ენციკლოპედია „საქართველოში“ სტატიები მათი სახელწოდებების (ტერმინების) მიხედვით ანბანზეა განლაგებული. ამასთან, გათვალისწინებულია სტატიის სახელწოდებაში შემავალი ყველა სიტყვის (გარდა ფრჩხილებში ჩასმულისა) ასოთა ანბანური რიგი. ტერმინი, ჩვეულებრივ, მხოლობით რიცხვშია მოცემული, თუ იგი სამეცნიერო ლიტერატურაში მრავლობითი ფორმით არ არის დამკვიდრებული (მაგ. ლიპარიტისძეები, კიმერიელები).
თუ სტატიის სახელწოდება ორი ან მეტი სიტყვისაგან შედგება, უპირატესად, წარმოდგენილია პირდაპირი (ბუნებრივი) წყობით. მაგ., ანთროპოლოგიური თეორია. ზოგჯერ გამოყენებულია ინვერსიული (შებრუნებული) წყობაც, მაგ., აირსადენი მ ა გ ი ს ტ რ ა ლ უ რ ი (ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე აზრობრივად მთავარი სიტყვაა).
თუ სტატიის სახელწოდებას მოსდევს მისგან მძიმით გამოყოფილი (ან ფრჩხილებში ჩასმული) და დაყოფით აწყობილი ერთი ან რამდენიმე სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ იგი ძირითადი ტერმინის პარალელურად იხმარება, მისი სინონიმი ან დაზუსტებაა. მაგ აზო, ა ზ ო ნ ი; ადიშჭალა ჰ ა დ ი შ ჭ ა ლ ა; ზოგჯერ შემოკლებულია მრავალსიტყვიანი ტერმინი და ეს ენციკლოპედიური გამოცემის სპეციფიკითაა განპირობებული. ასეთ შემთხვევაში ტერმინის სრული ფორმა ან მისი ნაწილი აწყობილია დაყოფით. მაგ., რუსთაველის თეატრი, თ ბ ი ლ ი ს ი ს შ ო თ ა რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს ს ა ხ ე ლ ო ბ ი ს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა კ ა დ ე მ ი უ რ ი დ რ ა მ ა ტ უ ლ ი თ ე ა ტ რ ი; ალერგოლოგთა საზოგადოება რ ე ს პ უ ბ ლ ი კ უ -რ ი ს ა მ ე დ ი ც ი ნ ო - ს ა მ ე ც ნ ი ე რ ო და სხვ.
უცხოური წარმოშობის ტერმინს ერთვის ეტიმოლოგიური ცნობა.
იმ სტატიების სახელწოდებებს, რომლებიც ეძღვნება საზღვარგარეთის მოღვაწეებს, გეოგრაფიულ ობიექტებს, პერიოდულ გამოცემებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ა.შ., ფრჩხილებში მოსდევს დედაენისეული დაწერილობა.
საქართველოსა და რუსეთში 1918 წლამდე მომხდარი ისტორიული მოვლენები დათარიღებულია ძველი სტილით. ორივე სტილით (ძველით და ახლით) თარიღდება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენები.
ზოგიერთი სახელგადარქმეული გეოგრაფიული პუნქტის ისტორია და ცნობები არქიტექტურაზე მოცემულია მის ძველ (ისტორიულ) სახელთან.
ბიოგრაფიულ სტატიებში გვარისა და სახელის შემდეგ ფრჩხილებში დაბადებისა და გარდაცვალების თარიღია. თუ ძველი სტილით დანამდვილებით არის ცნობილი თარიღი, მაშინ იგი მოცემულია ახალი სტილითაც (თარიღი ახალი სტილით ფრჩხილებშია ჩასმული). როცა თარიღი საერთოდ არ არის, სტატიაში აღნიშნულია მოღვაწეობის საუკუნე, პერიოდი. თარიღის შემდეგ, ჩვეულებრივ, მითითებულია დაბადებისა და გარდაცვალების ადგილი (თუ გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილები განსხვავებულია, მაშინ მოცემულია დაკრძალვის ადგილიც). ცნობები პიროვნების სახლ-მუზეუმზე ახლავს თვით პიროვნების ბიოგრაფიას.
მეფის შთამომავალი ბაგრატიონები მოხსენიებულნი არიან სახელებითა და ბატონისშვილებად; გვერდითი შტოს წარმომადგენლები - გვარებით; კათოლიკოსები - სახელებით.
არაბული საკუთარი სახელები, რომელთაც „ალ“ არტიკლი დაერთვის, მოიძებნება სახელის ძირითად ნაწილზე.
ენციკლოპედიაში ფართოდაა გამოყენებული მითითებათა სისტემა, რომელიც მკითხველს მიანიშნებს, რომ ეს ტერმინი დამატებით ინფორმაციას მიაწვდის (ცნობილსა და ხშირად განმეორებად ტერმინზე მითითება არ კეთდება).
სიტყვათა დამკვიდრებული შემოკლებების გარდა („მაგ.“, „ე.ი.“, „ა.შ.“ და სხვ.) ენციკლოპედიაში გამოყენებულია საენციკლოპედიო გამოცემებში მიღებული შემოკლებები. თუ სტატიის სახელწოდება ტექსტში მეორდება, იგი, როგორც წესი, აღნიშნულია სახელწოდებაში შემავალ სიტყვათა პირველი ასოებით, რომლებსაც დაერთვის ბრუნვის ნიშნები. წელიწადის აღმნიშვნელ რიცხვებს სიტყვა „წელი“ („წ“.) არ ახლავს. ნაწარმოების (ლიტერატურული, მუსიკალური, მეცნიერული და სხვ.) დასახელების შემდეგ ფრჩხილებში მოცემული რიცხვები მისი პირველი გამოქვეყნების, შექმნის, შესრულების (დადგმის) თარიღია. პრემიის, სამეცნიერო ხარისხის, წოდებისა და სხვ. დასახელების შემდეგ ფრჩხილებშია ჩასმული მათი მინიჭების თარიღი.
სიდიდეებისა და სიდიდეთა ერთეულების სახელწოდებები, მათი აღნიშვნები ენციკლოპედიაში წარმოდგენილია ერთეულთა საერთაშორისო სისტემის მიხედვით. ენციკლოპედიის მკითხველებს ამ სისტემაზე გადასვლა რომ გაუადვილდეთ, ზოგჯერ ფრჩხილებში მოცემულია ადრე მიღებული აღნიშვნებიც.
მრავალი სტატიის ტექსტში ან ცალკე, სტატიის ბოლოს, მოცემულია ბიბლიოგრაფიული ცნობები. შიდასატექსტე ბიბლიოგრაფიული ცნობა სტატიის ბოლოს, როგორც წესი, აღარ მეორდება.
პერსონალიის თხზულებები ძირითადად განლაგებულია ქრონოლოგიურად, წყარო და ლიტერატურა - ანბანურად.