელი პროგრამა. უნდა გამოსულიყო თავდაპირველად რუსულ, შემდეგ კი – ქართულ და ფრანგულ ენებზე 10 ტომად. რედაქტორებად მოიაზრებოდნენ ა. ცაგარელი, ვ. პეტრიაშვილი და ა. ხახანაშვილი. ყოველ დარგს თითო ტომი დაეთმობოდა. ა. ხახანაშვილს უნდა დაეწერა: 1. ქართული მწერლობა XIX საუკუნემდე; 2. შოთა რუსთაველი; 3. ქართული მწერლობა – XIX საუკუნე. რა ბედი ეწია ამ ჩანაფიქრს, უცნობია.
1912 წელს ბაქოში მცხოვრები ქართველი და რუსი მოღვაწენი აპირებდნენ გამოეცათ სოციალური და პოლიტიკურ-ეკონომიური საგნების ენციკლოპედიური ლექსიკონი ორ დიდ ტომად. შეადგინეს სიტყვანი და განისაზღვრა სტატიათა მოცულობა.
1914 წელს რუს მწერალს გ. რუკავიშნიკოვს განუზრახავს კავკასიის ენციკლოპედიის გამოცემა რუსულ ენაზე 10 ტომად. ენციკლოპედიის მკითხველისთვის უნდა მიეწოდებინა კავკასიის შესახებ მეცნიერულად დაზუსტებული და დამუშავებული, სისტემატიზებული წესით დაწყობილი ცნობები სათანადო ლიტერატურის მითითებით. ავტორებად კავკასიის მცოდნე პირთა შორის მიწვეული იყვნენ ნ. მარი და ო. უორდროპი.
1927 წელს თბილისში დაიბეჭდა ი. აბულაძის „რუსულ-ქართული ლექსიკონი სალიტერატურო, საპოლიტიკო და უცხო სიტყვათა და ტერმინთა ჩართვით“ (ნაწილი I, А–Л). ლექსიკონი შინაარსით, შედგენის პრინციპით, განმარტების სპეციფიკურობით ენციკლოპედიური ხასიათისაა.
ე
ნციკლოპედიის გამოცემა 30-იან წლებშიც სცადეს. საკავშირო კპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის 1932 წ. 25 სექტემბრის დადგენილებით შეიქმნა სარედაქციო კოლეგია ქართული საბჭოთა დიდი ენციკლოპედიის მოსამზადებლად მ. ტოროშელიძის (მთ. რედაქტორი), ს. ყაუხჩიშვილის (პ/მგ მდივანი), ნ. მარის, ნ. მუსხელიშვილის, ა. შანიძის, გ. ახვლედიანის, ვ. ბერიძის, პ. შარიასა და სხვათა შემადგენლობით. ჩამოყალიბდა სიტყვანის განყოფილება, რომელმაც უკვე 1933 წლისთვის მოამზადა 50000 ტერმინისაგან შემდგარი კარტოთეკა, პირველ სამ ასოზე (ა, ბ, გ) დაიწერა 6022 სტატია, მომზადდა კონტინენტებისა და საქართვ. რაიონების რუკები, ჩამოისხა ხუთნაირი შრიფტი და 1935 წლის ზაფხულში დაიწყო ტექსტის აწყობა. 1936 სექტემბრამდე აიწყო 17 თაბახი, დაიბეჭდა 11 თაბახი ტექსტი და 5 რუკა. ამით გამოცემაზე მუშაობა შეწყდა.
ენციკლოპედიის არქივში ინახება ავტორთა სტატიები და სამაკეტოდ დასტამბული ტექსტის ათიოდე თაბახი. გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა მიერ შექმნილ საენციკლოპედიო წერილებს დღემდე არ დაუკარგავს მეცნიერული ღირებულება (ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, სიმონ ჯანაშიას, გერონტი ქიქოძისა და სხვ. წერილები).
განახლებული სახით ქართული ენციკლოპედიის რედაქცია 1966 წელს დაარსდა ირაკლი აბაშიძის თაოსნობით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ამ საშვილიშვილო საქმეს.
