ბასილაშვილი ოლეგ ვალერიანის ძე

ო. ბასილაშვილი

ბასილაშვილი ოლეგ ვალერიანის ძე (დ.26.IX. 1934 მოსკოვი), რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი, წარმოშობით ქართველი. საზ. მოღვაწე. სსრკ სახ. არტისტი (1984), ძმები ვასილიევების სახ. რსფსრ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (კინოს დარგში, 1979).

დაამთავრა მოსკ. სამხატვრო აკად. თეატრთან არსებული სკოლა-სტუდია (პ. მასალსკის კურსი, 1956). მუშაობდა ლენინგრ. ლენინური კომკავშირის სახ. სახელმწ. თეატრში. 1959-იდან გ. ტოვსტონოგოვის სახ. ლენინგრ. დიდი დრამ. თეატრის წამყვანი მსახიობია, რომლის სცენაზე შეასრულა 50-ზე მეტი როლი: ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ანდრია პროზოროვი და ვოინიცკი (ა. ჩეხოვის „სამი და“, „ძია ვანია“), ლაფჩენკო (ა. არბუზოვის „ირკუტსკული ამბავი“), სერპუხოვი (ლ. ტოლსტოის „ცხენის ამბავი“) და სხვ.

1939-იდან იღებენ კინოში, შესრულებული აქვს 80-ზე მეტი როლი. მსახიობს დიდი პოპულარობა მოუტანა მაღალი ოსტატობითა და ფაქიზი ფსიქოლოგიზმით შესრულებულმა როლებმა რეჟ. ე. რიაზანოვისა ფ-ში ( „სამსახურებრივი რომანი“, სამოხვალოვი, 1977; „საბრალო ჰუსარს შეაწიეთ სიტყვა“, მერზლიაევი,1980; „ვაგზალი ორისთვის“, პლატონ რიაბინინი, 1982) და რეჟ. გ. დანელიას („შემოდგომის მარათონი“, ბუზუკინი, 1979) ფილმებში. სხვა როლებიდან აღსანიშნავია: გენერალი ეპანჩინი („იდიოტი“, რეჟ. ვ. ბორტკო, 2003), ვოლანდი („ოსტატი და მარგარიტა“, ვ. ბორტკო, 2005), ნათელმხილველი („ლიკვიდაცია“, ს. ურსულიაკი, 2007) და სხვ. ეწევა აქტიურ საზ. მოღვაწეობას, გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული სამოქალაქო პოზიციით. იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს და რუსეთის სახ. დეპუტატი (1990‒93). არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი; რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას“ აკადემიკოსი.

ბ-ს მიღებული აქვს რუსეთის სხვადასხვა თეატრალური („ოქროს ნიღაბი“, 2009, 2014; „თეატრის ვარსკვლავი“, 2009, „ფიგარო“, 2012), კინემატოგრაფიული („ნიკა, 2012) პრემიები, სახელმწ. ჯილდოები. 2010 ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის საქართვ. პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

მ. კერესელიძე