არმაზული დამწერლობა, არამეული დამწერლობის ჩრდ.-აღმ. მესოპოტამიური ტიპის ერთ-ერთი სახეობა, რ-იც გავრცელებული იყო საქართველოსა და სომხეთში. ტერმ. „ა. დ.“ შემოიღო აკად. გ. წერეთელმა მცხეთა-არმაზში 1940 აღმოჩენილი არამეული სტელების (I–II სს.) შესწავლის შედეგად (იხ. არმაზის ბილინგვა, არმაზის მონოლინგვა). საქართველოშივე აღმოჩენილია ჭურჭელი და სამკაული ა. დ-ით შესრულებული წარწერებით. ასეთია, მაგ., დას. საქართველოში, სოფ. ბორში ნაპოვნი პინაკი (III ს.), არამ. წარწერები ძალისის ტაძრის კაპიტელზე და სხვ. ყურადღებას იქცევს უკანასკნელ წლებში დედოფლის მინდორზე აღმოჩენილი ფირფიტები ნადირობის სცენებით, რ-თაგან ზოგიერთს ა. დ-ით შესრულებული მცირე არამ. წარწერა ახლავს. ა. დ-ით უნდა იყოს შესრულებული 1961 გარნიში (სომხეთი) აღმოჩენილი წარწერა ქვაზე (II ს.). „არმაზულს“ მიაკუთვნებენ მაზანდარანის (ირანი) პინაკების არამეულ წარწერებსაც (VIII–IX სს.), რ-თა დამწერლობას „გვიანდელ არმაზულს“ უწოდებენ (ფ. ალტჰაიმი, რ. შტილი).
ა. დ-მ განვითარების დიდი გზა განვლო. მისი სათავე, როგორც ყველა ჩრდილომესოპოტამიური დამწერლობისა, აქემენიდთა ხანის არამეულის (ე. წ. ოფიც. თუ სახელმწ. არამეულის) დამწერლობიდან მომდინარეობს. სპარს. იმპერიის დაცემის შემდეგ განვითარდა სხვადასხვა ლოკალური, დამწერლობა რ-ებიც ელინისტურ-რომაულ ხანაში ცალკე სახეობებად ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივ (ქართ.) ნიადაგზე უნდა იყოს ფორმირებული, რ-იც არმაზის არამ. წარწერებში აისახა და ჰათრის, ასურის, ჰასანქეფესა და ზოგიერთი სხვა წარწერის დამწერლობასთან ერთად ერთ ჯგუფს (ჩრდილომესოპოტამიურს) ქმნის. იგი გარკვეულ სიახლოვეს იჩენს არამ. დამწერლობის ე. წ. პართულ ტიპთან, რ-იც არშაკიდებისა და სასანიანების ხანაში (ძვ. წ. III – ახ. წ. V სს.) იყო გავრცელებული საშ. ირან. ენებისათვის (პართული, ფალაური). საყურადღებოა, რომ ა. დ-ით შესრულებული წარწერების ენა (არამეული) გამოდის სტანდარტული არამეულის ჩარჩოებიდან, რაც ადგილ. ენის გავლენით უნდა აიხსნას. არსებობს ცდა ა. დ-ის ქართულ დამწერლობასთან გენეტურად დაკავშირებისა.
ლიტ.: წ ე რ ე თ ე ლ ი კ., არმაზული დამწერლობა, კრ.: სემიტოლოგიური ძიებანი, V, თბ., 1991; Периханян А. Г., Арамейская надпись из Гарни, «Историко-Филологический журнал АН Армянской ССР», 1964, № 3 (26), с. 123 – 138; Церетели Г. В., Армазское письмо и проблема происхождения грузинского алфавита, «Эпиграфика Востока», 1948 – 49, кн. 2 – 3; Naveh J., The North – Mesopotamian Aramaic scripttype in the lateparthian period, «Israel Oriental Studies», Tel-Aviv, 1972 [v.] 2; Oelsner J., Bemerkungen zur schriftgeschichtlichen Einordnung der Inschriften aus Armazi, «Wissenschaftliche Zeitschrift der Fr. Schiller-Universität. Jena». Gesellschafts - und Sprachwiss. Reihe 22, 1973.
კ. წერეთელი