კავკასიური ბზუალა (Carabus caucasicus, Adams, 1817), მწერი ხეშეშფრთიანების (ჩოლეოპტერა) რიგის, ბზუალების (Carabidae) ოჯახისა. 35–55 მმ სიგრძის ხოჭოა, ზურგი ლურჯი-იისფერი აქვს, ზოგჯერ მომწვანო შეფერილობის, მუცელი შავი, ბზინვარე, გვერდები კი – ლურჯი. დაფარულია უხეშნაოჭიანი ან მსხვილი მარცვლოვანი სტრუქტურით. ბინადრობს ზ. დ. 1500–1800 მ. გავრცელებულია კავკასიის, ჩრდ.-აღმ. თურქეთის, ჩრდ. ირანის რეგიონებში. წარმოდგენილია ორი ქვესახეობით: უფრო მცირე ზომის კ. ბ. (32–44 მმ) – ჩ. ც. ცაუცასიცუს, რ-იც ეტანება უმთავრესად ფართოფოთლოვან, იშვიათად – შერეულ ტყეებს, ასევე ბაღებსა და პარკებს, და უფრო მოზრდილი კ. ბ. (45–55 მმ) – C. c. colchicus, ეტანება კირქვიან და კლდოვან ადგილებს. ბზუალა აქტიური მტაცებელია, იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვიმის ჭიებით, მწერების მატლებით, მუხლუხოებით. ხოჭო ეწევა ღამის ცხოვრებას, გამრავლების პერიოდში აქტიურია დღისითაც, განსაკუთრებით – გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში. გვხვდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. იზამთრებენ ზრდასრული ხოჭოები, მატლები ვითარდებიან ზაფხულში. გადაშენების გზაზე მდგომი სახეობაა. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში".
ი. სხირტლაძე