თეატრი

თეატრი, (­ბერძნ. theatron – სანახაობისთვის განკუთვნილი ადგილი, სანახაობა), ხელოვნების დარგი. თ., ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ცხოვრებასთან, მის ისტორიასა და კულტურასთან. თ-ის მთავარი ფიგურა მსახიობია, რ-იც პიესის მიხედვით ქმნის მხატვრულ სახეს სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად. ამავე დროს, მსახიობი გვევლინება როგორც დამოუკიდებელი შემოქმედი, რ-იც სცენაზე ადამიანის რთულ და ღრმა მხატვრულ სახეს განასახიერებს.

თეატრალური ხელოვნების სათავეები უკავშირდება ხალხურ დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებსა და თამაშობებს. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობები შეიქმნა ჩინეთში, ინდოეთში, ძვ. აღმოსავლეთში და სხვ. თეატრ. წარმოდგენების მაღალი დონე გამოვლინდა ძვ. საბერძნეთსა (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და სხვ.) და რომში (პლავტუსი, ტერენციუსი, სენეკა და სხვ.). შუა საუკუნეებში დას. ევროპის თეატრ. ხელოვნებას ქმნიდნენ მოხეტიალე მსახი­ობები. რენესანსის ეპოქაში თ-ის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ცნობილმა დრამატურგებმა (უ. შექსპირი, ლოპე დე ვეგა, ჟ. ბ. მოლიერი და სხვ.). XX ს. თეატრ. ხელოვნებამ განიცადა ბ. შოუსა და ბ. ბრეხტის დიდი გავლენა. მსოფლიო თ-ის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის წამყვანი რეჟისორების (კ. სტანისლავსკი, ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკო, ე. ვახტანგოვი და სხვ.) შემოქმედებამ. თანამედროვე თ-მა შეინარჩუნა ტრადიციული სახე, ამავე დროს შეივსო მიუზიკლით, როკ-ოპერით, ექსპერიმენტული თ-ის სხვადასხვა სახეობით (თ-ლაბორატორია, ქუჩის თ. და სხვ.).

ქარ­თუ­ლი სათეატრო ხელოვნების საწყისები შორეულ წარსულში იღებს სათავეს. თეატრ. ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანა) გამოსახულია მისტერია – ნიღბოსანთა ფერხული, ხოლო სამადლოში ნაპოვნ ღვინის ჭურჭელზე – ფერხულში ჩაბმული 10 მამაკაცი. ხალხ. ეპოსში, სახიობებსა და მისტერიებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან („ამირანი”, „აბესალომ და ეთერი”, „ავთანდილი”, „თავფარავნელი ჭაბუკი”). კოლხეთის სამეფოში ძვ. წ. VIII ს-ში ქუთაიას (ახლანდ. ქუთაისი) მახლობლად აშენებული იყო არენა, სადაც ეწყობოდა სპორტ. შეჯიბრებები და სხვა სანახაობანი. ბიზანტ. ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში (გონიო) იყო თეატრის შენობა და იპოდრომი. მცხეთის, უფლისციხის, სარკინის, ძალისის, ვანის, ბიჭვინთის არქეოლ. გათხრების დროს ნაპოვნი დიონისეს და მისი თანმხლები სილენეს, სატირებისა და სხვათა მოზაიკური და სკულპტურული გამოსახულებანი. ბრინჯაოსა და ტერაკოტის სარიტუალო ნიღბები ცხადყოფს, რომ ძვ. სა­ქართვე­ლო­ში გავრცელებული იყო დიონისეს კულტი. ვანში, სარკინეთსა და ძალისში აღმოჩენილ დიონისეს ტაძრებში, აგრეთვე კლდეში ნაკვეთ ქ. უფლისციხეში (ძვ. წ. III–II სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათი და მაყურებელთათვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძვ. სა­ქარ­თვე­ლოში იცნობდნენ ანტ. თეატრ. კულტურას. შუა საუკუნეების ქართ. ისტ. და მხატვრული ლიტ-რის ძეგლებში აღმოჩენილია ძვ. ქართ. დრამ. პოეზიის ფრაგმენტები და ელინის­ტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა. ამავე ძეგლებში მიკვლეულია მრავალი ქართ. თეატრ. ტერმინი, მაგ., გლოვის მგოსანი – ტრაგიკოსი; სიმღერა-კომოსი – კომედია; სახიობა – პოეტური სიტყვის, მუს. და ცეკვის სინთეზი; მსახიობელი – სახიობის შემსრულებელი; სახილველი – თეატრი და სხვ. ძვ. ქართ. თეატრ. ტერმინები ადასტურებს, რომ სა­ქარ­თველო­ში არსებობდა ანტ. თეატრის მიღწევებისა და საკუთრივ ქართ. თვითმყოფადი თეატრ. სანახაობის საფუძველზე შექმნილი თეატრ. ხელოვნება.

ქრისტიანობის სა­ხელმწ. რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30–40-იანი წლები) წარმართული პოეზია განადგურდა და შეიქმნა საეკლ. თეატრი და დრამა, პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. თეატრ. სანახაობები – ბერიკაობა და ყეენობა.

"ბერიკაობა". მრატვარი გ. დ ო ლ ი ძ ე. 1999.

