,,არგო"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1).ძვ. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ასე ეწოდებოდა ხომალდს, რ-ითაც იმოგზაურეს ბერძენმა გმირებმა საბერძნეთიდან კოლხეთში ოქროს საწმისის მოსაპოვებლად.

პირველ ცნობებს „ა-სა“ და კოლხური გარემოს შესახებ ჰომეროსის „ილიადასა“ და „ოდისეაში“ ვხვდებით: «ტალღებს მიაპობს ყველასათვის ცნობილი საზღვაო ხომალდი „არგო“» („ოდისეა“, XII სიმღერა, 69–70 ტაეპები). გადმოცემის თანახმად „ა.“ სწორკუთხა აფრითა და 50 ხოფით აღჭურვილი სამხ. ხომალდი ყოფილა (სინამდვილეში 50-ხოფიანი ხომალდი – პენტაკონტერი გამოიგონეს და ააგეს მხოლოდ ძვ. წ. VII ს-ში, ასე რომ, „ა.“ იქნებოდა 20-ხოფიანი ხომალდი), რ-იც აუგია არგოსს. აქედან მოდის ხომალდის სახელწოდებაც. ბერძნ. თქმულება არგონავტების კოლხეთში ლაშქრობის შესახებ მიკენურ ხანაში შეიქმნა (დაახლ. ძვ. წ. XIII ს. I ნახ.) და მასში აისახა ბერძენ-აქაველთა პირველი მოგზაურობანი შავი ზღვის სანაპიროებისაკენ.

იხ. აგრეთვე სტ. სევერინი ტ.

ლიტ.: აპოლონიოს როდოსელი, არგონავტიკა, ა. ურუშაძის გამოც., თბ., 1970; კუტალეიშვილი ზ., ნაოსნობა საქართველოში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული გამოკვლევა), თბ., 1987; ლორთქიფანიძე ო., არგონავტიკა და ძველი კოლხეთი, თბ., 1986; ურუშაძე ა., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.

ზ. კუტალეიშვილი.

2). არყის მწარმოებელი ამხანაგობა თბილისში. დაარსდა 1907 ა. სოგომონოვის სარექტიფიკაციო ქ-ნის ბაზაზე. გამგეობის თავ-რე იყო გაზაევი, ხოლო რექტიფიკატორი – საველიევი. საარყე ნედლეულად იყენებდნენ ყურძნის ჭაჭასა და თუთას. 1911 აწარმოეს 3507031 გრადუსი (406094 მან.) სპირტი. ძირითადი კაპიტალი უდრიდა 100 ათ. მანეთს (1913). „ა-მ“ არსებობა შეწყვიტა I მსოფლიო ომის (1914–18) პერიოდში.

ა. სტეფანიშვილი.