,,აჭარა"

ენციკლოპედია "საქართველო" - ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია გვერდიდან
Jump to navigation Jump to search

1). „აჭარა“, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ყოველდღიური გაზეთი. სხვადასხვა დროს ბათუმის საოლქო რევკომისა და მე-11 წითელი არმიის პოლიტ. განყ-ბის; საქ. ბათკომის და აჭარისტანის ცენტრალური კომიტეტის (ცაკის); საქ. კპ(ბ) აჭარისტანის, აჭარისტანის ცაკის და აჭარპროფსაბჭოს; საქ. კპ(ბ) აჭარისტანის საოლქო კომიტეტის, მუშათა, გლეხთა, წითელარმიელთა და მეზღვაურთა დეპუტატების საბჭოების ცაკის და აჭარისტანის პროფსაბჭოს; საქ.კპ(ბ) აჭარისტანის ოლქკომის და აჭარისტანის ცაკის, პროფსაბჭოსა და ბათუმის ქალაქის საბჭოს; საქ. კპ(ბ) აჭარის ოლქკომის და აჭარის ცაკის; საქ. კპ(ბ) აჭარის საოლქო კომიტეტის და აჭარის ასსრ მშრომელთა დეპუტატების საბჭოს; საქ. კპ საოლქო კომიტეტის, აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს უმაღლესი პერიოდული ბეჭდვითი ორგანო. გამოდის 1921 წ. 19 მარტიდან. „ა-ს“ რამდენჯერმე შეეცვალა სახელი. თავდაპირველად ეწოდებოდა „უწყებები“ (1921–22), „პროლეტარიატის ბრძოლა“ (1922–24), „ფუხარა“ (1924–29), „საბჭოთა აჭარისტანი“ (1929–36), „საბჭოთა აჭარა“ (1936–90), „აჭარა“ (1990-იდან). „ა-ს“რედაქტორები იყვნენ: ს. ჩიხლაძე (1921–22), თ. ჟღენტი (1922), ნ. ზომლეთელი (1923), ი. ბახტაძე (1923–24). თ. სიხარულიძე (1924–25), ა. პაპავა (1925–28), დ. დუმბაძე (1928–31), დ. ვოლსკი (1931–32), ვ. ბუაჩიძე (1932), დ. დუმბაძე (1932–43), ა. კელენჯერიძე (1943–49), შ. ქურიძე (1949–52), პ. კოხრეიძე (1952–53), შ. ქურიძე (1953–58), რ. სირაძე (1958–71), შ. ქურიძე (1971–85), ვ. წულუკიძე (1985–91), ა. სამსონია (1991–99), ნ. ზოსიძე (1999–2002), ნ. ჯაფარიძე (2003–04), დ. ჩხარტიშვილი (2004–07), გ. თებაძე (2007–09), გ. გორგასლიძე (2009–14), მ. მითაიშვილი (2014-იდან).

„ა.“ თავდაპირველად ორენოვანი ქართული, რუსული გამოცემა იყო, იბეჭდებოდა ორ გვერდზე 500–600 ცალი და ქუჩებში აკრავდნენ. თავიდან ოფიციალურ მასალებს ბეჭდავდნენ. შემდეგ ავტორთა წრე გაფართოვდა. კონტაქტები დამყარდა მთელი საქართველოს, თბილისის ინტელექტუალურ წრეებთან – დაიბეჭდა ა. წულაძის წერილების სერია, გაზეთს ესტუმრა ს. ესენინი (1924). II მსოფოფლიო ომმა წინ წამოწია პატრიოტული თემატიკა. დაიბეჭდა ს. ჯანაშიას, ნ. ბერძენიშვილის, ა. ჩიქობავას, ს. ჯიქიას, ე. თაყაიშვილის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერილები, ი. აბაშიძის, გ. ლეონიძის, ა. ადამიას, ნ. მალაზონიას, ვ. ჟურულის, ლ. მრელაშვილის პოეტური ნაწარმოებები, გ. აბაშიძის ლექსების ციკლი „სამხრეთ საზღვარზე“. „ა-ს“ 1500 ცალი თბილისში იყიდებოდა (1952–56). XX ს. 60-იან წლებში გაზეთმა გამოაქვეყნა ჟურნალისტ ნ. შამანაურის ნარკვევი. 80-იანი წლების II ნახ-იდან ავტორთა წრე კვლავ გაფართოვდა და თემატიკა მრავალფეროვანი გახდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გაზეთის ცხოვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი –იგი აქტიურად აშუქებს რეგიონსა და ქვეყანაში მიმდინარე საზ.-პოლიტ. პროცესებს.

ა. კოხრეიძე.

2). „აჭარა“, აჭარის სახელმწიფო გამომცემლობა. შედის საქართვ. რესპუბლიკის პოლიგრ. და საგამომცემლო საქმის კორპორაციაში. დაარსდა 1921 ბათუმში. ბეჭდავს საზ.-პოლიტ., სოც.-ეკონ., მხატვრულ ლიტ-რას და სხვ.

შ. გაგოშიძე.

3). „აჭარა“ სააქციო საზოგადოება), უმაღლესი „ბ“ თანრიგის სამვარსკვლავიანი სასტუმრო თბილისში. აშენდა 1975 (არქიტ. მ. მელია), გაიხსნა 1976 იანვარში. სასტუმრო 22-სართულიანი იყო. ჰქონდა 310 ნომერი 592 საწოლი ადგილით. ემსახურებოდა უცხოელ და რესპ. მოქალაქეებს. სასტუმროში შედიოდა 3 რესტორანი, 4 ბარი, კაფე-ექსპრესი, კაფე-სანაყინე, საზაფხულო კაფე, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები. სასტუმროს შენობაში მოთავსებული იყო აგრეთვე კომერც. ბანკი, ვალუტის გაცვლის პუნქტი, საფოსტო განყ-ბა, „საქპრესისა“ და სააფთიაქო კიოსკები, სუვენირების მაღაზია, ტექ. მომსახურების სამსახური, კონფერენცდარბაზი, საპარიკმახერო სალონი, სამორინე ტოტალიზატორი და სხვ. 1996 „ა.“ ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა.

2010 ქართ. ბაზარზე საერთაშ. სასტუმროების ქსელი „ჰოლიდეი ინნ-ის შემოსვლის შემდეგ განხორციელდა შენობის რეკონსტრუქცია. „ა-ს“ გადაერქვა სახელი და მის მაგივრად ფუნქციონირებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისი“, რ-საც მართავს „აჭარა ჯგუფი“.

ჭ. ადეიშვილი. მ. თოქმაზიშვილი.