კაკაბაძე დავით ნესტორის ძე

დ. კაკაბაძე 

კაკაბაძე დავით ნესტორის ძე [8(20). VIII. 1889, სოფ. კუხი (დიდი კუხი), ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი, – 10. V. 1952, თბილისი], ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხა­ტვარი, ხელოვნების თეორეტიკოსი, გამომგონებელი. სა­ქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1950). ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის დროს (1900–09) აქვეყნებდა ნახატებს ქართ. პერიოდულ პრესაში. 1910–16 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნ-ტში (ბიოლოგის დიპლომით დაამთავ­რა ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო განყ-ბა), პარალელურად – მხატვარ ლ. დმი­ტრიევ-კავკაზსკის სახელოსნო­ში. ამ პერიოდში კ-მ დაიწყო ძვ. ქართ. ხელოვნების კვლე­ვა. პირველი თეორიული ნაშრომი მიუძღვნა ბეშქენ ოპიზარს. პეტერბურგში ყოფნისას გაეცნო უახლეს მიმდინარეობებს რუსულ და დასავლეთევროპულ მხატვრობაში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ფინეთსა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ნატურიდან შესრულებული პეიზაჟები, ავტოპორტრეტები ("ავტოპორტრეტი სარკესთან", 1913, სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმი; "ავტოპორტრეტი ბროწეულებით", 1913; "ავტოპორტრეტი რუხ ხალათში", 1917 – ორივე კერძო საკუთრება); დედის (კერძო საკუთრება), მამის (კერძო კოლექცია, რუსეთი; ორივე 1914) და ძმის (დ. კაკაბაძის სახ. ქუთაისის გალერეა; 1915) პორტრეტები. ასევე ქმნიდა კუბისტურ სურათებს ("დასაფლავება იმე­რეთ­ში", 1913 და "კუბისტური ავტოპორტრეტი", 1914 – ორივე მხატვრის ოჯახის საკუთრება).

დ. კ ა კ ა ბ ა ძ ე. "განგმირული თევზი". 1925. იელის ­უნივერსიტეტის (აშშ) სამხატვრო გალერეის კოლექცია.

1918 დაბრუნდა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ პერიოდში სა­ბო­ლოოდ ჩა­მო­ყალიბ­და მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე; ამ დროს შექმნა იმერეთის პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისგან განსხვავებით, ისინი უშუალოდ ბუნებას კი არ ასახავდნენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილ პრინციპებზე აგებულ სურათებს. მათში მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე. კომპოზიციებს ახასი­ა­თებს ნათელი, კლასიკური ტექტონიკურობა ("პეიზაჟი წითელი გზით", "პეიზაჟი ციხითა და მდინარით", 1918, ორივე მხატვ­რის ოჯახის საკუთრება). სურათზე "იმერეთი - დედაჩემი" (1918) მხატვრისთვის ჩვეული პეიზაჟის ფონზე გამოსახულია დედის პორტრეტული ფიგურა, რ-საც სიმბოლური დატვირთვა აქვს. სურათზე, რ-ის გრაფიკული გამოსახულება მოცემულია ამჟამინდე­ლ ქარ­თულ 10-ლარიან ბანკნოტზე, განზოგადებულია დედის და სამშობლოს იდეა. ამავე წელს არის შექმნილი ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო "იმერული ნატიურმორტი" (ორივე – სა­ქართვ. ეროვნ. მუზეუმი). იმავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახის და სხვა­და­სხვა კერძო კოლექციის საკუთრება). 1919 დამოუკიდებელი სა­ქართვ. მთავრობის სტიპენდიით კ. პარიზში გაემგზავრა. საფრანგეთში ყოფნის პერიოდში მონაწილეობდა "დამოუკიდებელ მხატვართა" საზ-ბის ყოველწლიურ გამოფენებში. შ. ქიქოძესთან და ლ. გუდიაშვილთან ერთად მოაწყო გამოფენა გალერეა "ლა ლიკორნში" (1921). 1926 მისი 19 ნამუშევარი წარმოდგენილი იყო ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში, მოდერნისტული ხელოვნების საერთაშ. გამოფენაზე, რ-იც მოაწყვეს ამერიკელმა მხატვარმა და კოლექციონერმა ქეთრინ დრაიერმა და ფრანგმა მხატვარმა მარსელ დუშანმა. აქედან მისი აბსტრაქტული ქანდაკება და 15 აკვარელი გადაიტანეს იელის უნტის სამხატვრო გალერეის კოლექციაში, სადაც დღემდე ინახება. მისი ერთი კოლაჟი ინახება ლისაბონის ბერარდოს მუზეუმში.

