არტაანი, არტანი, ისტორიული მხარე და ციხე-ქალაქი სამხრ. საქართველოში, მტკვრის ზემო დინების ორივე მხარეს. სახელწოდება „არტაანთან“ ერთად იხმარებოდა „არტაჰანიც“ (აქედან თურქ. არდაჰანი და რუს. არდაგანი). ა. თავდაპირველად მხარის სახელწოდება იყო. არსებობდა „ზენა არტანი“ და „ქუენა არტანი“, ანუ „მტკვრის აქეთა“ (მარჯვ. სანაპირო) და „მტკვარს იქითა არტანი“ (მარცხ. სანაპირო). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ ჯავახოსმა ააშენა ქალაქი, რ-საც მაშინ ქაჯთა ქალაქი, ლეონტი მროველის დროს კი – „ჰური“, რქმევია. მისივე ცნობით, ფარნავაზ I-მა (ძვ. წ. III ს.) შექმნა წუნდის საერისთავო, სადაც შედიოდა ა., ჯავახეთი და კოლა. ა-ის შემადგენლობაში იყო ერუშეთიც, სადაც ვახტანგ გორგასალმა (V ს.) საეპისკოპოსო დააარსა. VIII ს-ში ა. ტაო-კლარჯეთის მთავრის ადარნასეს სამკვიდრო ქვეყანა იყო. IX ს-ში გუარამ მამფალმა სამხრ. საქართვ. სხვა მხარეებთან ერთად ა. არაბებისაგან დაიხსნა. თამარის ეპოქაში (XII–XIII სს. მიჯნა) ა. სანაპირო საერისთავოს წარმოადგენდა, რ-საც სამცხის სპასალარი ედგა სათავეში. შემდგომ ხანებში ეს მხარე სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა. XVI ს-ში სამხრ. საქართვ. სხვა ტერიტ. ნაწილებთან ერთად ოსმალეთმა დაიპყრო. შეიქმნა ორი ადმ. ერთეული: დიდი არტანის ლივა (შედიოდა გურჯისტანის ვილაიეთში) და პატარა არტანის ლივა (შედიოდა ყარსის ვილაიეთში). XVII ს. ავტორი ქათიბ ჩელები ასახელებს პუნქტსა და ციხეს ა-ის სახელწოდებით, იგი გვიანდ. წყაროებშიც იხსენიება.
1877–78 რუს.-ოსმ. ომის დროს ქალაქი და მხარე ა. რუს. ჯარებმა დაიკავეს. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება|სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებისა (1878) და ბერლინის ტრაქტატის (1878) თანახმად, ა. რუსეთის იმპერიას გადაეცა. 1918 ა. ოსმალეთმა დაიკავა, მაგრამ უკვე 1919 აგვ.-ნოემბერში ქართულმა ჯარმა გენ. გ. კვინიტაძის მეთაურობით ა-ის მხარე საქართველოს დაუბრუნა. 1921 რუსეთ-თურქეთის მოსკოვის ხელშეკრულებით ა. თურქეთმა შეიერთა (იხ. არტაანის ოკრუგი).
წყარო: ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გ. ალასანიას გამოც., თბ., 1978; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1– 2, თბ., 1955–59; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970; ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი. 1694 – 1732 წწ., ც. აბულაძისა და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979; ჯიქია ს., გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 3, თბ., 1958.
დ. ბერძენიშვილი