შუა საუკუნეებში განვითარდა სასახლის კარის თეატრი ანუ სახიობა – ნიღბოსანთა წარმოდგენები მუსიკის თანხლებით, შეჯიბრი მცირე ფორმის თეატრ. სანახაობების ჟანრში. წარმოდგენები იმართებოდა სახიობისათვის განკუთვნილ შენობებში („სახლი სათამაშო”, „სახლი სალხინო”), სასახლის დარბაზებში. სახიობაში წარმოადგენდნენ ფეოდალებისა და მეფეებისადმი მიძღვნილ ქებას – პოეტურ ნაწარმოებებს, რ-ებსაც მსახიობები დიალოგის სახით ასრულებდნენ, დგამდნენ სარიტუალო სცენებს და სხვ. ცნობილია XII ს. დრამ. პოეტის ბისტიკას სახელი. გვიანი ფეოდ. ხანის (XIV– XVII სს.) დრამ. პოეზიაში შენარჩუნებულია სახიობის ეროვნ. დრამატურგიის ტრადიციები. თეიმურაზ I-მა (1589–1663) და არჩილ II-მ (1647–1713) სახიობისათვის შექმნეს დიალოგები, პოლემიკური დრამატურგიის ნიმუშები. პარალელურად ვითარდებოდა ხალხ. დრამა. XVII ს-ში შეიქმნა ხალხ. დრამა „შავლეგო”, რ-შიც აისახა ­ქართვ. ხალხის ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ.

XVIII ს-ში სახიობის დრამ. პოეზიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა დ. გურამიშვილმა (დიალოგები – „სიკვდილისა და კაცის შელაპარაკება და ცილობა” და „კაცისა და საწუთროსაგან ცილობა და ბჭობა, ერთმანეთის ძვირის ხსენება”).

თბილ. (1756) და თელავის (1780) სემინარიების გახსნის შემდეგ აღორძინდა სასკოლო თეატრი, რ-ის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე იყო თელავის სემინარიის ხელმძღვანელი დავით რექტორი.

"ყეენობა". მხატვარი ლ.გუდიაშვილი 1937

XVIII ს. 90-იან წლებში ერეკლე II-ის სასახლესთან შეიქმნა საერო თეატრი. მას სა­თა­ვე­ში ჩაუდგა გ. ავალი­შვი­ლი. ორიგინ. ნაწარმოებების პარალელურად (გ. ავალი­შვი­ლის „მეფე თეიმურაზი”, დ. ჩოლოყა­შვი­ლის „იფიღენია”) იდგმებოდა რუსულიდან თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები. მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი – სახიობა, რ-საც სა­თა­ვე­ში ედგა მსახიობი დ. მაჩაბელი. 1795 ამ თეატრის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა აღამაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში. XIX ს. დასაწყისში შე­იქმნა სცენისმოყვარეთა წრეები, რ-თაც ხელმძღვანელობდნენ ა. ჭავჭავაძე, მ. ორბელიანი, ვ. ჯამბაკურ-ორბელიანი (თბილისი). დ. მეღვინეთუხუცესი (გორი), ო. წერეთელი (სოფ. გორისა), ხოლო ქუთაისსა და ოზურგეთში – ბატონ­ყმური თეატრები და ორკესტრები.

ანტიკური თეატრი უფლისციხე

1845 სა­ქარ­თვე­ლო­ში დაარსდა რუს. დრამ. თეატრი, ხოლო 1850 მოწინავე ­ქართვ. საზ. მოღვაწეთა თაოსნობით აღორძინდა ქართ. პროფ. თეატრი (1850–1856), რ-ის ფუძემდებელი იყო გ. ერისთავი. მან თავისი კომედიებით („გაყრა”, „დავა”, „ძუნწი” და სხვ.) თეატრსა და დრამატურგიაში განავითარა რეალისტური მიმდინარეობა, ამხი­ლა ვაჭრები, მევახშეები, თავად-აზნაურები. გ. ერისთავისა და ზ. ანტონოვის დემოკრ. პრინციპები განსაკუთრებით მკაფიოდ აისახა პოლემიკურ პიესებსა და ისტ. დრამებში (გ. ერისთავის „ყვარყვარე ათაბაგი”, ზ. ანტონოვის „ქოროღლი”).

გ. ერისთავისა და მისი სკოლის დრამატურგები ფართოდ იყენებდნენ სახიობისა და ბერიკაობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, ამკვიდრებდნენ პოეტური სიტყვის, სიმღერისა და ცეკვის სინთეზს, კომედიებში იყენებდნენ სალაპარაკო ენას, ჟარგონებსა და დიალექტებს.

XIX ს. 60-იან წლებში ქართ. დრამატურგიაში დამკვიდრდა კრიტ. რეალიზმი. ამ მიმართულების წარმომადგენლები იყვნენ ი. ჭავჭავაძე და ა. წერეთელი. ისინი დიდ საზ. აღმზრდელობით მნიშვნელობას ანიჭებდნენ თეატრს, მის როლს დემოკრატიზაციის განმტკიცებისათვის, ხალხის ეროვნ. და სოც. დაცვისათვის ბრძოლაში. XIX ს. 60–70-იან წლებში სა­ქარ­თვე­ლოში ფართოდ გავრცელდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენები, ხოლო ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლისა და სხვა ­ქართვ. მოღვაწეთა თაოსნობით 1879 თბილისში, ერთი წლის შემდეგ კი – ქუთაისში, მუშაობა განაახლა ქართულმა პროფ. თეატრმა. თეატრების რეპერტუარში იყო გ. ერისთავის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ცაგარლის, რ. ერისთავის, ა. ყაზბეგის, დ. ერისთავის, გ. შერვაშიძის დრამ. ნაწარმოებები. ქართ. თეატრმა და დრამატურგიამ განვითარება განაგრძო გმირულ-რომანტიკული (დ. ერისთავის „სამშობლო”, ა. წერეთლის „პატარა კახი”, ა. ყაზბეგის „ქეთევან დედოფალი”) და რეალისტურ-კომედიური (ა. ცაგარლის, ა. წერეთლის, რ. ერისთავის კომედიები და ვოდევილები) მიმართულებით. კრიტ. რეალიზმის განვითარებაში მნიშვნე­ლო­ვა­ნი ეტაპია ა. ცაგარლის შემოქმედება. კომედიებში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” (1878), „ხანუმა” (1882), „ციმბირელი” (1886) და სხვ. ასახულია ქალაქის ღარიბ ხელოსანთა და წვრილ ვაჭართა წიაღიდან გამოსული პერსონაჟების ცხოვრება.