ჭეშმარიტად ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა რედაქციის მიერ პირველი ქართული უნივერსალური ენციკლოპედიის თერთმეტტომეულის (დამატებით ორი სპეცტომი) გამოცემას 1975-1987 წლებში (მთავარი რედაქტორი _ ირაკლი აბაშიძე, მთ. რედაქტორის მოადგილეები: როინ მეტრეველი, ავთანდილ საყვარელიძე, პ/მგ მდივანი გიორგი ჟორჟოლიანი, თენგიზ ხოშტარია, იაგო ვარდოსანიძე). მის შექმნაზე მუშაობდნენ ქართული მეცნიერების კორიფეები: ალექსანდრე ბარამიძე, თამაზ გამყრელიძე, ილია ვეკუა, პავლე ინგოროყვა, ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი, ვიქტორ კუპრაძე, ნიკოლოზ (ნიკო) მუსხელიშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია, ევგენი ხარაძე, სერგი ჯიქია და სხვ. ეს იყო პირველი ქართული მრავალტომეული უნივერსალური სამეცნიერო ცნობარი, რომელიც მოიცავს 70 ათასამდე ტერმინს და ასახავს ადამიანის ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ძირითად სფეროს. ენციკლოპედიის 80-ათასიანი ტირაჟი მალე გაიყიდა და რარიტეტად იქცა. იგი დღემდე რჩება ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ ქართულ ენაზე ცოდნის სხვადასხვა სფეროში.
„ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ ბოლო ტომის გამოცემიდან (1987) დიდი დრო გავიდა. მას შემდეგ ჩვენში, და მთლიანად მსოფლიოში, ისტორიული ცვლილებები მოხდა. განსაკუთრებით რთული იყო რედაქციისათვის, ისევე როგორც მთელი ქვეყნისათვის, 1990-იანი წლები. თანამშრომლებს, ფაქტობრივად, უსახსროდ უწევდათ სამეცნიერო საქმიანობა. მიუხედავად ამისა, შესაძლებელი გახდა მუშაობის დაწყება ენციკლოპედია „საქართველოზე“, რომლის პირველი ტომი 1997 წელს გამოიცა.
2006 წელს, მას შემდეგ, რაც ენციკლოპედიის რედაქციის შენობა გადაეცა ილიას უნივერსიტეტს, ენციკლოპედია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაში განთავსდა და აკადემიის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.
2012 წელს განახლდა ენციკლოპედია „საქართველოს“ მორიგი ტომების მომზადება, რაც ამჟამად რედაქციის მთავარი საქმიანობაა. ენციკლოპედია „საქართველო“ მკითხველს აწვდის უნივერსალურ ინფორმაციას საქართველოსა და ქართველებზე, ყველა მნიშვნელოვან მოვლენაზე, ფაქტსა თუ მოღვაწეზე, ასევე იმ უცხოელებსა და მსოფლიო-ისტორიულ მოვლენებზე, რომელთაც ღრმა კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ცოდნისა და პრაქტიკული საქმიანობის ყველა ის ძირითადი სფერო, რომელთან დაკავშირებითაც საქართველო განიხილება მსოფლიოს საერთო ისტორიულ-კულტურულ კონტექსტში. 2024 წელს გამოიცა ენციკლოპედია „საქართველოს“ მეხუთე ტომი. მორიგი ტომის გამოცემა 2026 წლისთვისაა გათვალისწინებული. ქართული ენციკლოპედიის სტატიები გამოირჩევა მაღალი აკადემიური დონითა და მეცნიერული სანდოობით. ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭოს, სამეცნიერო სექციების წევრები და კონსულტანტები არიან შესაბამისი დარგების მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები.
