იოანე მალალა (Iōannēs Malālas) (დაახლ. 491–578), ბიზანტიელი ქრონისტი. წარმოშობით სირიის ანტიოქიიდან. მისი ზედწოდება (სირიულად malal – რიტორი) მოწმობს, რომ იგი ვექილი უნდა ყოფილიყო.
ი. მ-ს საისტ. თხზულება "ქრონოგრაფია" (შემონახული ხელნაწერის სახით) მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 553-მდე (მაგრამ ფიქრობენ, რომ ის 574-მდე უნდა ყოფილიყო მისული). ი. მ-ს "ქრონოგრაფია" ფართოდ იყო საზ-ბაში გავრცელებული და მას იყენებდნენ შემდგომი დროის მწერლები. თხზულებაში არის საინტერესო ცნობები სლავური ქვეყნების ისტორიისათვის, აგრეთვე საქართვ. ისტორიის, კერძოდ, VI ს-ში დას. საქართველოს ურთიერთობის შესახებ ბიზანტია-ირანთან. ი. მ. აღნიშნავს, რომ 527–535 იბერიის მეფე იყო ძამანარძე. ამ ცნობით დასტურდება ქართლში მეფეების არსებობა VI ს-ში. თხზულება თარგმნილია სლავურ და ქართ. ენებზე.
თხზ.: Chronographia, Bonnae, 1831; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; ტ. 5, თბ., 1963.
ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.
ნ. ლომოური