XIX ს. 80–90-იან წლებში ქართ. თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხ. კლასიკური დრამატურგია. შექს­პი­რის ტრაგედიების ივანე მაჩაბლისეულმა თარგმანებმა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი ითამაშა ქართ. თეატრის პროფ. დონის ამაღლების საქმეში.

თბილ. და ქუთაისის თეატრებში აღიზარდნენ რეალისტური სამსახიობო სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვ. აბაშიძე, ლ. ალექსი-მესხიშვი­ლი, ნ. გაბუნია, მ. საფაროვა-აბაშიძე, კ. ყიფიანი, კ. მესხი, ვ. გუნია, ე. ჩერქეზი­შვილი, ე. კლდია­შვი­ლი, ე. მესხი, ნ. ჩხე­იძე, ა. იმედაშვი­ლი, ნ. გოცირიძე, ი. ზარდალი­შვი­ლი, გ. არადელ-იშხნელი და სხვ., რ-ებიც ვ. აბაშიძის ხელმძღვანელობით აგრძელებდნენ ეროვნ. თეატრის საუკეთესო ტრადიციებს, იყენებდნენ რუს. და ევრ. პროგრ. თეატრების მიღწევებს. ვ. აბაშიძემ, კ. ყიფიანმა და ვ. გუნიამ თეორ. შრომებში განაზოგადეს თავიანთი თაობის მსახიობთა შემოქმედებითი გამოცდილება. ვ. აბაშიძემ დააარსა და რედაქტორობდა პირველ ქართ. თეატრ. გაზეთ „თეატრს” (1885). ამ პერიოდიდან თეატრ. კრიტიკას მეთაურობდნენ ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ი. მაჩაბელი, გ. წერეთელი და სხვ.

XIX–XX სს. მიჯნაზე ქართ. სცენაზე ფსიქოლ. რეალიზმი განავითარა დ. კლდიაშვილმა (პიესები „ირინეს ბედნიერება”, „დარისპანის გასაჭირი”, „უბედურება”). ამავე პერიოდში მკვიდრდება მოდერნისტული მიმართულება, იქმნება ნატურალისტური და სიმბოლისტური დრამატურგიის ნიმუშები (ტ. რამი­შვი­ლი, ი. გედევანი­შვი­ლი, შ. დადიანი, ს. შანშია­შვი­ლი).

XX ს. დასაწყისიდან ქართ. თეატრში პროფ. რეჟისურის პრინციპებს ამკვიდრებენ პირველი თაობის პროფესიონალი რეჟისორები: ა. წუწუნავა, მ. ქორელი, ვ. შალიკა­შვი­ლი, კ. ანდრონიკა­­შვი­ლი და სხვ. დას. ევრ. კლასიკური პიესების პარალელურად დგამდნენ ­ქართვ. ავტორთა ნაწარმოებებს (შ. დადიანის „გუშინდელნი”, „როს ნადიმობდნენ”, პ. ირეთელის „დამარცხებულნი”, ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე?” და სხვა), აგრეთვე მ. გორკის, ლ. ტოლსტოის, ა. ჩეხოვის, ჰ. იბსენის, მ. მეტერლინკის, გ. ჰაუპტმანის პიესებს.

რეჟისორებმა გ. ჯაბადარმა და ა. ფაღავამ შექმნეს თეატრ. სტუდი­ები (1919, 1922). ა. ფაღავას სტუდიის ბაზაზე 1923 დაარსდა სათეატრო ინ-ტი. 1921 წ. 25 ნოემბერს თბილ. ქართ. დრამ. თეატრს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა (იხ. რუსთაველის თეატრი). ქართ. თეატრის აღმავლობა, ახ. სათეატრო აზროვნების, პროფ. რეჟისურის პრინციპების დამკვიდრება დაკავშირებულია კ. მარჯანი­შვი­ლის და ს. ახმეტელის სახელებთან. 1922, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნების შემდეგ, კ. მარჯანი­­შვი­ლი სა­თა­ვე­ში ჩაუდგა რუსთაველის სახ. თეატრს. ამ პერიოდში ქართ. სცენის ოსტატების გვერდით თეატრში მოვიდ­ნენ ნიჭიერი ახალგაზრდები: ვ. ანჯაფარიძე, თ. ჭავჭავაძე, ც. წუწუნავა, ე. დონაური, ა. ხორავა, ა. ვასაძე, უ. ჩხეიძე, შ. ღამბაშიძე, მ. გელოვანი, გ. დავითა­შვი­ლი, ა. ჟორჟოლიანი; რეჟისორები: დ. ანთაძე, კ. პატარიძე; მხატვარი ი. გამრეკელი; კომპოზიტორი თ. ვახვახი­შვი­ლი.