ბოლო 25 წლის განმავლობაში ენციკლოპედიის რედაქციამ სამეცნიერო საზოგადოებასა და ფართო მკითხველს რამდენიმე საინტერესო გამოცემა შესთავაზა. კერძოდ, 2002 წელს გამოიცა ენციკლოპედია „თბილისი“, რომელშიც თავმოყრილი და სისტემაში მოყვანილია ძირითადი ცნობები ჩვენი დედაქალაქის შესახებ. წიგნმა ქართველი მკითხველის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. 2008 წელს კი, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ქართული ენეციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ გამოსცა ენციკლოპედიური ლექსიკონი „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“. წიგნში დეტალურადაა ასახული თბილისის ქუჩების მდებარეობა, ისტორია და არქიტექტურული სახე; მოცემულია იმ პირთა ბიოგრაფიული ცნობები, რომელთა სახელსაც ატარებს ესა თუ ის ქუჩა. წიგნს დართული აქვს სახელშეცვლილი ქუჩების სია, 117 სქემატური რუკა თავისი საძიებლებით, რომლებშიც მითითებულია 2400-მდე ობიექტის კოორდინატები; გამოცემას უფრო თვალსაჩინოს ხდის ასობით ფოტოილუსტრაცია. ეს არის უნიკალური გამოცემა, რომელშიც ასახულია ის ცვლილებები, რომლებიც განიცადა თბილისის ქუჩების სახელწოდებებმა XIX საუკუნიდან მოყოლებული. ამისათვის დამუშავდა 1846-1917 წლებში გამოცემული კავკასიის კალენდრები, თბილისის გეგმები და ტოპოგრაფიული რუკები, ქუჩების ცნობარები, თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული საარქივო მასალა, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული შესაბამისი ლიტერატურა და სხვ.
ქართული ენციკლოპედიის მთავარმა სამეცნიერო რედაქციამ, არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტთან ერთად, მოამზადა განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონთა სერია: კონა გიგინეიშვილის „ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985); „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ერთტომეული“ (1986, მეორე გამოცემა 2 ნაკვეთად, 1990); „საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1987; მეორე გამოცემა 2009); „საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1987); „საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1989); „უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1989) და სხვ.
2008 წელს გამოიცა პირველი ქართული სამეცნიერო-დარგობრივი ენციკლოპედია `ქართული ენა”, რომელიც მოიცავს ქართული ენის ისტორიისა და ფუნქციონირების (სალიტერატურო ენა, სახელმწიფო ენა) ყველა ასპექტს. იგი აშუქებს ქართული ენის ისტორიის, სტრუქტურის, დიალექტური შედგენილობის პრობლემებს მოყოლებული ძველი დროიდან თანამედროვე ქართულის ჩათვლით. ქართული ენა განხილულია ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე დონეზე. ნაშრომი ასახავს ქართველ მეცნიერთა და უცხოელ ქართველოლოგთა მიღწევებს ამ დარგში. ენციკლოპედიაში ასახულია მასალა ქართველური და კავკასიური ენების, აგრეთვე, იმ ენების შესახებაც, რომლებიც საქართველოში იყო ან არის გავრცელებული, ან რაიმე კონტაქტი ჰქონდა ქართულ ენასთან უშუალოდ, ან მწიგნობრული გზით. ზოგიერთი ცნობა დაიბეჭდა პირველად. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ძველი ქართული გრამატიკული აზრის განვითარებისა და ლექსიკოლოგიური კვლევის შემსწავლელი მასალები, მ. შ. ზოგი პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ენციკლოპედიაში მიმოხილულია მნიშვნელოვანი ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, რომლებიც შემონახულია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. უნდა აღინიშნოს ჩრდილო კავკასიაში გავრცელებული ქართული ძეგლების ამსახველი მასალები. სტატიებს ახლავს უნიკალური ილუსტრაციები. ზოგიერთი ცნობა და ილუსტრაცია პირველად გახდა ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის. ენციკლოპედიაში ასახულია ქართული მწიგნობრობის ცენტრები უძველესი დროიდან მოყოლებული, თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი სამეცნიერო დაწესებულებების ჩათვლით. 2011 წელს წიგნის შემდგენელ იზაბელა ქობალავასა და რედაქტორ გუჩა კვარაცხელიას მიენიჭათ აკად. აკაკი შანიძის სახელობის პრემია.
პარალელურად მომზადდა „ქართული დამწერლობა“, პოპულარული გამოცემა ალბომის სახით მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის. წიგნის ტექსტის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფ. ელენე მაჭავარიანი. ძველი ქართული დამწერლობის – ასომთავრულისა და ნუსხურის – შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძველი კულტურული მემკვიდრეობის გამოსავლენად, განსაკუთრებით - ძეგლების ზუსტი დათარიღების თვალსაზრისით. ვიზუალური მასალის საფუძველზე წიგნში წარმოდგენილია ყოველი ასო-ნიშნის გრაფიკული შედარება თანამედროვე მხედრულ დამწერლობასთან, ხოლო ნუსხური მწერლობა განიხილება როგორც შუალედური, გარდამავალი ეტაპი ამ საერთო განვითარებაში.
