არსენა ოძელაშვილი, არსენა მარაბდელი (დაახლ. 1797, სოფ. მარაბდა, ახლანდ. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, – 1842, მცხეთა), ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლი გლეხი XIX ს. I ნახევარში. თავად ზაალ ბარათაშვილთან კონფლიქტის გამო ჭაბუკი არსენა ტყეში გაიჭრა. იგი ვერ ურიგდებოდა გლეხობის ჩაგვრას, ყმებით ვაჭრობას, ყმების გაჩუქებას, მზითვად გატანებას და სხვ. ებრძოდა მარბიელ მთიელთა ურდოებს, კოლონ. პოლიტიკის გამტარებელ ჩინოვნიკებს, ჩარჩ-ვაჭრებს. ა. ო. პოპულარული იყო საქართველოსა და მის მოსაზღვრე მხარეში. ხელისუფლებამ მის დასაპატიმრებლად საგანგებო რაზმი გაგზავნა. ბოლოს ფარსადან ბოდბისხეველის ღალატით შეიპყრეს, მაგრამ მალე ტყვეობას თავი დააღწია; ა. ო-ის ანტიფეოდ. პროტესტი გლეხთა განმათ. მოძრაობაში გადაიზარდა. პოლიცია სასტიკად დევნიდა; ერთხელ მცხეთის მახლობლად მარტო მიმავალი რუს. ჯარის ნაწილებს წააწყდა და შეტაკებისას მოკლეს. ხალხ. ტრადიციით ა. ო-ის მკვლელი არის გიორგი კუჭატნელი. ა. ო-ის სახელი ხალხმა უკვდავყო – მისსავე სიცოცხლეში შეიქმნა ხალხ. ეპოსი „არსენას ლექსი“. სახ. მგოსნები და მომღერლები მის სადიდებელ ლექსებსა და სიმღერებს საჯაროდ ასრულებდნენ. ქართ. მწერლობამ და ხელოვნებამ (ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, მ. ჯავახიშვილი, ს. შანშიაშვილი, გ. ლეონიძე, მ. ჭიაურელი) უკვდავყო თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი.
ლიტ.: უმიკაშვილი პ., ხალხური სიტყვიერება, ტ. 1, 4, მ. ჩიქოვანის რედ., თბ., 1964; ხინთიბიძე ა., ფოლკლორული მასალები არსენა ოძელაშვილზე, თბ., 1968.
მ. ჩიქოვანი