კ. მარჯანი­შვი­ლის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული რევ. პათოსით აღსავსე სპექტაკლი – ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო” (პრემიერა შედგა 1922 წ. 25 ნოემბერს), უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად, ქართ. თეატრის საეტაპო წარმოდგენად იქცა. 1923 წელს კ. მარჯანიშვილმა რუსთაველის თეატრში დადგა ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება სა­ქარ­თველო­ში”, რ-შიც მონაწილეობდნენ ­ქართვ. მსახიობთა სამი თაობის წარმომადგენლები, მ. შ. იმჟამად თბილისში მყოფი მოსკოვის მცირე თეატრის ხელმძღვანელი ა. სუმბათა­შვი­ლი-იუჟინი. კ. მარჯანი­შვი­ლის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი თვისებები – თანამედროვე ჟღერადობა, ემოციურობა, მხატვრული უბრალოება, მონუმენტურობა, ჭეშმარიტი თეატრალობა – განსაკუთრებით გამოვლინდა უ. შექს­პი­რის “ჰამლეტში” (1925; ჰამლეტი – უ. ჩხეიძე, კლავდიუსი – ა. ვასაძე, ოფელია – ვ. ანჯაფარიძე).

ნოვატორული მიღწევების მხარ­­და­ჭე­რი­სა და შენარჩუნების მიზნით 1924 რუსთაველის თეატრში შეიქმნა მოდერნისტული გაერთიანება – კორპორაცია „დურუჯი”, რ-თანაც შემ­დგომში კ. მარჯანი­შვილს მოუხდა დაპირისპირება და იგი 1926 წავიდა რუსთაველის თეატრიდან. 1926–35 თეატრს ხელმძღვანელობდა რეჟ. ს. ახმეტელი. იგი გაბედულად შეუდგა ახ. თეატრ. ფორმების ძიებას. მან თითქმის ზედიზედ შექმნა ისეთი მნიშვ­ნელო­ვა­ნი სპექტაკლები, როგორიც იყო „ანზორი” (1928), „რღვევა” (1929), „ლამარა” (1930), ცოტა მოგვიანებით – ფ. შილერის „ყაჩაღები” (1933). ამ სპექტაკლებმა გაამდიდრა თეატრ. ხელოვნება და ქართ. თეატრს პირველი საერთაშ. აღიარება მოუპოვა. დრამ. თეატრის ისტორიაში, იმ რეჟისორთა შორის, რ-თა შემოქმედებამაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა XX ს. მსოფლიო თეატრ. ხელოვნების განვითარებაში, მოხსენიებულია ს. ახმეტელიც.

თეატრონი მცხეთა

1928 ქუთაისში კ. მარჯანი­შვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა ახ. თეატრი, რ-საც თბილისში გადმოსვლის შემდეგ (1930) კ. მარჯანი­შვი­ლის სახელი ეწოდა (1933) (იხ. მარჯანიშვილის თეატრი). აქ დაიდგა: ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ” (1928), კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა” (1929), პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი” (1929) და სხვა მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი სპექტაკლები. 1930 წარმატებით ჩატარ­და რუსთაველის თეატრის გასტროლები მოსკოვში, მარჯანი­­შვი­ლის თეატრისა – ხარკოვსა და მოსკოვში, რის შემდეგაც ­ქართ. თეატრი ჩადგა მსოფლიოს მოწინავე თეატრების რიგში.

­ქართ. თ-ის რეპერტუარში მნიშვნე­ლო­ვა­ნი ადგილი დაიმკვიდ­რა შექს­პი­რის დრამატურ­გიამ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა „ოტელოს” (1937, რუსთაველის თეატრი), რ-შიც ა. ხორავამ (ოტელო) და ა. ვასაძემ (იაგო) ბრწყინვალე მხატვრული სახეები შექმნეს. 20–30-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ მსახიობები: ს. თაყაი­შვი­ლი, ვ. გოძია­შვი­ლი, ს. ზაქარიაძე, გ. შავგულიძე, პ. კობახიძე, თ. წულუკიძე, გ. საღარაძე, ა. ომიაძე, ა. კვანტალიანი, თ. ბაქრაძე, ნ. ლაფაჩი, ა. გომელაური, ს. ჯაფარიძე და სხვ.; რეჟისორები: ვ. ყუშიტა­შვი­ლი, ა. ვასაძე, ა. თაყაი­შვი­ლი, დ. ანთაძე, ი. თუმანი­შვი­ლი, ა. ჩხარტი­­შვი­ლი, დ. ალექსიძე, ს. ჭელიძე, პ. ფრანგი­შვი­ლი, შ. აღსაბაძე, გ. ღვინია­შვი­ლი, ვ. სულია­შვი­ლი, ვ. აბაშიძე, გ. ჟურული, ვ. ტაბლია­­შვი­ლი, მ. კვალია­შვი­ლი, ნ. გოძია­­შვი­ლი, შ. ინასარიძე და სხვ.

1937 წლის მასობრივ რეპრესიებს შეეწირა 19 მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი, მათ შორის ს. ახმეტელი.

