გორგილაძე მალხაზ დიმიტრის ძე (4. IV. 1938, თბილისი, – 1. I. 1996, იქვე), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს დამს. არტისტი. 1960 დაამთავრა თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტი (დ. ალექსიძის კლასი). 1962–67 მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. აკადემიურ დრამ. თეატრში, სადაც შექმნა დასამახსოვრებელი სახეები: კლავდიო (უ. შექსპირის „აურზაური არაფრის გამო"), ჯიბო (ო. იოსელიანის „ცეცხლთან თამაში"), გიგი (გ. ხუხაშვილის „მთაწმინდის მთვარე"), ვლადიმერი (ვ. კოროსტილიოვის „მე მჯერა შენი"). 1967–75 მუშაობდა რუსთავის თეატრში.
საუკეთესო როლები: კრისტიანი (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი"), თავადი ოლენსკი (ვ. კოროსტილიოვის „ასის წლის შემდეგ"), მეფე (პ. კაკაბაძის „კახაბერის ხმალი"), ედგარი (უ. შექსპირის „მეფე ლირი"), ზაზა (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა"). 1975-იდან კვლავ კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. შეასრულა მთ. როლები: ვაჟა (ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი"), ვრონსკი (ლ. ტოლსტოის „ანა კარენინა"), მარჯანი (გ. რობაქიძის „გრაალის მცველნი") და სხვ. კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კუკა („ნინო"), ვაჟა („დღე პირველი, დღე უკანასკნელი"), ემზარი („ენგურის ნაპირებზე"), თავადი მიქელაძე („დათა თუთაშხია"). მონაწილეობდა აგრეთვე ფილმებში: „ჯილდო", „პიერი მილიციის თანამშრომელი", „წინაპართა მიწა", „ფესვები", „ფიროსმანი". გ-ს ჰქონდა მომხიბვლელი გარეგნობა, ლამაზი ტემბრის ხმა, სცენური კულტურა. მის მიერ შექმნილი სახეები გამოირჩეოდნენ უშუალობითა და სისადავით.