მეთუნეობა

მეთუნეობა, გამომწვარი თიხისაგან საგნების დამზადება. კერამიკის წარმოება ნეოლითის ხანაში დაიწყო და კაცობრიობის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენდა, რამაც შესაძლებელი გახადა საკვების ცეცხლზე მომზადება. თიხის ჭურჭელი წინა აზიის ნეოლითურ ფენებშია ნაპოვნი (ძვ. წ. VII ათასწლ.), საიდანაც ბალკანეთის ნ. კ-ის გავლით აფრიკის ნაწილსა და ევროპაში გავრცელდა. აღმ. აზიაში (ჩინეთი, იაპონია) თიხის ჭურჭლის წარმოების წესს დამოუკიდებლად მიაგნეს. პრიმიტიული მ. ოჯახური საქმე იყო. ჭურჭლის დამზადების ყველაზე ადრეული ხერხი იყო დაწნული კალათების თიხით შელესვა და შემდეგ გამოწვა. ჭურჭლის დამზადების ძვ. პრიმიტ. მეთოდებია: თიხის მასიდან გარკვეული ფორმის "ამოფხეკა", ცალკეული ფირფიტებისაგან ძერწვა, ლილვაკების სპირალურად დახვევა. პირველი მეთუნეები ძვ. წ. VI ათასწლ. დასასრულს ძვ. შუმერში გაჩნდნენ. სამეთუნეო ნაწარმი ფორმისა და დანიშნულების მიხედვით ადგილ. მოსახლეობის ყოფასა და კულტურას გამოხატავდა. ჭურჭელს ამკობდნენ მოხატვით, რელიეფური ორნამენტით, გაპრიალებითა და ჭიქურით. მ-ის განვითარებაში რევ. მნიშვნელობა ჰქონდა სამეთუნეო ჩარხის გამოგონებას (შუმერი, ეგვიპტე, ძვ. წ. IV ათასწლ. დასასრ.), რ-იც ბრუნვითი მოძრაობის მქონე მექანიზმთა პიონერად მიიჩნევა. მან მ. "პირველ მექანიზირებულ" დარგად აქცია და მისი მწარმოებლობა და ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. სამეთუნეო ჩარხი კოსმოგონიურ მითებშიც აისახა. ეგვიპტური მითოლოგიით, ღმერთმა მთელი სამყარო და პირველი ადამიანები სამეთუნეო ჩარხზე შექმნა. ჩარხის გამოსახულებები ეგვ. ფრესკებზეცაა შემონახული. მ-ის განვითარების მაღალ საფეხურს სამეთუნეო ქურის გამოყენება განეკუთვნება. ძვ. აღმ. ქვეყნებში (შუამდინარეთი, ეგვიპტე) ქურა დაახლ. ძვ. წ. III ათასწლ. გაჩნდა. არსებობდა ერთ-, ორ- და სამიარუსიანი ღია და დახურული ტიპის ქურები. გამოწვა ხდებოდა საწვავის შედეგად გამოყოფილი ცხელი გაზების საშუალებით 700-9000Cº ტემპ-რაზე. გამოწვა იყო ჟანგვითი (ამ დროს მიიღებოდა წითელკეციანი კერამიკა) და აღდგენითი (ჟანგბადის სიმცირის გამო წითელი თიხისაგან მიიღებოდა რუხი კერამიკა). პირველი გამომწვარი აგურიც შუმერში გამოიყენეს.

საქართველოში კერამიკის ისტორია უხსოვარ დროში იღებს სათავეს. არქეოლ. გათხრების შედეგად მტკიცდება, რომ ნეოლითის ხანიდან დაწყებული ძვ. სამოსახლოების კულტ. ფენებსა და სამაროვნებში ჭარბობს კერამიკული ნაწარმი, რ-იც ყველა ისტ. დროში მოხმარების უმთავრესი საგანია. მორფოლოგიური და ტექნოლ. ევოლუციის ნიშნები საქართვ. სხვადასხვა არქეოლ. კულტურებში მოწმობს გარკვეული სამეთუნეო სკოლების, მათი მემკვიდრეობისა და ტრადიციების მონაცვლეობას ხანგრძლივ ისტორიულ პროცესში.

თავდაპირველად ქალის მიერ ხელით ნაძერწი თიხის ჭურჭელი ღია ცეცხლზე იწვებოდა, შემდეგ გაჩნდა სამეთუნეო იარაღი - მორგვი. ჩარხის გაჩენამ საკმაოდ შეამსუბუქა ხელოსნის შრომა, კერამიკული წარმოება ქალიდან მამაკაცის ხელში გადავიდა. შუა ბრინჯაოს (II ათასწლ. შუა ხანები) თრიალეთური კერამიკა უკვე ჩვეულებრივ ჩარხზეა ნაკეთები. ტექნიკის განვითარებას თან ახლდა ნამუშევრების მხატვრულად გაფორმება, რაზეც გარკვეული გავლენა იქონია დაგროვებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ. უკვე ძვ. წ. დასასრულისთვის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მევენახეობა-მეღვინეობასთან, მემინდვრეობასთან, მესაქონლეობასა და მშენებლობასთან დაკავშირებული სამეთუნეო დარგები, რ-თა განვითარების უწყვეტობა ქართულმა ხალხურმა კერამიკულმა წარმოებამ დღევანდლამდე მოიტანა.

კერამიკული ცენტრების აღმოცენება არა მარტო არსებული შესაფერისი თიხის საბადოებით, არამედ შემოსავლის ახალი წყაროს ძიებითაც განისაზღვრებოდა. წარმოების ცნობილი კერების შემოწმებით დასტურდება, რომ ამ სოფლებში მოსახლეობას ვარგისი მიწის უმნიშვნელო ფართობი ჰქონდა, რის გამოც მიწათმოქმედება საჭირო შემოსავლის მხოლოდ ნაწილს იძლეოდა. ამ გარემოებამ კი კერამიკული წარმოება საქართვ. ზოგიერთ სოფელში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საარსებო წყაროდ გადააქცია.

ქართული მ-ის ძირითადი სახეობებია წყლის, პურეულისა და სამზარეულოს, ასევე რძის პროდუქტებსა და მევენახეობასთან დაკავშირებული ჭურჭელი; სამშენებლო კერამიკა და სპეციალური დანიშნულების საგნები. თიხის ჭურჭლის დამზადებისა და მისი შემკულობის მიხედვით მასალის კლასიფიკაცია შემდგენაირად ჯგუფდება: 1. წითელი ჭურჭელი; 2. მოწერნაქებული ჭურჭელი; 3. მოჭიქული ჭურჭელი; 4. ზეთის საღებავით მოხატული ჭურჭელი.

ლიტ.: ბოჭორიშვილი ლ., კერამიკული წარმოება საქართველოში, თბ., 1995; თოდუა რ., კერამიკული წარმოების ხალხური ტექნიკის საკითხები: სამეთუნეო ჩარხი დასავლეთ საქართველოში, "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის", 1975, ტ. 18; ლომთათიძე გ., საქართველოს მოსახლეობის კულტურა და ყოფა I-XIII სს., თბ., 1977; ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV_VII სს.) თბ., 1973.

ე. გოგაძე

მ. ზანდუკელი