თანამედროვეობა აისახა 40-იანი წლების დასასრულსა და 50-იანი წლების დასაწყისში შექმნილ სპექტაკლებში: ი. მოსა­შვილის „მისი ვარსკვლავი” (1951, სსრკ სა­ხელმწ. პრემია, 1952), მ. მრევლი­შვი­ლის „ხარატაანთ კერა” (1949), მ. ბარათა­შვი­ლის „მარინე” (პიესა „ჭრიჭინა”, 1960, ყველა კ. მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრში). შოთა რუსთაველის სახ. თეატრში დიდი წარმატებით დაიდგა მ. გორკის პიესები: „მტრები” (1951, რეჟ. ა. ვასაძე), „ვასა ჟელეზნოვა” (1951, რეჟ. დ. ალექსიძე), ხოლო მარჯანი­შვი­ლის თეატრში „ფსკერზე” (1955, რეჟ. ლ. იოსელიანი).

ქართ. კლასიკის სრულყოფილი ინსცენირების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება სპექტაკლები: „ნინო­შვი­ლის გურია” (1933, ე. ნინო­შვი­ლის მოთხრობების მიხედვით, რეჟ. დ. ანთაძე), „კაციაა-დამიანი!?” (1946, ი. ჭავჭავაძის მიხედვით, რეჟ. ვ. ყუშიტა­შვი­ლი), „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუა­­ შვი­ლი” (1940, ლ. არდაზიანის მიხედვით, რეჟ. ვ. ტაბლია­შვი­ლი, ყველა მარჯანი­შვი­ლის თეატრი), „პირველი ნაბიჯი” (1948, გ. წერეთლის მიხედვით) და „გლახის ნაამბობი” (1955, ი. ჭავჭავაძის მიხედვით, ორივე დ. ალექსიძის დადგმა, რუსთაველის თეატრი). ამ სპექტაკლებში მონაწილეობდნენ: ვ. გოძია­შვი­ლი (ლუარსაბ თათქარიძე), შ. ღამბაშიძე (სოლომონი), ა. ვასაძე (პეპია), ს. თაყაი­შვი­ლი (ქრისტინე), ც. წუწუნავა (მაჭანკალი), ვ. ანჯაფარიძე (გინატრე), გ. გეგეჭკორი (ბახვა ფულავა) და სხვა.

შემ­დგომი პერიოდის მნიშვ­ნელო­ვა­ნი სპექტაკლებია: ნ. გოგოლის „რევიზორი” (რეჟ. ა. თაყაი­­ შვი­ლი, 1951, მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრი), ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი” (რეჟ. ა. ვასაძე, 1959), „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება” და გ. სუნდუკიანის „პეპო” (ორივეს რეჟ. დ. ალექსიძე; 1944, 1951; სამივე დაიდგა რუსთაველის თეატრში).

თეატრის ანტიკური ნიღაბი

50-იან წლებში მნიშვ­ნე­ლოვა­ნი გარდატეხა მოხდა ქართ. თეატრში. დრამატურგთა, რეჟისორთა და მსახიობთა ახ. თაობა გამოვიდა რუსთაველის თეატრის გმირულ-რომანტ. ტრადიციების ვულგარიზაციის წინააღმდეგ. ამ მხრივ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა ა. დვალი­შვი­ლის სპექტაკლს „ჩვენებურები” (1956). მასში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ახალგაზრდა რეჟისორთა სწრაფვა, ყოველგვარი ცრუ რომანტ. პათოსის გარეშე შეექმნათ ღრმად ფსიქოლ. სპექტაკლები. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია რუსთაველის თეატრის სპექტაკლები: გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი” (1953), ვ. როზოვის „გზა მშვიდობისა” (1955, ორივეს რეჟ. ა. დვალი­შვი­ლი), ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!” (1951), ჯ. ფლეტჩერის „ესპანელი მღვდელი” (1954, ორივეს რეჟ. მ. თუმანი­შვი­ლი).

ახ. შემოქმედებით ძიებას გამოხატავდა მარჯანი­შვი­ლის თეატრის სპექტაკლებიც: ს. კლდია­შვილის „დაბრუნება” (1952) და ვ. გაბისკირიას „უფსკრულთან” (1953, ორივეს რეჟ. გ. ლორთ­ქიფა­ნიძე), რ. თაბუკა­შვი­ლის „რაიკომის მდივანი” (1947) და ვ. გაბისკირიას „გაზაფხულის დილა” (1952, ორივეს რეჟ. ლ. იოსელიანი). განსაკუთრებით უნ­და აღინიშნოს რეჟისორების ა. დვალი­შვი­ლის, მ. თუმანი­შვი­ლის, გ. ლორთქიფა­ნიძის და ლ. იოსელიანის როლი გამომსახვე­ლობის, მხატვრულ-სტილისტური საშუალებების განახლებაში. ამ წლებში დიდი წარმატება მოიპოვეს თეატრის მხატვრებმა ს. ვირსალაძემ, ფ. ლაპიაშვილმა, ი. სუმბათაშვილმა, დ. თავაძემ, ნ. ყაზბეგმა, დ. თაყაიშვილმა.

წამყვან თეატრებში ძი­რითადად მოღვაწეობდნენ თეატრ. ინ-ტის კურსდამთავრებულები.