დ. კ ა კ ა ბ ა ძ ე. კონსტრუქციულ-დეკორა­ტიული კომპოზიცია. 1924. შ. ამირანა­შვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. თბილისი.
 

უცხოეთში კ. კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, გამოიგონა სტერეო კინოსაპროექციო აპარატი (მიიღო ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი). გამოაქვეყნა თეორიული ნაშრომები ხელოვნების დარგში (ქარ­თ. და ფრანგ. ენებზე). ამ პერიოდშიც კ-ის შემოქმედებაში ვითარდება ორი მიმართულება: ერთი მხრივ, ის ­ქმნის სურათებს, რ-საც შთააგონებს რეალური სამყარო [პარიზის ჩანახატები, აკვარელების სერია "ბრეტანი" (შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმის და კერძო კოლექციონერთა საკუთრება), "წურბელების გამყიდველი", "ბანანების გამყიდველი" (ადგილსამყოფელი უცნობია)], და, მეორე მხრივ, – კუბისტურ კომპოზიციებს, კოლაჟებს, აბსტრაქტულ ფერწერულ სერიებს (შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმის და კერძო კოლექციონერთა საკუთრება). კ-მ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ბიომორფული, ანუ ორგანული სიურეალისტური აბსტრაქციები (1921–27).

1927 ბრუნდება სა­ქარ­თვე­ლოში. წამოსვლის წინ ­ქმნის ალეგორიულ სურათს "ინდუსტრია" (შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმი). სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბრუნების შემდეგ რეჟისორ კ. მარჯანი­შვი­ლის მიწვევით მუშაობას იწყებს სცენოგრაფიის დარგში. გააფორმა მრავალი სპექტაკლი (ე. ტოლერის "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ", 1928; პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", 1929; შ. დადიანის "ნინო­შვი­ლის გურია", 1932; პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება", 1946 – ყველა კ. მარჯანი­შვი­ლის თეატრი; ი. მოსა­შვი­ლის "სადგურის უფროსი", 1947 – რუსთაველის თეატრი; პ. ჩაიკოვსკის "პიკის ქალი", 1947 – ზ. ფალია­შვი­ლის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვ.). მუშა­ობ­და აგრეთვე კინოს მხატვრად ("ჯიმ შვანთე", რეჟ. მ. კალატოზი­შვი­ლი, 1930; "დაკარგული სამოთხე", რეჟ. დ. რონდელი, 1936 და სხვ.). კ-ის მიერ შექმნილ დეკორაციებს ახასიათებს ფუნქციური მიზანშეწონილობა, დრამატურგიისა და დადგმის სტილის ერთიანობა. ამავე პერიოდში აქტიურად მუ­შა­ობ­და ფერწერისა და გრაფიკის განხრით. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერეთის პეიზაჟის თემას. XX ს. 30-იანი წლებიდან, შეძლებისდაგვარად სოციალ. რეალიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები ("რიონჰესი", 1934, "ყაზბეგი", "ფოთი - ელევატორი", – 1949, ყველა შ. ამირანა­შვი­ლის სახ. ხელოვნების მუზეუმი, "სვანეთი – მადნის დამუშავება", 1949, კერძო საკუთრება). სურათები კომპოზიციურად აგებულია მისთვის დამახასიათებელი სტილით, თუმცა ციხის ნანგრევებს ­ცვლის ახა­ლი ობიექტები და თემები – ელექტროსადგური, მშრომელთა დემონსტრაცია და სხვ. ("მიტინგი იმე­რეთ­ში", 1942, შ. ამირანა­შვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი). იმავე წლებში ­ქმნის თბილისისა და მისი შემოგარენის, აგრეთვე, სვანეთის პეიზაჟებს (ყველა – მხატვრის ოჯახის საკუთრება). 1928–48 კ. იყო თბილ. სა­ხელმწ. სამხატვრო აკადემიის პროფესორი, 1933–42 – პრორექტორი. 1948 მოსკოვის კომისიის დასკვნის საფუძველზე, როგორც ფორმალისტი, გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან. ამის შემდეგ იგი უშედეგოდ ეძებდა სამუშაოს. 1950 გამოიგონა სიბრტყითი გამოსახულებიდან მოცულობითის მიღების მეთოდი, რის გამოც შეიძლება ჩაითვალოს ჰოლოგრამის შე­ქმნის ერთ-ერთ წინამორბედად, თუმცა ამ მეთოდით სტალინის გამოსა­ხულების შე­ქმნის საშუალებაც კი არ მისცეს. განუწყვეტელი დევნით მორალურად და ფიზიკურად განადგურებული მხა­ტვა­რი გულის ინფარქტით გარდაიცვალა.

