კვირცხალია დავით აბესალომის ძე

დ. კვირცხალია 

კვირცხალია დავით აბესალომის ძე (დ. 8. V. 1950, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1990). 1971 დაამთავრა თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი, მ. თუმანიშვილის სახელოსნო; 1988 – კინოსარეჟისორო ფაკ-ტი ლ. ღოღობერიძის ხელმძღვანელობით.

1970-იდან არის რუსთაველის თეატრის მსახიობი. შეასრულა შემდეგი როლები: სალამურა (ა. სულაკაურის ,,სალამურა“); ერეკლე (ა. სუმბათაშვილის ,,ღალატი“); ზაზა, რომული (ნ. დუმბაძის ,,თეთრი ბაირაღები“; ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“); რომეო (უ. შექსპირის ,,რომეო და ჯულიეტა“); ჯვებე ქოლორდავა (შ. დადიანის ,,გუშინდელნი“); ლუციუსი, ბურგუნდიის მთავარი (უ. შექსპირის ,,იულიუს კეისარი“, „მეფე ლირი“) და სხვ.; მ. თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში – დიდრო (,,ნუ მიგვატოვებ მზეო“, ნ. დუმბაძის ნოველების მიხედვით); ბატონი დიმიტრი (თ. უაილდერის ,,ჩვენი პატარა ქალაქი“); მეტეხის თეატრში – პავკა (ნ. ოსტროვსკის ,,როგორ იწრთობოდა ფოლადი“). მონაწილეა სატელევიზიო დადგმებისა: ,,გზაჯვარედინზე“ (რეჟ. მ. თუმანიშვილი); ,,ეს არ უნდა მომხდარიყო“ (რეჟ. ზ. კაკაბაძე); ,,ხორუმი ქართული ცეკვაა“ (რეჟ. გ. კახაბრიშვილი); ,,ცოლ-ქმარი ბინას დაეძებს“ (რეჟ. ქ. დოლიძე). გადაღებულია ფილმებში: ,,ნატვრის ხე“ (რეჟ. თ. აბულაძე, 1976); ,,ყვარყვარე“ (რეჟ. დ. აბაშიძე, 1978); ,,ქორწინება იმერულად“ (რეჟ. ნ. წულაია, 1979); ,,მარტოხელა მონადირე“ (რეჟ.: ქ. დოლიძე, 1989) და სხვ. სატელევიზიო სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები“ ასრულებს გრიშა კაკაჩიას როლს. სარეჟისორო ნამუშევრები: 4-სერიანი მხატვრული ფილმი ,,ოქროს ობობა“ (1992, სცენარის ავტორები და რეჟისორები: დ. კვირცხალია, გ. ქავთარაძე, მ. ანთაძე); ,,ჩემი სახელი საიდან იცი?“ (ნ. დუმბაძის მოთხრობების „დედასა“ და „კორიდას“ მიხედვით). მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის ,,ერთხელ“ მიღებული აქვს ჯილდო კიევის ახალგაზრდულ საერთაშ. ფესტივალზე (1984).