დოლენჯაშვილი ანზორ მიხეილის ძე

ა. დოლენჯაშვილი

დოლენჯაშვილი ანზორ მიხეილის ძე (დ. 5. X. 1954, სოფ. კარდანახი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი), რეჟისორი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1988).

დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1975–76 იყო მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1977–78 – ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწ. თეატრის მსახიობი.

1981 დააარსა ი. ჭავჭავაძის სახ. ალიბეგლოს (საინგილო) ქართული სახალხო თეატრი. ამავე წლიდან იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. თეატრის საუკეთესო დადგმები: გ. ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი", ლ. ასათიანის „ბასიანის ბრძოლა", დ. აწყურელის „ბერბიჭები" (ინგილოურ დიალექტსა და აზერბ. ენაზე), ლ. უსტინოვის „პატარა მეარღნე", ა. გეწაძის „შუაზე გაყოფილი ცრემლი", ა. ჩხაიძის „თავისუფალი თემა", ბ. ლავრენიოვის „ორმოცდამეერთე", ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა", დ-ის „ალაზანს აქეთ ანუ მარტივი სიუჟეტები საინგილოს ცხოვრებიდან" (ისტ.- დოკუმენტური ქრონიკები და მასალები), ლ. თაბუკაშვილის „მაგრამ უფლება არ მიუცია", რ. გაბრიაძის „უცხო ჩიტი", უ. გიბსონის „ორნი საქანელაზე" (თარგმნა პ. ჭილაძემ), ბ. ბრეხტის „შიში და სიღატაკე მესამე იმპერიისა" (თარგმნა ლ. ბრეგაძემ), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება" და სხვ.; საკონცერტო პროგრამა: „ქართული სიმღერის საღამო", ლიტ. თეატრი „ჩვენი ილია" (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით).

დაჯილდოებულია ი. ჯავახიშვილის სახ. მედლით.