არსენ I, არსენ დიდი (820 – დაახლ. 877), ქართლის კათოლიკოსი დაახლ. 850–877. ბიოგრ. ცნობები მის შესახებ შემოგვინახა გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამ“, იგი იხსენიება აგრეთვე „მოქცევაჲ ქართლისაჲში“ დაცულ კათოლიკოსების სიაში. ა. I იყო სამცხის დიდი ფეოდალის მირეანის უმცროსი ვაჟი, რ-იც მამამ 6 წლისა დაამოწაფა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს თეოდორესა და ქრისტეფორეს. მათ არსენი წაიყვანეს და გრიგოლ ხანძთელის ხელმძღვანელობით ხანძთის მონასტერში აღზარდეს. მაღალი ბუნებრივი და ზნეობრივი თვისებების გამო, გრიგოლს განსაკუთრებით უყვარდა არსენი. დაახლ. 850 არსენის მამის მირეანის თაოსნობითა და ძალდატანებით, სახელდახელოდ მოწვეულმა საეკლ. კრებამ, რ-საც ქართლის ეპისკოპოსების მხოლოდ უმცირესობა ესწრებოდა, არსენი კათოლიკოსად აკურთხა. ეპისკოპოსების უმრავლესობამ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია, მათ მხარი დაუჭირა გვარამ (გუარამ) მამფალმაც, რ-იც იმ ხანებში მირეანს მტრობდა. ჯავახეთში მოწვეულმა ახ. კრებამ ა. I-ის კათოლიკოსობის კანონიერების საკითხი გაარჩია. მიუხედავად გვარამ მაფლისა და ეპისკოპოსების ერთი ნაწილის წინააღმდეგობისა, გრიგოლ ხანძთელის მხარდაჭერით ა. I-მა კათოლიკოსობა შეინარჩუნა. გიორგი მერჩულის ცნობით ა. I ღირსეული კათოლიკოსი იყო, სამართლიანად ეწოდა „დიდი არსენი“ და „მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭკნობელი“. გიორგი მერჩულის ცნობითვე, ა. I-მა აკურთხა ხანძთის ძვ. ეკლესია და მონაწილეობა მიიღო გრიგოლ ხანძთელის დაკრძალვის ცერემონიალში. ა. I მწერალიც ყოფილა. XI ს. „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებისა და მარტვილობის“ მეტაფრასტული რედაქციის სათაურში ვკითხულობთ: „თქმული არსენი დიდისა, ქართლისა კათალიკოსისა“. ცხადია, ა. I-ს აბიბოსის მარტვილობის კიმენური ტექსტი ეკუთვნოდა, რ-ითაც XI ს. მეტაფრასტს უსარგებლია. ზოგიერთი მეცნიერი (ი. ჯავახიშვილი, კ. კეკელიძე, ი. ლოლაშვილი) ა. I-ს მიაწერდა ცნობილ პოლემიკურ თხზულებას „განყოფისათჳს ქართლისა და სომხითისა“, მაგრამ ბოლო წლების გამოკვლევით ეს თვალსაზრისი უარყოფილია (იხ. არსენ საფარელი).
წყარო: ცხოვრება გრიგოლ ხანძთელისა, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963.
ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ა. ბოგვერაძე