ამაშუკელი რევაზ ბიძინას ძე

რ. ამაშუკელი

ამაშუკელი რევაზ ბიძინას ძე (24. VI. 1936, თბილისი, - 10. I. 2022, იქვე), პოეტი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1960). სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნ. „ცისკარში“, „მნათობში“, „ლიტერატურნაია გრუზიაში“, ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტში, იყო საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი (1986), რუსთაველის საზ-ბის თავ-რის პირველი მოადგილე (1988–89. III), 1992-იდან საქართვ. რესპ. კულტ. მინისტრის მოადგილე.

ა-ის ლექსები იბეჭდება 1957-იდან. იგი მრავალი პოეტური კრებულის ავტორია („ლექსები“, 1964; „აპრილი“, 1967; „ლექსები“, 1970; „ლექსები“, 1974, „ზედაზნის მთვარე“, „შენდამი“, ორივე 1980; „მზე და მთავრე ნუ მოგშლოდეს“, 1985; „ისევ შენდამი“, 1987; „ტირისკონი“, 1990, „ლექსები“, 2001). ამ კრებულების ჭეშმარიტ მხატვრულ ღირსებებს განსაზღვრავს ოსტატურად გამართული თეთრი ლექსი და კლასიკური სისადავით გამორჩეული ტრად. რითმიანი სტროფები. ა-ის თემატურად მდიდარ ლექსებში ყველაზე თვალსაჩინოა პატრ. მოტივი („ტირისკონი“, „ფიროსმანი“, „შენდამი“, „მამლუქების სასაფლაო“, „აღმოსავლური სურათი“ და სხვ.). მისი ლექსისთვის ნიშანდობლივია სათქმელის მოქცევა მედიტაციურ ფორმაში, განწყობილების შექმნა ლირ. მონოლოგის სახით და ამ მონოლოგის ინტელექტუალური გააზრება; აგრეთვე ე. წ. ორნამენტული სტილის მძაფრი ფერებით აღსავსე ფრაზა, მუს. ბგერისა და ფერების ფაქიზი ალღო. თავისებურია სამყაროს იდუმალების მისეული განცდაც, რაც ზოგჯერ სიმბოლურ-ალეგორიული სახეებით არის გადმოცემული. აღსანიშნავია ა-ის ინტიმური შინაარსის ლექსები, რ-თაც ახასიათებთ დახვეწლილი სიტყვიერი ფაქტურა, ლირ. სილბო და რიტმული სიმსუბუქე.

„მარტოობა“, კითხულობს რევაზ ამაშუკელი, ჩაწერილია 1986 წელს: https://www.youtube.com/watch?v=z7iADgqULXo

ლირ. პოემისთვის „ძახილი“ 1968 მიენიჭა საქართვ. კომკავშირის პრემია, 1982 – გ. ტაბიძის სახ. პრემია.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996).

2003 აირჩიეს თბილ. საპატიო მოქალაქედ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მარტოობა, თბ., 2006; სისხლში ჩამხრჩვალი ვარდები, თბ., 2008; 100 ლექსი, თბ., 2009; ალილუია, თბ., 2012; პოეზია, თბ., 2019.