გიტარა (ესპ. guitarra< ბერძნ. kithara – კითარა), სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი. შედგება წელში გამოყვანილი ხის კორპუსისა და ბრტყელი დეკებისაგან. ზემო დეკას შუაში სარეზონატორო ღრუ აქვს, ყელზე – კილოებიანი გრიფი. საკრავის თავზე სიმების დამჭერი მოქლონებია. თავდაპირველად სიმებს ნაწლავებისაგან აკეთებდნენ, მოგვიანებით – ლითონისა და ნეილონისაგან. გ-ის სამშობლოდ ითვლება ესპანეთი, საიდანაც ის გავრცელდა თავდაპირველად სამხრეთ იტალიაში, შემდეგ კი ევროპის ყველა ქვეყანაში, ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და რუსეთში (XIII ს.). მსოფლიოში გავრცელებული გ. ექვსსიმიანია. შვიდსიმიანი გ. პირველად რუსეთში შემოიღო (XIX ს.) ა. სიხრამ (წარმოშობით ბოშამ) და იგი ფართოდ დამკვიდრდა როგორც სოლო და სააკომპანემენტო საკრავი (ე. წ. „რუსული გიტარა"). გ-ს იყენებენ ძირითადად სიმღერის აკომპანემენტისთვის, აგრეთვე კამერული ანსამბლის სოლო საკრავადაც. ზოგ ქვეყანაში იგი ხალხ. საკრავად იქცა. გ-თვის ნაწარმოებები დაწერეს ნ. პაგანინიმ, მ. დე ფალიამ, ე. ვილა-ლობოსმა და სხვ. ცნობილი გიტარისტები არიან მ. ჯულიანი (იტალია), ფ. სორი, ფ. ტარეგა, ა. სეგოვია (ესპანეთი), გ. ლ. ანიდო (არგენტინა), ე. ა. სიხრა, მ. ვისოცკი, მ. სოკოლოვი, კ. ივანოვკრამსკოი (რუსეთი). საქართველოში გ. შემოვიდა რუსეთიდან XIX ს. შუა წლებში. შვიდსიმიანი გ. ფართოდ გავრცელდა ქართ. ქალაქურ ყოფაში, განსაკუთრებით დას. საქართველოში (ქუთაისი), სადაც იგი მყარად დამკვიდრდა არა მარტო ქალაქურ, არამედ სოფლის ყოფაშიც. გ-თან მჭიდროდაა დაკავშირებული ქართ. ქალაქური მუს. შემოქმედების ე. წ. „დასავლური შტოს" ჩამოყალიბება, რ-იც თანდათანობით მთელ საქართველოში გავრცელდა. შვიდსიმიანი გიტარის წყობა
საქართველოში ნაწილობრივ შეიცვალა (რე, სი, სოლ, რე, დო, სოლ, რე) და შეიქმნა რამდენადმე განსხვავებული წყობა, რ-საც ზოგჯერ „ქუთაისურსაც" უწოდებენ. საქართველოში პროფ. მუსიკაში გ. გამოიყენეს მ. ბალანჩივაძემ (რომელიც ბრწყინვალე გიტარისტი იყო) ოპერა „თამარ ცბიერის" შექმნისას და ვ. დოლიძემ (აგრეთვე ბრწყინვალე გიტარისტმა) ოპერაში „ქეთო და კოტე". გ-ის თანხლებით მღეროდნენ ქართ. სიმღერის კორიფეები: ვ. წერეთელი, დები იშხნელები, ვ. ძაგნიძე და შ. ჩხიკვაძე , ი. გურგულია და სხვ.; ცნობილი პედაგოგ-შემსრულებლები – ვ. გიორგაძე, ი. ქავთარაძე, გ. ესებუა, ა. ნიკოლაიშვილი, თ. გამიდაძე, გ. ცაგარეიშვილი, ო. რამიშვილი, ტ. ბერიმელიძე, გ. ბარბაქაძე; საგიტარო ხელოვნ. განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი მიუძღვით: ს. ნაცვალაძეს, გ. და ჯ. ბაღაშვილებს; ჯაზური (და არა მარტო ჯაზური) მუს. შესანიშნავი შემსრულებელია თ. ყვითელაშვილი (ელექტროგიტარა).
ლიტ.: თ უ შ ი შ ვ ი ლ ი გ., გიტარის კვალდაკვალ, თბ., 1981.
გ. თუშიშვილი