შემ­დგომ წლებში მნიშვ­ნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სა­ქართვ. სხვა­და­სხვა ქალაქის თეატრებმა, რ-ებმაც გარკვეული წვლი­ლი შეიტანეს ქართ. თეატრ. ხელოვნების განვითარებაში. იმ პერიოდში მაღალი პროფესიონა­ლიზმით, ჭეშმარიტი არტისტიზმით გამოირჩეოდნენ მსახიობები: ი. კობალაძე, მ. ხინიკაძე (ბათუმის სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი ი. ჭავჭავაძის სახელობისა), ლ. ჭედია, მ. ჩუბინიძე, თ. ბოლქვაძე (სოხუმის სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი კ. გამსახურდიას სახელობისა), ვ. მეგრელი­შვი­ლი, მ. გელა­შვი­ლი, ქ. კოლხიდელი, შ. პირველი, შ. ხაჟალია, ვ. გვენცაძე, ი. ხვიჩია (ქუთაისის სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი ლ. მესხი­შვი­ლის სახელობისა), მ. ვაშაძე, გ. ტყაბლაძე (ჭიათურის სახელმწიფო დრამატული თეატრი ა. წერეთლის სახელობისა), შ. ხერხეულიძე (გორის სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი გ. ერისთავის სახელობისა), თ. ბურბუთა­შვი­ლი, პ. ახვლედიანი, ა. კუპატაძე, ე. ვერულა­შვი­ლი (თელავის სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი ვაჟა-ფშაველას სახელობისა).

60-იან წლებში რუსთაველის თ-ში თავი იჩინა ­მხატვრულ-შემოქმედებითი ძიებების ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენ­ცი­ებმა. გმირულ-რომანტ. ტრადიციების შენარჩუნებას ან ძველი ტრადიციების შეხამებას ღრმა ფსიქოლოგიზმთან და მსოფლიო თეატრ. ხელოვნების შემოქმედებით სიახლეებთან მხარს უჭერდნენ ცნობილი რეჟისორები: დ. ალექსიძე, მ. თუმანი­შვი­ლი, ა. ჩხარტი­შვი­ლი, რასაც ადასტურებს მათ მიერ დადგმული სპექტაკლები: ვაჟა-ფშაველას “ბახტრიონი” (ინსცენირება დ. გაჩეჩილაძე) (1960), გ. ნახუცრი­შვი­ლის “ფიროსმანი” (1961), ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა” (1964, სამივეს რეჟ. დ. ალექსიძე), მ. ელიოზი­­ შვი­ლის „ბებერი მეზურნეები” (1969), ვ. ვიშნევსკის „ოპტიმისტური ტრაგედია” (1958, ორივეს რეჟ. ა. ჩხარტი­შვი­ლი), ლ. ქიაჩელის „გვადი ბიგვა” (1967), ჟ. ანუის „ანტიგონე” (1968), ჟ. რასინის „ფედრა” (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი”, გ. ნახუცრი­შვი­ლის „ჭინჭრაქა” (1963, ხუთივეს რეჟისორი მ. თუმანი­შვი­ლი). ქართ. თეატრი ასახავს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებას, ამხელს ჩრდილოვან მხა­რეებს, რი­თაც მაყურებელს ეხმარება თანამედროვე ცხოვრების რთული მოვლენების სწორად შეფასებაში. ეს ტენდენციები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა რეჟისორების რ. სტურუას, თ. ჩხეიძის, ლ. მირცხულავას, ი. კაკულიას, გ. ჟორდანიას, გ. ქავთარაძის, შ. გაწერელიას, ნ. ხატისკაცის, ნ. დემეტრა­შვი­ლის, ს. მრევლი­შვი­ლის, მ. კუჭუხიძის, ა. შალიკა­შვი­ლის შემოქმედებაში.

თეატრ. კულტურის ზრდა დაადასტურა რუსთავის თეატრის (ამჟამად რუსთავის სა­ხელმწი­ფო დრამატული თეატრი გ. ლორთქიფა­ნიძის სახელობისა), მესხეთის (ახალციხის) სა­ხელმ­წიფო დრამატული თეატრის (მთ. რეჟ. ნ. დემეტრა­შვი­ლი), თბილ. ახალგაზრ­დული თეატრ-სტუდიის (სამხატვრო ხელმძღვ. ს. მრევლი­შვი­ლი), გლდანის თეატრის (ხელმძღვ., ლ. პაქსა­შვი­ლი ამჟამად ახმეტელის სახელობისა), პანტომიმის ­(ხელმძღვ. ა. შალიკა­­შვი­ლი), მარიონეტების (ხელმძღვ. რ. გაბრიაძე) და მინიატიურების (ხელმძღვ. თ. ჩანტლაძე) სა­ხელმწ. თეატრების შექმნამ.

1975 წელს კინოსტუდია „ქართული ფილმის” ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა დრამატული თეატრი, რ-ლის დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვ. გარდაცვალებამდე იყო მ. თუმანიშვილი.

ქართულმა თეატრმა ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშ. არენაზე. ნ. დუმბაძის, ო. იოსელიანის, ა. ჩხაიძის, გ. ხუხა­შვი­ლისა და სხვა­თა პიესები ­წარმატებით დაიდგა საზღვარგარეთის თეატრების სცენაზე. საზღვარგარეთ გასტროლების დროს დიდი წარმატება ხვდა წილად რ. სტურუას მიერ რუსთაველის თეატრში დადგმულ სპექტაკლებს.

