ებრალიძე რევაზ სიმონის ძე

 

ებრალიძე რევაზ სიმონის ძე (3. VIII. 1921, თბილისი, – 11. VIII. 1980, იქვე), დრამატურგი, კინოსცენარისტი. საქართვ. და აფხაზეთის ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1977). სწავლობდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (1940–42). 1945 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მუშაობდა უცხოეთთან კულტ. ურთიერთობის საქართვ. საზ-ბის კულტ. განყ-ბის მთ. რედაქტორად (1946–48), ვოლგა-დონის არხის მშენებლობის ერთ-ერთი მონაკვეთის მთავარ ინჟინრად (1950–57), კინოსტუდია „ქართული ფილმის" შემოქმედებით გაერთიანებაში (1971-იდან გარდაცვალებამდე). 1959-იდან იყო სსრკ-ისა და საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობების წევრი. ე-მ ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო როგორც თეატრ. დრამატურგმა. მისი პირველი კომედია „მეგობრები" დაიდგა თბილ. ვ. აბაშიძის სახ. მუს. კომედიის თეატრში (1950, თანაავტორი და რეჟ. – ლ. ჭუბაბრია). მისი პიესები დაიდგა თბილ. კ მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკად. თეატრში („ნანა", 1955, რეჟ. – თ. წეროძე), თელავის სახელმწ. თეატრში („ჩამოდით ჩვენთან", 1947, რეჟ. – ა. მაღლაკელიძე), თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკად. თეატრში (ლიტ.-დრამ. კომპოზიცია „ვეფხისტყაოსანი", 1966, რეჟ. – ა. ჩხარტიშვილი), თბილ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში („მე გაზაფხულზე მომკლეს", რეჟ. – ვ. ანდრონიკაშვილი) და სხვ. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად პიესას „თანამედროვე ტრაგედია", რ-იც 1960 დადგა რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრმა (რეჟ. – ა. ჩხარტიშვილი). 1961 ეს პიესა დაიდგა მოსკოვის სტანისლავსკის სახ. სახელმწიფო თეატრში (რეჟ. – მ. იანშინი), ხოლო 1974 სათაურით „გზა მზისკენ" – გერმანიაში, ქ. ზაარბრიუკენში (რეჟ. – ჰ. ვედეკინდი). ე. აქტიურად მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნ. და მულტიპლიკაციური ფილმები. მხატვრული ფილმებიდან აღსანიშნავია: „ამბავი ერთი ქალიშვილისა" (1959, რეჟ. მ. ჭიაურელი), „უდიპლომო სასიძო" (1961, რეჟ. ლ. ხოტივარი), „ქალაქი ადრე იღვიძებს" (1968, რეჟ. ს. დოლიძე); დოკუმენტური ფილმებიდან: „კოტე მარჯანიშვილი" (1962, რეჟ. ს. ჭელიძე), „ზაქარია ფალიაშვილი" (1971, რეჟ. ვ. ვალიშვილი); მულტიპლიკაციური ფილმებიდან: „მტრობა" (1956, რეჟ. ა. ხინთიბიძე), „წუნა და წრუწუნა" (1958, რეჟ. ა. ხინთიბიძე). ე-ის პიესები თარგმნილია რუს. ენაზე.

თხზ.: მოგზაურობა ზღაპარში, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, N6; Куда плывут облака, М., 1961; Современная трагедия, М, 1961.