2011 წელს ენციკლოპედიის რედაქციამ მკითხველს შესთავაზა წიგნი „100 ქართველი უცხოეთში“ იმ ქართველებისა და ქართული წარმოშობის პირთა შესახებ, რომლებმაც უძველესი დროიდან დღემდე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს უცხოეთის ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაში, მეცნიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ზოგი მათგანი საქართველოში არ დაბადებულა, ზოგიერთს საქართველოში არც უცხოვრია ან ბავშვობისას დაუტოვებია სამშობლო; ისინი იმ ქვეყნის კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილად იქცნენ, რომელშიც მოღვაწეობდნენ. შთამბეჭდავია ამ ქვეყნების ჩამონათვალი: ეგვიპტე, ბიზანტია, საბერძნეთი, პალესტინა, ირანი, ოსმალეთი, ევროპის ქვეყნები, რუსეთი, ამერიკა... გამოცემაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისინი, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სხვა ქვეყნის ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში (უფრო მეტიც, ზოგი მათგანი წმინდანად და ეროვნულ გმირადაც კი შერაცხეს), არამედ ისინიც, რომლებიც უცხოეთში საქართველოსთვის დაშვრნენ და საქართველოს იქიდან გაუწიეს ფასდაუდებელი სამსახური.
2014 წელს ენციკლოპედიის რედაქციამ მკითხველს შესთავაზა აღნიშნული გამოცემის მეორე ტომი - „100 ღირსახსოვარი სახელი“. იგი მიეძღვნა იმ არაქართული წარმომავლობის ცნობილ მოღვაწეებსა და უცხოელებს, რომლებმაც დიდი ამაგი დასდეს საქართველოს კულტურას, მეცნიერებასა და ა. შ. ეს გამოცემა (ქართული, რუსულ და ინგლისურ ენებზე) მადლიერების გამოხატულებაა ამ დიდი პიროვნებების მიმართ, თავისებური საბუთი იმისა, რომ საქართველოში არ ივიწყებენ და პატივს მიაგებენ მათ, ვინც გვერდით გვედგა ბედნიერებისა თუ უბედობის ჟამს.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან საქმეს - სამეცნიერო-საცნობარო, ენციკლოპედიური ხასიათის მრავალტომეულის - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის” გამოცემას. სამუშაოთა კოორდინაცია და კრებულის გამოცემა იმთავითვე დაევალა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციას.
ხანგრძლივი სამეცნიერო-კვლევითი და სარედაქციო მუშაობის შედეგად, 1990 წელს გამოიცა მრავალტომეული აღწერილობის პირველი წიგნი, რომელიც ეძღვნება გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 1247 ძეგლი (აღინიშნა საქართველოს სახელმწიფო პრემიით, 1993).
2008 წელს გამოიცა მეორე წიგნი, რომელიც ეძღვნება ახმეტის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 1409 ძეგლი.
2013 წელს გამოიცა მესამე წიგნი. ეძღვნება გურჯაანის, დედოფლისწყაროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 675 ძეგლი.
2015 წელს გამოცემულ მეოთხე წიგნში მიმოხილულია თელავის მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის 363 ძეგლი.
2019 წელს გამოცემული მეხუთე წიგნი ეძღვნება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. წიგნში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 266 ძეგლი.
2021 წელს გამოიცა მეექვსე წიგნი. იგი ეძღვნება სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ისტორიისა და კულტურის ძეგლებს. მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 250 ძეგლი.