მარჯანი­შვი­ლის სახ. თეატრის სპექტაკლებიდან აღსანიშნავია გ. ლორთქიფანიძის მიერ ნ. დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” (1961), „მე ვხედავ მზეს” (1963); პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი” (1965), ა. გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში” (1967), „მთვარის მოტაცება” (კ. გამსახურდიას რომანის მიხედვით, ორივეს რეჟ. ლ. მირცხულავა, 1968). განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვ. გოძია­შვი­ლის მიერ დადგმული ა. ცაგარლის, ა. წერეთლის, ქ. ბახუტა­შვი­ლის „ძველი ვოდევილები” (1968). აქვე უნდა აღინიშნოს რეჟ. დ. ალექსიძის ნაყოფიერი მოღვაწეობა ამავე თეატრში – დადგა ფ. შილერის „დონ კარლოსი” (1971), ა. ოსტროვსკის „ტალანტები და თაყვანისმცემლები” (1974), ა. კორნეიჩუკის „ხსოვნა გულისა” (1972).

70-იან წლებში მარჯანიშვი­ლის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნდა გ. ლორთქიფანიძე, რ-მაც წარმოადგინა სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე”. დაწყებული XX ს. 70-იანი წლებიდან და XXI ს. პირველ ათწლეულში მომხდარმა მოვლენებმა, ღრმა სოც.-პოლიტ. ცვლილებებმა გავლენა იქონია ქართ. თ-ზე. რუსთაველის თ-ში სა­ბოლო­ოდ ფორმირდება რ. სტურუას პოლიტ. თეატრის მოდელი, განსაზღვრული სპექტაკლებით: ა. მილერის „სეილემის პროცესი”, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი” (1974), ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე” (1975), მ. შატროვის „ლურჯი ცხე­ნები წითელ ბალახზე” (1980) და სხვ. აღსანიშნავია რ. სტურუას „შექსპირიანას” ციკლის სპექტაკლები: „რიჩარდ III” (1978), „მეფე ლირი” (1987), „მაკბეტი” (1995), „მეთორმეტე ღამე” (2000), „ჰამლეტი” (2001); მნიშვნელოვანია სპექტაკლები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი!?” (2001, რ. სტურუა), ს. ბეკეტის „გოდოს მოლოდინში” (2002, რ. სტურუა), „თორმეტი განრისხებული მამაკაცი” (2006, რ. სტურუა, რ. ჩხაიძე), „მოხუცი ჯამბაზები” (2008, გ. კაპანაძე), „სტუმარ-მასპინძელი” (2010, ვ. გორგოშიძე), „ნადირობის სეზონი” (2011, რ. სტურუა).

90-იან წლებში და ახ. საუკუნის პირველ ათწლეულში რთული ცვლი­ლებები ხდება მარჯანი­­შვი­ლის თ-ში. მიმდინარეობს ახ. ფორმების ძიება, დიდი ყურადღება ეთმობა სასცენო ლექსიკის განახლებას, თემებისა და გამომსახვე­ლობითი საშუალებების მრავალფეროვნებას. თ. ჩხეიძე წარმატებით დგამს თავისუფლების იდეის (ი. ჭავჭავაძე „ასის წლის წინათ”, ლ. ქიაჩელი „ჰაკი აძბა”), მორალურ-ეთიკური პრობლემების გამომსახველ წარმოდგენებს. ფართო რეზონანსი მოჰყვა თ. ჩხეიძის დადგმებს: მ. ჯავახი­შვი­ლის „ჯაყოს ხიზნებს” (1984), შექს­პი­რის „ოტელოს” (1982), თ. დოსტოევსკის „მარად ქმარს” (1997), ა. სტრინდბერგის „მამას” (1998), ჟ. ანუის „ანტიგონეს” (2000). აღსანიშნავია ამავე თეატრის ახალი სპექტაკლები: „როგორც გენებოთ” (2012, ლ. წულაძე), „ჰამლეტი” (2013, თ. კუპრავა), „თეთრი იასამანი” (2014, გ. ჟორდანია) და სხვ.

ინტენსიურად მუშაობენ დიდი ტრადიციის მქონე თბილისის თ-ები: მუსიკალური კომედიის და დრამის სა­ხელმ­წი­ფო თეატრი ვ. აბაშიძის სახელობისა, გრიბოედოვის თეატრი, თბილისის სომხური სა­ხელმ­წი­ფო დრამატული თეატრი პ. ადამიანის სახელობისა და თბილისის აზერბაიჯანული სახელმ­წი­ფო დრამატული თეატრი ჰ. ალიევის სახელობისა.

1999 გაერთიანდა მოზარდთა ქართ. და რუს. თ-ები და ეწოდა მოზარდ მაყურებელთა სა­ხელმ­წიფო თეატრი ნ. დუმბაძის სახელობისა.

1997 საფუძველი ჩაეყარა თბილ. სამეფო უბნის თეატრს სპექტაკლით „ნანგრევებს შორის” (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით. რეჟ. ც. ნაკაშიძე). თ-ის დამფუძნებლები არიან ი. გიგო­შვილი და მ. თავაძე. თ-ს არ ­ჰყავს სტაბილური დასი. ახალდაზრდა შემოქმედთა (ა. ვარსიმაშვილი, გ. მარგველა­შვი­ლი, ლ. წულაძე, ო. ეგაძე, მხატვარი შ. გლურჯიძე, გ. ხარაბაძე) ინიციატივით 1997 შეიქმნა თეატრალური სარდაფი, 2005 – თეატრი ათონელზე (ნ. ფაჩუა­შვი­ლი, რ. სალუქვაძე), სადაც წარმატებით გამოდიან მოწვეული მსახიობები.