დ. კ ა კ ა ბ ა ძ ე. კომპოზიცია. 1923. კერძო საკუთრება.

კ. არის მოდერნიზმის ეპოქისა და ახ. ქართ. ხელოვნების ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. მის მიერ შექმნილი სურათები დიდი კომპოზიციური ოსტატობით, ფერადოვანი დახვეწილობითა და სიფაქიზით არის შესრულებული. რაციონალურობასთან ერთად მის ნამუშევრებში მჟღავნდება განსაკუთრებული პოეტურობა. კ-მ პირველმა შექმნა ქარ­თული ბუნების ამსახველი განმაზოგადებელი სურათი.

დიდი მხატვ­რუ­ლი ღირსებებით გამოირჩევა კ-ის მიერ ადრინდელ პერიოდში შექმნილი პორტრეტები. იგი არის თეატრისა და კინოს მხატვ­რობის ერთ-ერთი ფუძემდებელი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურა მოდერნიზმის ეპოქის ხელოვნებაში. მის შემოქმედებაში ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს კლასიკური და ავანგარდული საწყისები.

კ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თხზ.: Du Tableau Constructif, P., 1921; "პარიზი: 1920, 1921, 1922, 1923", პარიზი, 1924; ხელოვნება და სივრცე, პარიზი, 1926; თბ., 1983.

ლიტ.: კ ი ნ წ უ რ ა ­შ ვ ი ­ლ ი  ქ., ჯ ა ნ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  დ., დავით კაკაბაძე, თბ., 2013; მ ა რ გ ვ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  პ., დავით კაკაბაძის არქივიდან, თბ., 1988 (გამოც. მე-2, 2009); მ ე ძ მ ა რ ი ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ლ ე ბ ა ნ ი ძ ე  დ., დავით კაკაბაძე, თბ., 1999; რ ჩ ე უ ლ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ლ., დავით კაკაბაძე, თბ., 1966; მ ი ს ი ვ ე , დავით კაკაბაძე, თბ., 1983; Алибегашвили Г., Давид Какабадзе, Тб., 1958; Б е р и д з е  В., М е д з м а р и а ш в и л и  М., Л е б а н и д з е  Д., Давид Какабадзе, М., 1989; К и н ц у р а ш в и л и  К., Давид Какабадзе – классик XX века, СПб., 2002; K i n t s u r a s h v i l i  K., David Kakabadze: Georgian Modern Artist and Inventor, N.Y., 2013.

ვ. ბერიძე

ქ. კინწურა­შვი­ლი