ამრიგად, აღწერილობის ექვსივე ტომში მიმოხილულია ისტორიისა და კულტურის 4210 ძეგლი. ზემოხსენებული 6 ტომის მასალა გაერთიანდა უნიკალურ გამოცემაში „კახეთი“, რომელიც მომზადდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრთან ერთად. წიგნი გამოიცა 2025 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით, მასში მიმოხილულია 1235 ხუროთმოძღვრული ძეგლი და მოცემულია ისტორიული ცნობები 70 დასახლებული პუნქტის შესახებ. სახვითი მასალა: 1222 ნახაზი, 1077 ფოტოსურათი, 13 რუკა. გადამოწმდა და განახლდა ათეულობით ნაგებობის აზომვითი ნახაზები. წიგნში მოთავსებული ყველა ნახაზი ხელახლა, მაღალი სტანდარტის შესაბამისად იქნა დამუშავებული. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა წიგნზე, რომელიც ეძღვნება შიდა ქართლის (ცხინვალის რეგიონის) ძეგლებს. ამ ნაშრომს, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
თითოეულ აღნიშნულ წიგნს აქვს შესავალი, რომელშიც მიმოხილულია მხარის ისტორია, არქეოლოგიური და მატერიალური კულტურის ძეგლები. საკუთრივ მუნიციპალიტეტს ახლავს მოკლე საცნობარო სტატია, ასევე ცალკე სტატიაა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებისა და იმ სოფლების შესახებ, რომლებზეც შესაძლებელი გახდა ისტორიული ცნობების მოპოვება. სტატიების უმეტესობა ილუსტრირებულია ნახაზებითა და ფოტოსურათებით. წიგნის სამეცნიერო ღირებულება და პრაქტიკული დანიშნულება საკმაოდ მაღალია, რადგან მასში შეტანილი ხუროთმოძღვრული ძეგლების ნაწილი პირველად ქვეყნდება და პირველწყაროს მნიშვნელობას იძენს.
2023 წელს გამოიცა საბა მეტრეველის „ქართული აგიოგრაფიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, რომელშიც შესულია ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლებში (IV - XVIII სს.) მოხსენიებული სასულიერო და საერო პირები, ბიბლიური პერსონაჟები და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები და აგიოგრაფიული ტერმინები. წიგნის რედაქტორები არიან აკადემიკოსები როინ მეტრეველი და ავთანდილ არაბული.
ენციკლოპედია ერის ერთგვარი პასპორტი, მისი კულტურისა და განათლების გამოხატულებაა. დღევანდელ „ციფრულ სამყაროში“ კი განსაკუთრებით აქტუალურია საკუთარი სივრცის დამკვიდრება, მკითხველისათვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდების საშუალებით. ამის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენციკლოპედიის სპეციალური ვებგვერდის (georgianencyclopedia.ge) დახვეწასა და განვითარებას.
დღეისათვის ვებგვერდზე განთავსებულია ენციკლოპედია „საქართველოს“ 5 ტომის 15 ათასზე მეტი სტატია, ილუსტრაციებითა და ვიზუალური მასალით. სტატიების ხილვათა რაოდენობა მილიონს უახლოვდება. აღნიშნულ სტატიებში შესწორებების ან დამატებების შეტანა მხოლოდ ენციკლოპედიის რედაქციის პრეროგატივაა, ისევე როგორც ვებგვერდის მასალების მუდმივი განახლება და შევსება.
2024 წლიდან ენციკლოპედიის რედაქციამ დაიწყო ენციკლოპედია „საქართველოს“ სტატიების ინგლისურად თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება. 2025 წლის ბოლოსათვის ითარგმნება დაახლოებით 800 სტატია, მათი ხილვების რაოდენობა სწრაფად იზრდება. იმის გათვალისწინებით, რომ ციფრული სივრცე ფაქტობრივად მონოპოლიზებულია რამდენიმე გლობალური პლატფორმის მიერ, ენციკლოპედიის ვებგვერდის შემდგომ განვითარება ფრიად აქტუალურია. ეს ეფექტური საშუალებაა საქართველოს შესახებ ობიექტური და აკადემიურად სანდო ინფორმაციის გავრცელებისათვის.
ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია არის „ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის“ წევრი (European Encyclopedia Networl, EEN), რომელიც აერთიანებს ევროპის 15 ქვეყნის ენციკლოპედიური გამოცემის რედაქციას. EEN–ის პირველი შეხვედრა გაიმართა 2019 წელს ბრიუსელში, მომდევნო წლიური შეხვედრები ხორვატიასა და ნორვეგიაში, ხოლო 2025 წელს იტალიაში. 2023 წელს მიღებულ იქნა გაერთიანების ქარტია.
EEN–თან თანამშრომლობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების გაცნობისა და გაზიარების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეზინფორმაციასა და ე. წ. ფეიკნიუსების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, რაც გლობალურ გამოწვევად იქცა.
2026 წლის შემოდგომაზე EEN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, სავარაუდოდ, გაიმართება თბილისში და მიეძღვნება ქართული ენციკლოპედიის დაარსების 60 წლისთავს.