1987 კ. მახარაძის ინიციატივით დაარსდა ერთი მსახიობის თეატრი „ვერიკო”. საზ-ბის ინტერესი გამოიწვია კ. მახარაძისა და ს. ჭიაურელის სპექტაკლებმა, მ. ჯინორიას „პოეზიის საღამოებმა” („და სიმღერით ვკვდები” 1995; „დროთა კავშირი”, 2010). ბათუმში და თბილისში ფუნქციონირებს ორიგინ. „თითების თეატრი” (დამაარსებელი ბ. კუპრეი­შვი­ლი).

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ცნობილი მოვლენების შემდეგ თბილისში ფუნქციონირებს სოხუმის კ. გამსახურდიას სახ. და ცხინვალის ი. მაჩაბლის სახ. ქართ. დრამ. თ-ები. 1991-იდან შეიქმნა სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თ. „თეთრი ტალღა”.

XX ს. დასასრულიდან ქართ. თ-ში ხდება მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი შემოქმედებითი და ორგანიზაციული ცვლილებები, სა­ხელმწ. თ-ებთან ერთად ყალიბდება დამოუკიდებელი და კერძო თ-ები. მძაფრი სოც. პრობლემები აისახა ა. ვარსიმა­­შვი­ლის თავისუფალ თეატრში, რ-იც გაიხსნა ჯ. ოსბორნის პიესით „კომედიანტები” (2001). თ. მუშაობს ანტრეპრიზის ­პრინციპით. XX ს. 80-იანი წლებიდან სა­­ ქართვ. თ-ებში დაიწყო თაობათა მონაცვლეობის პროცესი. მნიშვ­ნელო­ვა­ნი სირთულეების გადატანა მოუხდათ საქალაქო და რაიონულ თ-ებს. სტაბილური შემოქმედებითი ცხოვრება აღდგა 2000-იდან. სა­ქარ­თვე­ლო­ში 2014 წლისათვის სხვა­და­სხვა სტატუსის (სა­ხელმწ. მუნიციპალური, კერძო) და ჟანრის (დრამა, ოპერა, თოჯინები, პანტომიმა, მარიონეტები, ჩრდილები, თითები და სხვა) 50-ზე მეტი თეატრია, რ-ებიც ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან.

რეგულარულად ტარდება მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “გიფტსაჩუქარი” (დაარსების ინიციატორი რეჟ. ქ. დოლიძე), თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს „თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი”; ასევე ფესტივალები ტარდება რეგიონებშიც. დაწესებულია თეატრალური პრემია „დურუჯი” და სხვადასხვა სახელობითი პრემია.

ლიტ.: ა მ ი რ ა ნ ა ­შ ვ ი ­ლ ი  შ., წარმართული მისტერიები და ანტიკური თეატრი სა­ქარ­თვე­ლო­ში, «მნათობი», 1944, №1–2; ა ნ თ ა ძ ე  დ., თეატრალური ზესტაფონი, თბ., 1978; ბ უ ხ ნ ი კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., გორის თეატრი, თბ., 1965; მ ი ს ი ვ ე ჭიათურის თეატრი, თბ., 1970; მ ი ს ი ვ ე, ბათუმის თეატრი, თბ., 1979; მ ი ს ი ვ ე, თეატრალური ქუთაისი, თბ., 1979; ბ უ ხ ნ ი კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  გ., ლაშხი ნ., მახარაძის თეატრი, თბ., 1968; გ ა ბ ი ­ს ო ნ ი ა  გ., ბ ა რ ა მ ი ა  ა., ზუგდიდის თეატრი, თბ., 1969; გ ა ჩ ე ჩ ი ლ ა ძ ე  ა., ნარკვევები XIX საუკუნის მეორე ნა­ხევ­რის ქარ­თუ­ლი დრამატურგიისა და თეატრის ისტორიიდან, ნაწ. 1–2, თბ., 1957–63; გ ე გ ი ა  მ., ქარ­თუ­ლი თეატრი, თბ., 2012; გ ე რ ს ა მ ი ა  ს., სოხუმის თეატრი, სოხ., 1981; გ უ ნ ი ა  ვ., ქარ­თუ­ლი თეატრი (1879–1889), ტფ., 1889; გ უ რ ა ბ ა ნ ი ძ ე  ნ., მრავალსახეობა თეატრისა, თბ., 1972; მ ი ს ი ვ ე, ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრში, თბ., 2010; კ ი კ ნ ა ძ ე  ვ., ქართველი რეჟისორები, წგ. 1–2, თბ., 1968–70; მ ი ს ი ვ ე, ქართუ­ლი დრამატუ­ლი თეატრის ისტორია, ტ. 1–2, თბ., 2001–02; ნ ი ნ ი ძ ე  ვ., გერსამია ს., შვანგირიძე ნ., თბილისის სანკულტურის თეატრი, თბ., 1955; რ უ ხ ა ძ ე  ტრ., ძველი ქართუ­ლი თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949; ღ ვ ი ნ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი ა., მოზარდ მაყურებელთა ქარ­თუ­ლი თეატრი, თბ., 1956; შ ა ლ უ ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, თბ., 1942; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე  დ., მარჯანი­შვი­ლის სახ. სა­ხელმ­წი­ფო თეატრი, თბ., 1939; მ ი ს ი ვ ე, ქარ­თული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948; მ ი ს ი ვ ე, ქარ­თუ­ლი თეატრი უძველესი დროიდან XIX საუკუნემდე, თბ., 1965;

ვ. კიკნაძე

დ. ჯანელიძე