მელქისედეკი, პირველი "პროვინციის მეფე" 1311-20, დავით VIII-ის შვილი. ჯვრის მონასტრის აღაპში მოხსენიებულია "მეფეთ-მეფედ", ხოლო სინას მთის სულთა მატიანეში - "მეფედ". ჰოვჰანავანქის მონასტრის ეგვტერის წარწერაშიც მ. "მეფეა" და შემკობილია "დიდის" ტიტულით. ამავე წარწერის თანახმად, მას ჰყოლია მეუღლე თამარი და შვილი გიორგი. მ. ძმასთან, ანდრონიკესთან ერთად ამტკიცებს დავით VIII-ის მიერ გაცემულ სიგელს (1297). მ-ის "მეფობას" ადასტურებს ე. თაყაიშვილის მიერ გამოცემული ერთი ქრონიკაც: "პ"ლნი (პირველნი) მეფენი ესენი არიან. ამათ უკან მელქისედეგ დაჯდა". მ. ჯავახეთში ფლობდა ალასტანსა (იხ. აგრეთვე სტ. ალასტანელები) და მის მიმდებარე ტერიტორიას, აგრეთვე ყოფილი ახალქალაქის საერისთავთ-ერისთავოს მიწების ნაწილს. მ-ის სამფლობელოშივე შემოდიოდა სამხრ. ქართლის ტერიტ., რ-იც ლორესაც მოიცავდა.
ლიტ.: ნინიძე დ., სოფელ ალასტანის ისტორიიდან, "მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის", ნაწ. 3, თბ., 1987; მისივე, პროვინციის მეფეები XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.