კავთისხევი

სოფელი კავთისხევი.

კავთისხევი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. კავთურის (­მტკვრის ­მარჯვ. შენაკადი) ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: კ., გუდალეთი, ეზატი, თვალადი, მირიანი, ქებაანი, ქვემო ჩოჩეთი, ქვემო ხანდაკი, წიფორი). ზ. დ. 670 მ, კასპიდან 12 კმ. 864 მცხ. (2014).

სოფლის სახელწოდება უკავშირდება მდ. კავთურას. კ-ის უძველესი უბანია ციხისუბანი, სადაც შემორჩენილია თარხნიშვილთა ციხე-გალავნის საძირკველი. თარხნიშვილები გ. სააკაძის შთამომავალნი იყვნენ, ხოლო სააკაძეთა წინაპრები კ-ის მოურავები ყოფილან, რასაც მოწმობს გულშარა დედოფლის სიგელი კ-ის მოურავის – ივანე სააკაძისადმი. 1653 სიგელით ქარ­თლის მეფე როსტომმა იორამ თარხან-მოურავს დაუმტკიცა კ-ის სათარხნო მამული.

კ-ს ხშირად თავს ესხმოდნენ და აოხრებდნენ დაღესტნელი ფეოდალები, ამიტომ ხალხი მას შავსოფელსაც უწოდებდა.

სოფელში, მონასელიანთ უბანში, დგას VII–IX სს. კავთისხევის კატაულას წმინდა გიორგის ეკლესია; თხინვალაანთ უბანში – ადრინდ. შუა საუკუნეების კავთისხევის ლომისის ეკლესია და 1886 ოსტატ ჯაბადარის მიერ აგებული წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია; ძლევის ქედზე – განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული ძლევის ქედის წმ. გიორგის ეკლესია; ხვედრელიანთ უბანში, ძველ სასაფლაოზე – განვითარებული შუა საუკუნეების წმ. ნიკოლოზის ეკლესია. სოფელში, მონასელიანთ უბანში, 1963 აღმოჩნდა XVI–XVIII სს. აკლდამა, ხოლო ე. წ. „ლოდების მიწებში“ – მელითონეთა განძი, რ-იც ძვ. წ. II ათასწლ. დასასრულით დათარიღდა. სოფლის მიდამოებში გამოვლინდა რამდენიმე ნამოსახლარი, რ-თა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ციხიაგორას ნამოსახლარი.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 5, თბ., 1990.

ჯ. გვასალია