ბურდონული მრავალხმიანობა, მრავალხმიანობის სახეობა, რ-შიც ხმების მელოდიური განვითარება ემყარება ბურდონულ (გაბმულ) ბანს. ბ. მ-ის ნიმუშებს მეტ-ნაკლებად საქართვ. ყველა მუს. დიალექტში ვხვდებით. დას. საქართველოში ჭარბობს ბურდონის რეჩიტატიული სახე, აღმ-ში – წმინდა ბურდონი. ბ. მ-ის ცნობილი ნიმუშებია „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „ზამთარი“, „წინწყარო“ და სხვ. ბ. მ. საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს ხალხთა მუს. შემოქმედებაში. მას ვხვდებით ჩრდ. კავკასიაში, სამხრ. ევროპაში (ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე და კ-ებზე, განსაკუთრებით ბალკ. მთიან რეგიონებში), ბალტიისპირეთში (უფრო ლატვიაში) და სხვ. ზოგ შემთხვევაში მუს. ქსოვილში შეიძლება იყოს ორი (იშვიათად მეტი) ბურდონი. ბ. მ. ფართოდაა გავრცელებული საკრავიერ მუსიკაშიც. საქართველოში ამის მაგალითია გუდასტვირზე შესრულებული ნაწარმოებები. ბ. მ. საკრავიერ მუსიკაში (ჩასაბერი და ხემიანი საკრავები) გვხვდება ევრ., ჩრდ. აფრიკის, წინა და შუა აზიის ხალხების მუს. შემოქმედებაში. პროფ. მუსიკაში ბ. მ-ისა და ბურდონის ცნება ძირითადად შეცვალა საორგანო პუნქტმა.
ს. ჟორდანია