არსენ თბილელი (ერისკაცობაში იესე ბაგრატიონი) (1757–30. XI. 1812), ქართლის სამეფო სახლის შთამომავალი, აბდულა ბეგის ძე, თბილისის უკანასკნელი მიტროპოლიტი, საქართვ. ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. აღიზარდა ანტონ I-ის გარემოცვაში. თავისი ძმის დავითისა და უახლოესი ნათესავის პაატა ბატონიშვილის შეთქმულებაში მონაწილეობის გამო ისიც იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო. აქ იგი ჯერ კაცხის მონასტრის წინამძღვრად, მერე ნიქოზის ეპისკოპოსად დანიშნეს. კრწანისის ბრძოლის (1795) შემდეგ ერეკლე II-მ ქართლის სამეფო სახლის ინტერესების გათვალისწინებით ა. თ-ს თბილისისა და ბოლნისის სამიტროპოლიტო ჩააბარა. საქართვ. რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ (1801) რუს. მთავრობა ქართ. ეკლესიის თავისი მიზნებისათვის გამოყენებას ცდილობდა; ამიტომაც ა. თ. წმ. ანას პირველი კლასის ორდენით დააჯილდოვა და თეთრი ბარტყულით დაასაჩუქრა. შემდგომში მთავრობის პოლიტიკა საქართვ. ეკლესიისადმი შეიცვალა. ა. თ. წინ აღუდგა საქართვ. ეკლესიის რეფორმის მომხრე არქიეპისკოპოს ვარლამს (ერისთავი) და ათანასე არქიმანდრიტს. მალე რუს. მთავრობამ ა. თ-ს ბრალი დასდო საეკლ. ქონების მიტაცებაში, რის გამოც მისი თბილელობიდან გადაყენება მოინდომეს. ა. თ. ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა, მაგრამ მალე გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის ტაძარში.
ლიტ.: Иоселиани П. И., Описание Древностей города Тифлиса, Тфл., 1866.
ვ. სიხარულიძე