ბეკ-ნაზაროვი ამო (ამბარცუმ) ივანეს ძე [19 (31). V. 1892, ერევანი, – 27. IV. 1965. მოსკოვი], სომეხი რეჟისორი, კინოდრამატურგი, რევოლუციამდელი რუს. კინემატოგრაფის პოპულარული მსახიობი. სომხ. რესპ. სახ. არტისტი (1935).
1917–18 ლადო მესხიშვილთან ერთად გადაღებულია ფილმებში: „გამოუვალი მდგომარეობა“, „ცხოვრების მუდმივი ზღაპარი“, „საღამოს მსხვერპლი“, „მგზნებარე ვნების ადამიანები“, „ცეკვა, სევდა და ამაოება“, „მტაცებელი“ და სხვ. 1921 გ. გოგიტიძესთან ერთად სათავეში ედგა საქართვ. განსახკომის კინოსექციას, შემდგომში სახკინმრეწვის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.
გადაღებული აქვს ქართ. მხატვრული ფილმები: „მამის მკვლელი“ (1923, ა. ყაზბეგის მიხედვით), „დაკარგული საუნჯე“ (1924), „ნათელა“ (1926), „ნამუსი“ (შირვანზადეს მიხედვით, 1926, სომხ. კინოსტუდიასთან ერთად). 1926-იდან ბ. სომხეთში მიიწვიეს და სათავეში ჩაუდგა სომხ. ეროვნულ კინემატოგრაფიას, სადაც გადაიღო მხატვრული ფილმები: „ზარე“ (1926), „სახლი ვულკანზე“ (1928), „პეპო“ (გ. სუნდუკიანის მიხედვით, 1935), „ზანგეზური“ (1938; სსრკ სახელმწ. პრემია, 1941), „დავით ბეგი“ (1944) და სხვ. გადაღებული აქვს აზერბ. მხატვრული ფილმებიც: „სევილი“ ჯ. ჯაბარლის ამავე სახელწ. პიესის მიხედვით (1929) და სხვ. ბ-მა ეკრანზე გააცოცხლა სომეხი, აზერბ. და ქართვ. კლასიკოსების ნაწარმოებები. 1966-იდან მის სახელს ატარებს სომხ. კინოსტუდია „არმენფილმი“.
ბ. მრავალი ფილმის სცენარის ავტორი იყო.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Записки актера и кинорежиссера, М., 1965.
ლიტ.: Бек-Назаров Амо Иванович, М., 1964; В е л ь т м а н С., А. Бек-Назаров, М.-Л., 1937; В е н С., Бек-Назаров, М.-Л., 1927. К а л а н т а р К., А. Бек-Назаров, Ер., 1973.
ა. გვენცაძე