კიკალიშვილი

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

თამაზ ოლიფანტეს ძე (დ. 13. VI. 1937, თბილისი), მოცეკვავე. საქართვ. სახ. არტისტი (1981). ქართული ხალხური ცეკვის ხელოვნებას დაეუფლა თბილ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში (ახლანდ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე) ქორეოგრაფ რ. ჭოხონელიძის ხელმძღვანელობით. 1955–81 იყო საქართვ. ხალხური ცეკვის სახელმწ. აკად. ანსამბლის (ახლანდ. ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახ. ქართ. ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე (სოლისტი). კ. წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. მისი შემოქმედებითი ინდივიდუალურობა და მაღალი ოსტატობა განსაკუთრებით გამოვლინდა ცეკვებში: „მხედრული“, „შეჯიბრი“, „აჭარული სიუიტა“, „მოხეური“, „განდაგანა“, „ძველი თბილისის სურათები“, „ლელო“ და სხვ. მისი ცეკვა გამოირჩეოდა დახვეწილი არტისტიზმით, შესრულების მაღალი კულტურით, სცენური გამომსახველობით და ცეცხლოვანი ტემპერამენტით. 1981–88 მუშაობდა ბორჯომის კულტურის სახლთან არსებულ ქართ. ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ხელმძღვანელად.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).

თ. უთმელიძე.


კიკალიშვილი თენგიზ მაკარის ძე (დ. 22. II. 1938, თბილისი), მოქანდაკე. საქართველოს დამს. მხატვარი (1982). 1957–63 სწავლობდა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიაში (ქანდაკების განყ-ბა). სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1963-იდან. მუშაობს როგორც მონუმენტურ, ასევე დაზგურ ქანდაკებაში. ნამუშევრები: „შურისმაძიებელი“ (1964), „დეიდა ანა“ (1967), „ადამიანი კოსმოსში“ (1969), „მამაკაცის პორტრეტი“ (1974), „სვანი გოგონას პორტრეტი“ (1977), „აკადემიკოს შალვა ამირანაშვილის პორტრეტი“ (1978), „ბალადა სიყვარულზე“ (1979), „გ. ჯაფარიძის პორტრეტი“ (1980), „ჭაბუკის პორტრეტი“ (1981), „აკაკი ხორავას პორტრეტი“ (1982); კ. გამსახურდიას (1983), შ. ყავლაშვილის (1999), დ. სარაჯიშვილის (2002) ძეგლები (სამივე თბილისში) და სხვ.; მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნება: კერამიკული რელიეფი „ცეკვა“ სასტუმრო „საუნივერსიტეტოს“ კაფეში (1981, მოსკოვი), ქორწინების სახლის გაფორმება (1982, ქუთაისი). გამოფენები: ჯგუფური (ლ. ქველიძე, ა. თოფურიძე, ვ. ჭუმბურიძე, გ. შხვაცაბაია, 1977, თბილისი), „ფიზკულტურა და სპორტი სახვით ხელოვნებაში“ (1979, თბილისი), „საქართველოს სსრ სახვითი ხელოვნება“ (1987, მოსკოვი), „ქართული დაზგური ქანდაკება“ (1991, თბილისი) და სხვ. კ-ის ნამუშევრები დაცულია დ. შევარდნაძის სახ. ეროვნ. გალერეასა და დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის სახვ. ხელოვნ. გალერეაში.


კიკალიშვილი ლიანა ავთანდილის ასული (დ. 7. VIII. 1951, მარტვილი), ტოპოგრაფ-ანატომი. მედ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2002). 1974 დაამთავრა თსსი. ინ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობს ამავე ინ-ტის (ახლანდ. უნ-ტი) ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრაზე, 1999–2004 კათედრის პროფესორია, 2009-იდან – დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კ. იკვლევს ღვიძლის მორფოლოგიის საკითხებს. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 5 სახელმძღვანელოს ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000). თხზ.: თავისა და კისრის ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, თბ., 2006; ტოპოგრაფიული ანატომია და ოპერაციული ქირურგია, თბ., 2014; Clinical Anatomy by Regions, Tb., 2012.